Facebook Twitter

საქმე №ას-1272-1192-2017 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 14 ივნისს შპს „ნ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – მ. ხ.-ის, ზ. ხ.-ას, ზ. ხ.-ასა და მ. ხ.-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ნ.-ის“ სარჩელი მოპასუხეების – ზ. ხ.-ას, ზ. ხ.-ისა და მ. ხ.-ის მ. ხ.-ის, მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეების – ზ. ხ.-ას (პ/ნ ...), ზ. ხ.-ას (პ/ნ ...), მ. ხ.-ას (პ/ნ ...) და მ. ხ.-ის (პ/ნ ...) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა გ.-ში, ს.-ში, სოფელ მ.-ში შპს ,,ნ.-ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ნაკვეთი .., დაზუსტებული ფართი: ..კვ.მ., საკადასტრო კოდი: ... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ხ.-ის საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2017 წლის 8 ნოემბერს მ. ხ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2017 წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა მ. ხ.-ის ოჯახის წევრს – მეუღლე რ. ო.-ას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 ნოემბერს, ვინაიდან 4-5 ნოემბერი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 7 ნოემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.29-31), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნვს, რომ მ. ხ.-ის განცხადება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად და კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ.-ის განცხადება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დარჩეს განუხიველად.

2. მ. ხ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი