Facebook Twitter

საქმე №ას-1021-941-2017 14 ნოემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – დ.მ–ძე, ე.ა–ი, ი.ჩ., მ.კ–ი, მ.მ–ი, დ.კ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.ს–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ა. და კ. ა–თან, ასევე, დ.მ–თან, ი.ჩ–თან, მ.მ–თან, ე.ა–თან და მ. და დ.კ–ებთან (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) საზიარო უფლების გაუქმებას ნივთის გაყიდვით და ამონაგები თანხის მესაკუთრეებს შორის საჯარო რეესტრში მითითებული წილების შესაბამისად განაწილებას, დაკმაყოფილდა; სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა საზიარო უფლება ამ ქონების რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად განაწილება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 374-ე, 369-ე და 2591 მუხლებით.

3.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ერთ-ერთმა აპელანტმა - დ.კ–მა, საქალაქო სასამართლოს, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ განცხადებით 2017 წლის 4 მაისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 დღეს, ანუ კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე (იხ. ს.ფ. 320), ხოლო დ.მ–ძისა და ე.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ღ–ემ 2017 წლის 11 მაისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს (ანუ მეოცე დღემდე) მიმართეს. ამ თარიღების შემდგომ, მხარეებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ;

3.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, მოპასუხე დ.კ–მა და დ.მ–ძისა და ე.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ღ–ძემ, 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ასლი იმავე წლის 2 ივნისს, 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩაიბარეს (იხ.ს.ფ. 322, 323). შესაბამისად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 29 მაისი გადაწყვეტილების ჩაბარების უკანასკნელი დღე იყო, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა 2017 წლის 30 მაისიდან დაიწყო და იმავე წლის 12 ივნისს ამოიწურა. აპელანტებმა კი, სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 14 ივნისს, ვადის დარღვევით წარადგინეს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საზიარო უფლების სადავო ქონების აუქციონზე გასხვისების გარეშე გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, 2015 წელს (სარჩელის აღძვრის დროს) სადავო ქონების ორი თანამესაკუთრე - ა. და კ. ა–ები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ამიტომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის სადავო ქონების აუქციონის წესით გასხვისების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა;

4.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ამჟამად, სადავო ქონების თითოეული თანამესაკუთრე საქართველოში იმყოფება, სწორედ ამიტომ, შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება სადავო ქონების აუქციონის წესით გასხვისების გარეშე, მორიგების გზით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეების მოთხოვნას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

13. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთმა მოპასუხემ - დ.კ–მა, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 დღეს (მეოცე დღემდე), ხოლო დ.მ–ძისა და ე.ა–ის წარმომადგენელმა, ნ.ღ–ძემ, 2017 წლის 11 მაისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს (მეოცე დღემდე), მიმართეს, ამ თარიღების შემდგომ კი, მხარეებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, მოპასუხე დ.კ–მა და დ.მ–ძისა და ე.ა–ის წარმომადგენელმა, ნ.ღ–ძემ, 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ასლი იმავე წლის 2 ივნისს, 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩაიბარეს (იხ.ს.ფ. 322, 323).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 17 მაისი, ხოლო 30-ე დღე 27 მაისი. გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების ბოლო დღე ყოველკვირეულ უქმე დღეს - შაბათს დაემთხვა, მხარეებს შეეძლოთ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება 2017 წლის 17 მაისიდან, იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით მოეთხოვათ. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 მაისიდან დაიწყო და ამავე წლის 12 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2017 წლის 14 ივნისს წარადგინეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

16. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად (იხ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიებს დავის მატერიალურ საფუძვლებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ გარემოებებს, შესაბამისად, განხილვის მოცემულ სტადიაზე, პალატა მათზე ვერ იმსჯელებს. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მხარეებს მორიგების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვთ, მათ შორის, აღსრულების ეტაპზე.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ძის, ე.ა–ის, ი.ჩ–ს, მ.კ–ის, მ.მ–ისა და დ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი