Facebook Twitter

საქმე №ას-136-128-2017 24 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ზიანის მიმყენებელი) მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამზღვევისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული, მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხის (ზიანი) _ 5 711,94 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირს, შესაბამისად, უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი სუბიექტის ვინაობა და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე რამდენიმე პირის ბრალეულობიდან გამომდინარე, განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ოდენობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზიანის მიმყენებელს მზღვეველის სასარგებლოდ დაეკისრა 3 924,59 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მზღვეველმა მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ზიანის მიმყენებელმა _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მხარეს დარღვეული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რაც არასწორია, რადგანაც კანონი მხარეს უფლებას აძლევს სააპელაციო საჩივარი წარადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. მოპასუხე 30-დღიანი ვადის დაცვით ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის თანამშემწეს, თუმცა, იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად, მას იგი არ ჩაბარებია, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან საპროცესო ვადის დაცვით იქნა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, პირადად ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი;

1.2.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ მხარეებს ამომწურავად განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა და მისი გასაჩივრების წესი;

1.2.3. რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მხრიდან მოტივირებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება;

1.2.4. ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 15 ნოემბერს მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ იგი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 29 ნოემბერს;

1.2.6. უდავოა ის გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2016 წლის 19 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე _ 2016 წლის 29 ოქტომბერი.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

1.5. უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზიანის მიმყენებლის მტკიცებას, რომ საპროცესო ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა. როგორც თავად კერძო საჩივარშია განმარტებული, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ შეძლო მიუხედავად არაერთი მცდელობისა, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევას დაადასტურებდა, საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც პალატა მიიჩნევდა, რომ მხარე მართლაც ცხადდეობოდა სასამართლოში, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან უნდა დაწყებულიყო, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ხელწერილი, დათარიღებული 2016 წლის 15 ნოემბრით და ამ ხელწერილით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ამავე დღეს ჩაიბარა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შესწავლით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და ამ გზით ყალიბდება სასამართლოს შინაგანი რწმენა. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ საქალაქო სასამართლოს არ დაურღვევია დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების საპროცესო ვადა, პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზეც. მართალია, მზღვეველის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, თუმცა, მისი სააპელაციო საჩივრის შესწავლით დგინდება, რომ იგი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადების დაცვითაა წარდგენილი, ეს გარემოება კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიანიშნებს 20-30 დღიანი ვადის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ფაქტზე.

1.7. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

1.8. ამდენად, უდავოა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური