Facebook Twitter

საქმე №ას-1438-1358-2017 8 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „კ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ნ-ას, რ. ჰ-ას და ს. ნ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. ნ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ნ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება, რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბერს გაეგზავნა მოპასუხეს - ს. ნ-ს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე - მარნეული, სოფ. ---, 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა თავად ადრესატს, პირადად (იხ. ს.ფ. 256). ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი მხარეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღეს - 2017 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ოქტომბერს, 24:00 საათზე. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ კერძო საჩივარი მხარემ ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში 2017 წლის 7 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 260), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური