Facebook Twitter

საქმე №ას-1070-990-2017 14 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. ყ.-ი, მ. ქ.-ი, თ. ი.-ე, თ. ი.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. მ.-ე, დ. მ.-ე, ვ. მ.-ე, მ. მ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა, ჭიშკრის დემონტაჟი და სამეზობლო მიჯნის აღმართვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ყ.-ის, თ. ი.-ის, თ. ი.-ისა და თ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. მ.-ის, დ. მ.-ის, ვ. მ.-ისა და მ. მ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. ყ.-ს, თ. ი.-ეს, თ. ი.-ეს, თ. ფ.-ს აეკრძალათ ქ.-ში რ.- ქ. .. ჩ.-ის №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდით ...) სარგებლობის ხელშეშლა ა. მ.-ის, დ. მ.-ის, ვ. მ.-ის და მ. მ.-ის მიმართ. ზ. ყ.-ს, თ. ი.-ეს, თ. ი.-ესა და თ. ფ.-ს დაევალათ ა. მ.-ის, დ. მ.-ის, ვ. მ.-ის და მ. მ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) ჭიშკრის დემონტაჟი. აღიმართა სამეზობლო მიჯნა საჯარო რეესტრის ჩანაწერებით მხარეთა შორის არსებულ საზღვარზე, რასაც განახორციელებენ მოსარჩელეები. გაუქმდა ქ.-ში რ.- ქ. №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ...) .. კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ყ.-მა, მ. ქ.-მა, თ. ი.-ემ, თ. ი.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. ყ.-ის, მ. ქ.-ის, თ. ი.-ისა და თ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ყ.-მა, მ. ქ.-მა, თ. ი.-ემ, თ. ი.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ყ.-ის, მ. ქ.-ის, თ. ი.-ისა და თ. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2017 წლის 13 ნოემბერს მ. ყ.-მა, მ. ქ.-მა, თ. ი.-ემ, თ. ი.-ემ განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მ. ყ.-ის, მ. ქ.-ის, თ. ი.-ისა და თ. ი.-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა საკასაციო საჩივარზე უარი თქვეს მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე, 273-ე მუხლებით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ყ.-ის, მ. ქ.-ის, თ. ი.-ისა და თ. ი.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. მ. ყ.-ის, მ. ქ.-ის, თ. ი.-ისა და თ. ი.-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

3. მ. ყ.-ს (პ/ნ №...), მ. ქ.-ს (პ/ნ ...), თ. ი.-ესა (პ/ნ ...) და თ. ი.-ეს (პ/ნ №...) დაუბრუნდეთ ზ. ყ.-ის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური