საქმე №ას-1091-1011-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.-მა“ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზაზა მაღრაძის (მსესხებელი მოპასუხე) თ. კ.-ისა (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და მაია ხუციშვილის (შემდგომში – სოლიდარული მოვალე) მიმართ სოლიდარულად 276.000.40 აშშ დოლარის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საბანკო დაწესებულებასა (რომლის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე) და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული მოვალეების ვალდებულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხისა და მსესხებელი მოპასუხის კუთვნილი ქონება.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 276.000.40 აშშ დოლარის გადახდა, თანხის ამოსაღებად დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავდროულად, აპელანტმა იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 375-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად ჩათვალა, რომ სასესხო ურთიერთობის მხარები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების პირობაზე.
9. სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
10. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მითითებული ნორმის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით 11 ნაწილით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც კანონი უპირობოდ ადგენს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ანუ არ ვრცელდება არავითარი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მხარეს შეიძლება უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
11. სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შუამდგომლობით შეაჩეროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ორივე მხარის უფლებათა დაცვით, მათ ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფით. სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს აღსრულების გაუქმებით, შეჩერებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, მაგალითად – აღსრულების დროებით შეჩერებით. ამდენად, მხარე, რომელიც მოითხოვს აღსრულების შეჩერებას, ვალდებულია მიუთითოს, თუ რას სთავაზობს სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია, განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.
14. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-5 მუხლით, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, სსსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლი ითვალისწინებს ასევე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებსაც და აღსრულების შეჩერების, აღსრულების ღონისძიების გაუქმების, აგრეთვე, აღსრულების გაგრძელების შესაძლებლობას შუამდგომლობის ავტორის მხრიდან შესაბამისი გარანტიების წარმოდგენას უკავშირებს.
16. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი აღსრულების შეჩერების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონებას გამოუჩნდება მესაკუთრე და მოპასუხეები უსაფუძვლოდ, უკანონოდ დაკარგავენ საცხოვრებელ ბინებსა და უძრავ ქონებებს. შუმდგომლობის ავტორი აღსრულების შეჩერების საფუძვლად ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება და გადაწყვეტილების აღსრულება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აზრს დაუკარგავს იმ შემთხვევაშიც, თუ აპელანტის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია, მისი ავტორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შეიძლება, მიზანშეწონილად მიიჩნიოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეიცავს მითითებას უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რას სთავაზობს მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება განიცადოს.
18. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებისა და აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მაქსიმალურად ზუსტად უნდა განესაზღვრა ის რისკები, რომლებიც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაუკმაყოფილებლობას შეიძლებოდა, მოჰყოლოდა.
21. მხარემ მიუთითა სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 57-ე მუხლის შაბლონურ განმარტებაზე და ჩათვალა, რომ სამართლის განვითარების კუთხით მიზანშეწონილია, სასამართლომ თავი შეიკავოს ამგვარი ტიპის განმარტებებისაგან და შეეცადოს, ახლებურად განმარტოს კანონი, რადგან ნორმის განმარტებები, რომლებიც დიდი ხნის წინაა განხორციელებული, ხშირად არარელევანტურია დავის გადასაწყვეტად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარებში ასახული მუხლის განმარტება, რომელიც გვხვდება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-4265-ბ-15-2015 საქმეში.
22. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოცემული დავის ფარგლებში, რამდენად არის სავარაუდო მოსარჩელის ინტერესების არაკანონიერი შეზღუდვა და დაედგინა ის შესაძლო ზარალი, რაც მოპასუხე მხარემ შეიძლება განიცადოს. მოსარჩელის შესაძლო ზარალზე საუბარი მიზანშეწონილი იქნებოდა მაშინ, თუ სარჩელი დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
23. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება გამოიწვევს იპოთეკით დატვირთული ქონების, მათ შორის აპელანტის საცხოვრებელი სახლის, გასხვისებას იძულებით აუქციონზე. ქონებას ეყოლება კეთილსინდისიერი შემძენი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში უძრავი ნივთის დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. აპელატისთვის კი მისი საცხოვრებელი ბინა უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე მისი მატერიალური ეკვივალენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებისა და აღსრულების ღონისძიების გაუქმების შესახებ აპელანტის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერება.
26. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი, რომლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
27. მოცემული საკანონმდებლო დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე უპირობოდ განამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაზე ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების პირობები არ ვრცელდება.
28. სსსკ-ის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
29. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია: 1. გარკვეული ვადით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება; 2. გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. გააგრძელოს აღსრულება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
30. აღნიშნული ნორმის მიზანია, სსსკ-ის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალიზების მეშვეობით, სასამართლომ გაითვალისწინოს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს აღსრულების გაუქმებით ან შეჩერებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
32. სსს-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
33. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომელიც შესაძლოა ზარალის მომტანი გახდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის, ვალდებულია, შუამდგომლობა დააფუძნოს ამგვარი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიას.
34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველი შუამდგომლობის ავტორის მოვალება იყო, შეეთავაზებინა ზემოაღნიშნული სახის გარანტია სასამართლოსათვის. ამგვარი მოვალეობა არ იყო დამოკიდებული სასამართლოს მოთხოვნაზე, როგორც ამას მხარე მიიჩნევს, რადგან აპელანტი თავად უნდა ყოფილიყო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის საშუალების შეთავაზების ინიციატორი.
35. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 57-ე და 375-ე მუხლებით დადგენილი შეღავათის მიღების წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, ვერ მოახდინა კანონმდებლის მიერ მასზე დაკისრებული საპროცესო მოვალეობის რეალიზება, რომელიც მიზნად ისახავდა აღსრულების შეჩერებით მოსარჩელისათვის მიყენებული შესაძლო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენას. აღნიშნულ მოვალეობას ვერ გააქარწყლებს მხარის არგუმენტები საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შემდეგ მისი დაბრუნების შეუძლებლობის ან სასამართლოს მიერ ნორმის განმარტების ახლებური გზების მოძიების შესახებ.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის ამა თუ იმ დანაწესის განმარტებისას სასამართლო უფლებამოსილია, გაიზიაროს როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული დოქტრინალური მოსაზრებები, ისე სხვა დავის განხილვისას სასამართლოს მიერ იმავე ნორმის განმარტებანი. სწორედ ამგვარად ყალიბდება ერთიანი, სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რაც საბოლოოდ სამოქალაქო დავების სწორად გადაწყვეტის ოპტიმალურ გზას წარმოადგენს.
37. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილდა.
38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე