3გ-ად-47-კს-03 14 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინებით, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების მიუთითებლობის გამო, გ. ე-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება გ. ე-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მან ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ,D წარადგინა ახალი სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იგი, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდი, გათავისუფლებული იყო, ამდენად, მის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა უკანონო იყო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, კერძოდ, მას არ მიუთითებია სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე, რის გამოც სასამართლო პალატამ გ. ე-ას კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დატოვა 2003წ. 5 მარტის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას გ. ე-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ გ. ე-ას განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
მართალია, სასამართლოებში კერძო საჩივრის წარმოება სსკ-ს 414-420-ე მუხლებით რეგულირდება, მაგრამ აღნიშნული მუხლები კერძო საჩივარზე უარის თქმას ცალკე არ ითვალისწინებს, ამდენად, მასზე სსკ-ს ნორმები ანალოგიის წესით უნდა იქნეს გამოყენებული.
სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე კერძო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და სსკ-ს 414-420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდესEგ. ე-ას განცხადება და მისი კერძო საჩივრის წარმოება შეწყდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინება. E
გ. ე-ას განემარტოს, რომ მას სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით კვლავ გასაჩივრების უფლება აღარ აქვს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.