საქმე №ას-1085-1005-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. მ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მშენებლობის შეჩერების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან ცხოვრობს მრავალბინიან სახლში. მოპასუხე დედასთან ერთად ცხოვრობს ამავე კორპუსის პირველ სართულზე. ისინი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
3. დაახლოებით 4-5 წლის წინ მოპასუხემ დაიწყო თავის კუთვნილ ბინაზე აივნის მიშენება. აღნიშნული ნაკვეთი საერთო საკუთრებაშია. მოცემული მშენებლობა ხელს უშლის როგორც მოსარჩელეს, ასევე, სხვა მესაკუთრეებსაც.
4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უშუალო ზემოქმედებას აღნიშნული ნაგებობა ახდენს მასზე. მოპასუხე გეგმავს მის დახურვას თუნუქით, რაც გამოიწვევს წვიმის ხმაურს, არეკლილ მზის სხივებსა და სიცხეს. მოსარჩელეს შესაძლებლობა არ ექნება, დანიშნულებისამებრ გამოიყენოს სივრცე. მიუხედავად მისი მრავალჯერადი მოთხოვნისა, მოპასუხემ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და განაგრძო უპროექტო მშენებლობა. საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებულია მიწისძვრისგან. მოპასუხე კი მშენებლობას აწარმოებს სრულიად უნებართვოდ.
მოპასუხის პოზიცია:
5. ნ. ხ.-მა (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ხშირად ავიწროებს მას.
6. მხარის მითითებით, მას ესაჭიროება გაფართოება. მოსარჩელის გარდა, არცერთი სხვა მეზობელი არ არის მიშენების წინააღმდეგი. ამასთან, სადავო მშენებლობა დაიწყო არქიტექტორთან სიტყვიერი შეთანხმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ცხოვრობენ მრავალბინიან სახლში, არიან მეზობლები, კერძოდ, მოპასუხე ცხოვრობს პირველ, ხოლო მოსარჩელე – მეორე სართულზე.
10. მოპასუხე თავის საცხოვრებელ ბინაზე ახორციელებს აივნის მიშენების სამუშაოებს.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი შეეხება ხელშეშლის აღკვეთას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის საკუთრებიდან სამომავლოდ, სავარაუდოდ მომდინარე ზემოქმედებით (მიშენების სამუშაოს დასრულებისა და ამ ნაგებობის თუნუქით გადახურვის შემდგომ) მას შეეზღუდება თავისი საკუთრებით სარგებლობა, რადგან მოპასუხე მიშენებას გადახურავს თუნუქის სახურავით, რომელიც კლიმატურად აღუკვეთავს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, ხელს შეუშლის წვიმის ხმაური, მზის სხივების ანარეკლი და ა.შ.
12. ამდენად, სარჩელით სადავოდაა გამხდარი მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობა თუნუქის სახურავით გადახურვის შემთხვევაში მომდინარე ზემოქმედება. აღნიშნული ზემოქმედება იქნება არსებითი ხასიათის, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, საკუთრების უფლების დაუშვებელ და უკანონო ხელყოფას გამოიწვევს. პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.
13. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის მოპასუხის საკუთრებაზე განსახორციელებელი მიშენებიდან სამომავლოდ, სავარაუდოდ მომდინარე ხელშეშლის ფაქტის დადგენა. ამ ფაქტის არსებობის დასადგენად შესაბამისი გარემოებების მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა, რაც მოსარჩელეს სათანადოდ არ განუხორციელებია. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შენობის მშენებლობის პროექტისა და ნებართვის არქონას.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ის გარემოება, დაცულია თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის მიმართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას სამშენებლო წესების შესახებ არსებული მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნები, არ წარმოადგენს სამოქალაქო წესით, სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, დავის ფარგლებში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას.
15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მშენებლობის პროექტის დამტკიცება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მართლზომიერების შემოწმება წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებს.
16. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა და დამტკიცა მოპასუხის მხრიდან თავისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე-172-ე, 176-ე, 174-ე, 179-ე მუხლებით, ასევე 175-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რომ სამოქალაქო მატერიალურ და საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტის გათავლისწინებით მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც მარტოოდენ იმას კი არ აღწერდა ფაქტობრივად, რომ მეზობელი ნაკვეთიდან სამომავლოდ იქნება მომდინარე მისი ინტერესების გაუმართლებელი ხელყოფა ხმაურის, სითბოს და სხვა ზემოქმედებათა სახით, არამედ სათანადო მტკიცებულებით დაადასტურებდა იმას, რომ ეს ზემოქმედებანი იმდენად არსებითია, რომ არ შეიძლება მათი თმენა.
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ ერთ განჩინებაში განმარტა (საქმე №ას-413-396-2016): საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობის მოფრთხილება სჭირდება.
19. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას სწორედ თმენის ვალდებულებას ეთმობა. თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებებს, ეს მეზობელმა უნდა ითმინოს. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იმავე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით, ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებით, რომელიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ, ჩვეულებრივ საქმიანობად მიიჩნევა.
20. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სსკ-ის 129-131-ე, 170, 172-ე და 312-ე მუხლები და საჩხერის მუნიციპალიტეტის წერილი. მოპასუხეს არაერთხელ განემარტა, რომ სადავო მშენებლობის უსაფრთხოებისა და სხვა სამშენებლო ნორმების საკითხი უნდა შეთანხმებულიყო ადგილობრივ თვითმმართველობასთან და თანამესაკუთრეებთან.
23. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ გამოუყენებია სსკ-ის 170-ე მუხლი და 172-ე მუხლის მესამე ნაწილი.
24. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის შუამდგომლობა, რომ მოპასუხე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული წესით.
25. კასატორმა ჩათვალა, რომ საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, დანარჩენი კი, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს თავად უნდა გამოეთხოვა.
26. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 174-ე მუხლით, თუმცა მხედველობაში არ მიიღო, რომ აღნიშნული ნორმა ორივე მხარეს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს (სუსგ საქმე №ას-413-396-2016).
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა მოეწოდებინა მხარეებისათვის მორიგებისაკენ, რის სანაცვლოდ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
28. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებანი“.
29. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა მოცემული საქმე ერთპიროვნული მოსამართლის მიერ, კანონით დადგენილი კოლეგიური შემადგენლობის ნაცვლად.
30. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლები.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ცხოვრობენ მრავალბინიან სახლში, არიან მეზობლები, კერძოდ, მოპასუხე ცხოვრობს პირველ, ხოლო მოსარჩელე – მეორე სართულზე.
34. მოპასუხე თავის საცხოვრებელ ბინაზე ახორციელებს აივნის მიშენების სამუშაოებს.
35. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი შეეხება ხელშეშლის აღკვეთას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის საკუთრებიდან სამომავლოდ, სავარაუდოდ მომდინარე ზემოქმედებით (მიშენების სამუშაოს დასრულებისა და ამ ნაგებობის თუნუქით გადახურვის შემდგომ) მას შეეზღუდება თავისი საკუთრებით სარგებლობა, რადგან მოპასუხე მიშენებას გადახურავს თუნუქის სახურავით, რომელიც კლიმატურად აღუკვეთავს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, ხელს შეუშლის წვიმის ხმაური, მზის სხივების ანარეკლი და ა.შ.
36. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, სამეზობლო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მიერ მისი საკუთრებით სარგებლობაში არსებითი ხასიათის ხელშეშლის ფაქტი.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი და უკანონოდ განიხილა საქმე ერთპიროვნულად, კოლეგიური შემადგენლობის ნაცვლად.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა გამოსაკვლევი საგანი და სადავო გარემოების – მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მშენებლობის შედეგად მოსარჩელის საკუთრების სარგებლობაში არსებითი ხასიათის ხელშეშლის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს მართებულად დააკისრა.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
43. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.
44. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო მშენებლობის დასრულების შედეგად წარმოქმნილი ვითარება გაუმართლებლად შეზღუდავს მისი საკუთრებით სარგებლობას და გამოიწვევს არსებითი მნიშვნელობის ხელშეშლას, რომლის თმენის მოვალეობა სცდება სამეზობლო-სამართლებრივი ურთიერთობით დასაშვებ ფარგლებს.
45. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ნორმათა სწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად.
46. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ საკასაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 172-ე მუხლის მესამე ნაწილით, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მითითებული ნაწილი ამოღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან 2015 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონით №4625-ვებგვერდი, 29.12.2015.
47. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოცემული საქმე არასწორად იქნა განხილული სააპელაციო პალატის ერთპიროვნული შემადგენლობის მიერ, ვინაიდან სსსკ-ის 25-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.
48. მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, რაც ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად ქონებრივ-სამართლებრივ დავათა რიგს განეკუთვნება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მითითების დავის საგანი განისაზღვრება 4000 ლარით, შესაბამისად, არ აღემატება სსსკ-ის 25-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (10 000 ლარს). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო, ერთპიროვნულად განეხილა წინამდებარე საქმე.
49. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაზე განსახორციელებელი მიშენებიდან სამომავლოდ, სავარაუდოდ მომდინარე ხელშეშლის ფაქტის დადგენა. ამ ფაქტის არსებობის დასადგენად შესაბამისი გარემოებების მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა, რაც მოსარჩელეს სათანადოდ არ განუხორციელებია. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შენობის მშენებლობის პროექტისა და ნებართვის არქონას.
50. სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ, სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, დავაში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას არ წარმოადგენს და სამოქალაქო წესით განსახილველი არ არის ის გარემოება, დაცულია თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის მიმართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას სამშენებლო წესების შესახებ არსებული მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნები.
51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 30%-ის – 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. მ.-ს (პირადი №38001000003) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 90 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი