საქმე №ას-1132-1052-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ჩ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების – 11 400,47 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მიღებული კრედიტის სანაცვლოდ, შეთანხმებული გრაფიკით გადაეხადა თანხა. მითითებული გრაფიკი არაერთხელ დაირღვა და საბოლოოდ მოპასუხემ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა.
მოპასუხის პოზიცია:
3. ქ. ჩ.-ემ (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის ნაწილში ცნო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოითხოვა მისი გადახდისაგან გათავისუფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7379.40 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის – 295 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (შესრულებული Word-ის ფაილში CD დისკის სახით) წარდგენა.
7. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
8. 2017 წლის 1 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება 5 დღის ვადით.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 11 ივნისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
10. 2017 წლის 21 ივნისს, შუამდგომლობის წარდგენის ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2017 წლის 5 ივლისამდე, რადგან აპელანტს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ამ ეტაპზე თანხას ვერ იხდის, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის შემდეგ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2017 წლის 5 ივლისამდე და კვლავაც განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
12. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს. აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2017 წლის 5 ივლისის 24 :00 საათამდე, თუმცა მითითებულ პერიოდში არ შეუვსია.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის – 295 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (შესრულებული Word-ის ფაილში CD დისკის სახით) წარდგენა.
21. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
22. 2017 წლის 1 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება 5 დღის ვადით.
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 11 ივნისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
24. 2017 წლის 21 ივნისს, შუამდგომლობის წარდგენის ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2017 წლის 5 ივლისამდე, რადგან აპელანტს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ამ ეტაპზე თანხას ვერ იხდის, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის შემდეგ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2017 წლის 5 ივლისამდე და კვლავაც განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
26. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და არც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც აპელანტის წარმომადგენელს (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში 130-132 გვერდებზე წარდგენილი მინდობილობით) პირადად ჩაბარდა 2017 წლის 23 ივნისს.
27. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
28. ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2017 წლის 5 ივლისის 24:00 საათამდე, თუმცა მითითებულ პერიოდში მას არც ხარვეზის შევსების მიზნით და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით ხარვეზი არ შეუვსია.
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეგრძელებინა მისთვის ხარვეზის შევსების ვადა, რადგან მხარეს სრულიად გონივრული ვადა მიეცა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად და აღნიშნული ვადა მისი თხოვნით არაერთხელ გაუგრძელდა.
30. ასევე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
32. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების უტყუარ წინაპირობაზე მხარეს არ მიუთითებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.
34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე