Facebook Twitter

საქმე №ა-3295-შ-85-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ს.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ს.-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს.-ასა და ტ. ს.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

მ. ს.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 3 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ მ. ს.-ა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. ს.-ას შუამდგომლობა შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ს.-ას შუამდგომლობა შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს.-ასა და ტ. ს.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 3 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ მ. ს.-ა საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს.-ას შუამდგომლობა შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შვედეთის ოსტერსუნდის სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ს.-ასა და ტ. ს.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე