საქმე №ას-684-638-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. თ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი სს „თ-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ-ის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 20 მარტის #კ-... ბრძანება ლ,თ-ის გათავისუფლების თაობაზე და სს „თ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 8 თვის ხელფასის _ 9 118,96 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს „თ-ს“ ლ. თ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 8 თვის ხელფასის _ 6 800 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. თ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძლით, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის _ 6 800 ლარის სანაცვლოდ მოპასუხემ მას დაურიცხა 5 346,89 ლარი, რაც მოვალემ იმით ახსნა, რომ დაკისრებულ თანხას გამოაკლო საშემოსავალო გადასახადი და სახელმწიფო ბაჟის თანხა. გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა წარმოადგენს ხელზე ასაღებ თანხას, ის უკვე დაბეგრილია და განმეორებით დაბეგვრას აღარ ექვემდებარება, ხოლო იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ეს საკითხი პირდაპირ არაა მითითებული, სს „თ-ი“ იყენებს ბოროტად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.თ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება.
8.1. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1.1. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული 8 თვის შრომის ანაზღაურებისაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული 8 თვის შრომის ანაზღაურება _ 6 800 ლარი წარმოადგენდა დაქვითულ თანხას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაიზიარა საკასაციო სასამართლომაც მიღებული განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველ პუნქტში.
8.1.2. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ იგი უკვე აღსრულებული იყო, რაც არასწორია, რადგანაც მოვალის მიერ საკუთარი შეხედულების შესაბამისად ქმედების განხორციელება არ შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებად, ამასთანავე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებამ დღის წესრიგში დააყენა მისი განმარტების აუცილებლობა. სააღსრულებო პროცედურა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გადაწყვეტილების აღსრულებად, ამასთანავე, სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა სწორედ მოვალის ბინდოვანმა ქმედებამ განაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ორი ძრითადი საკითხი: ა) ექვემდებარება თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება განმარტებას; ბ) დადებით შემთხვევაში _ არსებობს თუ არა გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები.
1.2.1. პირველ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარს სააპელაციო პალატამ უმთავრესად ის დაუდო საფუძვლად, რომ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სს „თ-მა“ მოსარჩელეს ანგარიშზე გადაურიცხა გარკვეული თანხა, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ხსენებული საპროცესო ინსტიტუტით სარგებლობის მიზანი. საკითხის შეფასების მიზნით, პალატა მოიხმობს გადაწყვეტილების განმარტების მარეგულირებელ საპროცესო დანაწესს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მიზნად ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. მართალია, ნორმის შემდგომი წინადადება ადგენს, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუმცა, ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა იქნეს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით განმარტებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო ხსენებული განმარტების პარალელურად მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ არც საქმის მასალებით დასტურდება და არც სააპელაციო პალატას დაუდგენია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფაქტი, უფრო მეტიც, კერძო საჩივრის პასუხად წარმოდგენილი შესაგებლით სს „თ-იც“ არ ადასტურებს სააღსრულებო ღონისძიებათა გატარების პასუხად თანხის გადახდის ფაქტს, არამედ განმარტავს, რომ ამ თანხის მოსარჩელისათვის გადარიცხვისას დაიცვა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები და თანხის ნაწილი (საშემოსავლო განაკვეთი) მიმართა ბიუჯეტში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები დარღვეულია, თუმცა, შესაფასებელია ისიც, ამ საპროცესო დარღვევის შედეგად არსებობს თუ არა მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.2.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა, ხოლო საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველი პუნქტით გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ. თ-ის ერთი თვის „ხელზე ასაღები“ ანაზღაურება შეადგენდა 850 ლარს, რომელიც დაბეგრილი თანხაა, არამედ, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შრომის ანაზღაურების ერთი თვის ოდენობა იყო 850 ლარი. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, რომლის მიმართაც მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი), საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი ლ.თ-ის ხელფასის ბარათის ისტორიითაც, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ დასაქმებულის „დარიცხული ხელფასი“ 2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით თვეში 850 ლარს შეადგენდა. ამ ფაქტის მხედველობაში მიღებით სასამართლო ეთანხმება სს „თ-ის“ პოზიციას, რომ მან მართებულად გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახდი, რადგანაც საქართველოს საგადასახდო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სადაგასახადო აგენტი, რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
1.3. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.თ-ს სს „თ-მა“ სწორად ჩაურიცხა დაქვითული ოდენობით ხელფასი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რის შედეგადაც კრედიტორის აღიარებული უფლებების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევის შედეგად არ დგინდება რა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და უარს აცხადებს მის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე