Facebook Twitter

საქმე №ას-1047-967-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ჩ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.-“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „G.--მ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჩ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე 2014 წლის 31 იანვრიდან უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ უძრავ ნივთს და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.

7. 2017 წლის 7 აპრილს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.

8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

9. 2017 წლის 10 მაისს აპელანტმა კვლავ იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით.

11. 2017 წლის 6 ივნისს აპელანტმა ისევ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით გაიზიარა და მხარეს საპროცესო ვადა კვლავ 10 დღით გაუგრძალა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

12. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2017 წლის 22 ივნისს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას, რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისთვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოიყენება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

14. 2017 წლის 4 ივლისს (ფოსტას – 2017 წლის 3 ივლისს) სასამართლოს განცხადებით კვლავ მიმართა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

17. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სააპელაციო საჩივრის დაზუსტებისთვის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა და არც თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება წარადგინა.

18. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ რამდენჯერმე მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რადგან, მის ოჯახში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდა დრო ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის მიუხედავად, მხარემ ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.

25. ზემოაღნიშნული საპროცესო ვადა აპელანტის მოთხოვნით არაერთხელ გაგრძელდა.

26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებები აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მხარეს ნათლად განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, იგი ყოველ ჯერზე მიმართავდა სასამართლოს შუამდგომლობებით, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა მითითებული გარემოების სარწმუნოდ დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შუამდგომლობისთვის არ დაურთია.

27. ასევე, აღსანიშნავია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილშიც, რის საპატიო მიზეზზეც არ მიუთითებია.

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სრულიად გონივრული ვადა დაუდგინა ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არასაპატიო მიზეზით არ განახორციელა.

29. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

30. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. კერძო საჩივრის ავტორმა კი, ასეთი გარემოების არსებობა ვერ დაადასტურა.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს საკმარისზე მეტი ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, რითაც მხარემ რაციონალურად ვერ ისარგებლა.

32. ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის აპელირება, რომ მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვინაიდან აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის მხარეს დაევალა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების შესრულება, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვისათვის სავალდებულო წინაპირობები არ დაიცვა და არსებული ხარვეზი არ გამოასწორა.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე