Facebook Twitter

საქმე №ას-1181-1101-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ. ჯ-ე, რ. ბ–ი, გ. ა–ი, ზ. მ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჯ-ის, რ. ბ–ის, გ. ა–ისა და ზ. მ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“, ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს, 2017 წლის 24 აპრილს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი.

6. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეებს სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა ეწურებოდათ 2017 წლის 8 მაისს, ხოლო მათ სააპელაციო საჩივარი წარადგინეს დაგვიანებით, ამავე წლის 10 მაისს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორებმა საჩივარს დაურთეს ამონაწერი საქართველოს ფოსტის ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან, ასევე საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ და განმარტეს, რომ მათ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს, 2017 წლის 8 მაისს, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში გზავნილი დარეგისტრირდა 10 მაისს. ამდენად, საჩივრის ავტორთა აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო და ადგილი (იხ. ს.ფ. 363-370).

13. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს, 2017 წლის 24 აპრილს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 397). შესაბამისად, სასამართლომ მართებულად აითვალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა 2017 წლის 25 აპრილიდან და მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 8 მაისი. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოპასუხეებმა წარადგინეს დაგვიანებით, 2017 წლის 10 მაისს, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამოქალაქო-საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.

14. აღნიშნული დასაბუთების საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ გასაჩივრების ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს, 2017 წლის 8 მაისს, ფოსტის მეშეობით გააგზავნეს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში.

15. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტებს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში შევიდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 10 მაისს, 15:30 საათზე (იხ. ს.ფ. 428); საქართველოს ფოსტის ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამიდან ამონაწერში დაფიქსირებულია, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ხუციშვილმა, თბილისის საფოსტო სერვის ცენტრს სიღნაღის სასამართლოში გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენცია ჩააბარა 2017 წლის 8 მაისს, 10:00 საათზე, ხოლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 10 მაისს, 15:29 საათზე; ამავე ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ (იხ. ს.ფ. 432).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

18. ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა თავისი წილი მტკიცების ტვირთი დაძლიეს და სასამართლოს წარმოუდგინეს კანონით დადგენილ ვადაში (ვადის უკანასკნელ დღეს) სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ჯ-ის, რ. ბ–ის, გ. ა–ისა და ზ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე თ. ჯ-ის, რ. ბ–ის, გ. ა–ისა და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე