Facebook Twitter

საქმე №ას-568-527-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. პ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ას“ უფლებამონაცვლე სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ბ-ამ“ (უფლებამონაცვლე სს „თ-ი“, იხ. საკასაციო სასამართლოს 02.07.2017წ. განჩინება, შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. და ა. პ-ების მიმართ (ჯ.პ-ა შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი, ხოლო ა.პ-ა _ თავდაპირველი თანამოპასუხე) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სამტრედიაში, პ-ას ქ#8-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #34.08.50.0--) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სამტრედიაში, პ-ას ქ#8-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. ქონებას უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და მათი თანმხლები პირები და მიუხედავად მოსარჩელის, ასევე, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა, უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე, რითაც ირღვევა მესაკუთრის უფლებები.

2. მოპასუხის პოზიცია:

ჯ. პ-ამ საჩელის წინააღმდეგ წარადგინა მარტივი შედავება, რომლითაც არ ცნო მოთხოვნა და განმარტა, რომ მას და აწ გარდაცვლილ ა. პ-ას ნასესხები ჰქონდათ თანხა მოსარჩელისაგან, სესხი იყო მიზნობრივი (ინვესტირება), თუმცა, ვინაიდან ცუდი კლიმატური პირობების გამო ვერ მოხერხდა მოსავლის მიღება, წარმოიშვა პრობლემები თანხის დაბრუნების თვალსაზრისით. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელე სესხის რესტრუქტურიზაციაზე ან სხვა საშეღავათო პირობებით დაბრუნებაზე არ იყო თანახმა, მოპასუხეთა საცხოვრებელი სახლი გაიტანა აუქციონზე. ა. პ-ა გარდაიცვალა სარჩელის აღძვრის შემდგომ. ამ სახლში ცხოვრებენ, როგორც გარდაცვლილის, ისე _ მოპასუხის შვილები, რომლებიც არიან კანონიერი მფლობელები, რადგანაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩნებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის მომზადების ეტაპზე ა. პ-ას მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ამავე საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა ა.პ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

3.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი, სამტრედიაში, პ-ას ქ#8-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #34.08.50.0--) და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლება სამტრედიაში, პ-ას ქ#8-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ #34.08.50.0--.) ეკუთვნის მოსარჩელეს;

1.2.2. მოსარჩელის საკუთრებას, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე;

1.2.3. 2016 წლის 28 ოქტომბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და თავდაპირველი თანამოპასუხის მიმართ სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლზე მითითებით გაიხმო. 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და ა. პ-ას მიმართ აღძრული სარჩელი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს წარმოებაში განსახილველად დარჩა მესაკუთრის სარჩელი მხოლოდ ჯ. პ-ას წინააღმდეგ, რაც გამორიცხავდა საქმის წარმოების შეჩერებას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრული იყო ორი მოპასუხის _ კასატორისა და მისი ძმის წინააღმდეგ, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ გარდაიცვალა. საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე განმარტავდა, რომ ქონებას ჰყავდა სხვა მფლობელებიც, თუმცა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და არ იმსჯელა, როგორც გარდაცვლილი მოპასუხის, ისე _ ქონების სხვა მართლზომიერი მფლობელების საკითხზე. სწორედ ამ პრეტენზიაზე აპელირებით ითხოვდა მხარე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას, რაც ასევე არასწორად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ, უფრო მეტიც, განჩინებაში მიუთითა, თითქოს, აპელანტის მოთხოვნას ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წარმოადგენდა;

1.4.2. დაშვებული საპროცესო დარღვევის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის ფარგლებში, სასამართლომ არასწორად შეაფასა სააპელაციო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიები, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების არსის დაურღვევლად, მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში დაიშვება საკუთრების უფლების შეზღუდვა. საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა დეკლარირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით;

1.4.3. აპელანტი გადაწყვეტილების შემოწმებას მოითხოვდა სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლზე, მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, 155-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 170-ე მუხლზე დაყრდნობით, რამდენადაც მოპასუხეები, როგორც მემკვიდრეები და მათი ოჯახის წევრები ამ ნორმების საფუძველზე ფლობდნენ ქონებას. ერთ-ერთი მფლობელის გარდაცვალების გამო სასამართლოს არც ერთ ნაწილში არ უმსჯელია, ასევე, გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას სხვა მფლობელების მდგომარეობაზე, რაც სავსებით არასწორია.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ თუნდაც მემკვიდრეობიდან ნაწარმოები კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების აუქციონზე განკარგვის შედეგად მან დაკარგა ეს უფლებები და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნივთს, შესაბამისად, იგი უკანონო მფლობელია.

1.5.2. საკასაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს მოსარჩელეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე _ კასატორის მიერ მოხმობილი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვითი ფუნქცია ვრცელდება რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ, რომლის უფლებებსაც თავად ლახავს კასატორი ქონების უკანონო ფლობით, შესაბამისად, მის მიმართ საკუთრების უფლება და ამ უფლებით სარგებლობის თავისუფლება დარღვეული არ არის.

1.5.3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ, ნაცვლად სააპელაციო საჩივარში აღნიშნული მოთხოვნისა (საქმის პირველი ინსტანციისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება), არასწორად აღნიშნა განჩინებაში, რომ აპელანტი ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვდა, თუმცა, ეს საკითხი განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან დაშვებულ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია (სსსკ-ის 393.3 მუხლი). პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით (სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) დადგენილია გადაწყვეტილების ფარგლები, ნორმის მოქმედება ვრცელდება, როგორც პირველი, ისე _ სააპელაციო/საკასაციო სასამართლოების მიმართ (სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლები) და მისი მიზანი არის ის, რომ საქმის განხმილველმა სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლიანობა სარჩელის/საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს, ანუ იგი შეეხება გადაწყვეტილების მატერიალურ ფარგლებს, რაც შეეხება პროცესუალურ ფარგლებს _ ზემდგომი სასამართლო დავის თავად გადაწყვეტისა თუ ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას შებოჭილია თუ არა მომჩივნის მოთხოვნით, იგი ამ ნორმის ფარგლებში არ ჯდება (იხ. სუსგ №ას-75-72-2016, 27 მაისი, 2016 წელი). სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობის გათვალისწინებით გადაწყვეტილების გამოტანისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე-386-ე მუხლებით და მიუხედავად მხარის პროცესუალური შინაარსის მოთხოვნისა, დადგენილი დარღვევის შედეგად თავად წყვეტს დააბრუნოს თუ არა საქმე ქვემდგომ სასამართლოში.

1.5.4. რაც შეეხება გარდაცვლილი მოპასუხის, ასევე, ქონების სხვა ფაქტობრივი მფლობელობის საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი მოსარჩელის უფლებადამდგენი ნორმაა და თავად ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის მომზადების ეტაპზე (განსხვავებით მთავრი სხდომის ან საქმის ზემდგომი წესით განხილვისა) ამ ნორმით გათვალისწინებული უფლების განკარგვაში მოსარჩელე შეზღუდული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ა. პ-ას მიმართ სარჩელის გამოხმობა მესაკუთრემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ითხოვა, შესაბამისად, იგი დააკმაყოფილა სასამართლომ და აღარ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. პალატა აქვე განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის პირობებში, როდესაც არსებობს რამდენიმე მფლობელი, შესაძლებელია, თითოეულ მფლობელს გააჩნდეს ფლობის განსხვავებული საფუძვლები, შესაბამისად, სახეზე შეიძლება არც იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული სავალდებულო თანამონაწილეობა, ამგვარ გარემოებებზე არც კასატორი მიუთითებს, სარჩელთა სუბიექტური ერთობის პირობებში კი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი არ უკრძალავს მესაკუთრეს, დამოუკიდებლად აღძრას სარჩელები თითოეული მფლობელის მიმართ, ასევე, უდავოდაა გასათვალისწინებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების მატერიალური ძალა, რომელიც მხოლოდ იმ პირის მიმართ ვრცელდება, ვის მიმართაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ქონება გამოითხოვა მხოლოდ კასატორის უკანონო მფლობელობიდან, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მას შეეხება და სხვა მფლობელების არსებობის პირობებში, იგი მათ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის შ. და ქ. პ-ების დაბადების მოწმობების, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ისინი.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა გადავადებული ჰქონდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. პ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ. პ-ას (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 11 ფურცლად (ტ. I, ს.ფ. 240-250).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი