Facebook Twitter

საქმე №ას-1366-1286-2017 7 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. პ-ა, ა. პ-ი, ვ. პ-ი, ს. ნ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ის და ს. ნ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ის და ს. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. პ-ას, ვ. პ-ს, ა. პ-ს და ს. ნ-ს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა მ. ც-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 21 (ოცდაერთი) დღით გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ის და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს, მ. ც–ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 24 ნოემბერს (იხ. შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ. 96).

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში მ. ც–მა შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დაწესებული ხარვეზის ვადის 21 (ოცდაერთი) დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ კასატორები საზღვარგარეთ არიან წასული სამკურნალოდ და ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში 300 (სამასი) ლარის გადახდა. თუმცა განმცხადებელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც განცხადებაში მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორებმა ზემოაღნიშნული საფუძვლით (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მოტივით) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს საკასაციო საჩივრითაც (იხ. ტ. II, ს.ფ. 71). აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა იგი და განუმარტა კასატორებს, რომ მათი გადახდისუუნარობის დასადასტურებლად არ იყო საკმარისი მხოლოდ მითითება, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა დიდ ხარჯებს მოითხოვს (იხ. ტ. II, ს.ფ. 92-95).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების წარმომადგენელმა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა იმავე მოტივით, თუმცა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების - კასატორების გადახდისუუნარობის - დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტი არც ამჯერად წარმოუდგენია, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექის 48-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ წარადგინეს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნიათ. ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ის და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური