Facebook Twitter

№ ას-316-299-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. კ-ე, ნ. ზ-ი, ა. ჯ–ის უფლებამონაცვლეები რ. და მ. ჯ–ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ჯ–მა, ზ. კ-ემ და ნ. ზ–მა (შემდგომში „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. პ-ს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...ში მდებარე 26.83 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (საკადასტრო კოდი: ...) მესაკუთრედ ა. ჯ-ის ცნობა მოპასუხისათვის ქონების საბაზრო ღირებულების - 10 742 ლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ; ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 33.50 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (საკადასტრო კოდი: ...) მესაკუთრედ ზ. კ-ის ცნობა მოპასუხისათვის ქონების საბაზრო ღირებულების - 12 060 ლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ; ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 20.71 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (საკადასტრო კოდი: ...) მესაკუთრედ ნ. ზ-ს ცნობა მოპასუხისათვის ქონების საბაზრო ღირებულების - 7 186 ლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ასევე, საადვოკატო და სააუდიტო მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 530 კვ.მ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ...) და მასზე განთავსებული #1, #2, #3 შენობა-ნაგებობები საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. აღნიშნული ქონება მოპასუხემ მიიღო, როგორც ლ. ს-ს ძე თ-ის მემკვიდრემ 1969 წლის 14 ოქტომბრის #... სამკვიდრო მოწმობისა და #... სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე.

3. 1965 წლის 20 დეკემბერს ა. ჯ–მა ლ. თ-ის სიძისგან 5 500 მანეთად, სანოტარო წესით ფორმადაუცველი შეთანხმებით შეიძინა 26.83 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი აღნიშნულ მისამართზე, სადაც იგი ჩაწერილი და რეგისტრირებულია 1966 წლიდან. დღემდე ა. ჯ–ი ცხოვრობს და სარგებლობს აღნიშნული ქონებით.

4. ზ. კ-ე 1969 წლის 13 სექტემბერს ოფიციალურ რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა შ. კ-ესთან. შ. კ-ემ 1970 წლის 8 მაისს ლ. თ-ის სიძისგან 8000 მანეთად შეიძინა ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ერთი ოთახი შუშაბანდით (33.50 კვ.მ.). შ. კ-ე აღნიშნულ მისამართზე ჩაწერილია 1966 წლიდან, ხოლო ზ. კ-ე - 1970 წლიდან. შ. კ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 1 აპრილს, რის შემდეგაც და მანამდეც ზ. კ-ე სარგებლობს შ. კ-ის მიერ შეძენილი საცხოვრებელი სადგომით.

5. ნ. ზ-ს მამამ ზ. ზ–მა ლ. თ-ისგან 7000 მანეთად შეიძინა ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 20.71 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი. აღნიშნულ მისამართზე იგი ჩაწერილი იყო 1958 წლიდან. ზ. ზ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 13 დეკემბერს. მამის გარდაცვალებამდეც და ამჟამადაც ნ. ზ-ი ფაქტობრივად ფლობს აღნიშნულ სადგომს.

6. მოპასუხე არ არის თანახმა მოსარჩელეებს საკუთრების უფლება გადასცეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რის გამოც ისინი იძლებული გახდნენ მიემართათ სასამართლოსთვის.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სარჩელში მითითებული ხელშეკრულებების შესახებ და მოსარჩელეები დღემდე ქირით ცხოვრობდნენ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. თავად მოპასუხე ცხოვრობს თელავის რაიონში და მისთვის მნიშვნელოვანია მამის მცირე პენსიასთან ერთად დამატებითი შემოსავალი მიიღოს ქირის სახით.

8. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეები ყალბი აუდიტის დასკვნის საფუძველზე ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და მას სთავაზობენ მცირე თანხის გადახდას მაშინ, როდესაც რეალურად მისი კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულება დღეის მდგომარეობით 105 000 აშშ დოლარს შეადგენს.

9. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა და თუ გარიგებას რეალურად ჰქონდა ადგილი, მოსარჩელეებს სარჩელი უნდა აღეძრათ მისი აწ გარდაცვლილი მამისა და მეურვის მიმართ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის თანახმად, მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება.

10. შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 14 იანვარს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. ჯ–ს ლ. პ-ს სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10 742 ლარის 10%-ის - 1 074.20 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ დადგინდა ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 26.83 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: #...) მესაკუთრედ ა. ჯ–ის ცნობა; ზ. კ-ეს ლ. პ-ს სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 12 060 ლარის 10%-ის - 1 206 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ დადგინდა ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 33.50 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) მესაკუთრედ ზ. კ-ის ცნობა; ნ. ზ–ს ლ. პ-ს სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 7186 ლარის 10%-ის - 718.60 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ დადგინდა ქ. თბილისში, დიდი ჯიხაიშის ქ. #...-ში მდებარე 20.71 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) მესაკუთრედ ნ. ზ-ს ცნობა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი თითოეული მოსარჩელისათვის 200 ლარი, სულ 600 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ სააუდიტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

13. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით რ. და მ. ჯ–ები ცნობილ იქნენ ა. ჯ–ის უფლებამონაცვლეებად.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით ლ. პ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 18 დეკემბერს (ტ. 1, ს. ფ. 33), ხოლო შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოეწურა ამავე წლის 28 დეკემბერს. ვინაიდან 28 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე, კვირა, შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადა მოპასუხეს ჰქონდა მომდევნო სამუშაო დღეს, 2014 წლის 29 დეკემბერს.

17. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის მთავარი კონსულტანტის 2016 წლის 23 იანვრის წერილისა და მასზე დართული მტკიცებულების (საქმის წარმოების ელექტრონული სისტემიდან ამონარიდი), ასევე, საქმეში დაცული „საქართველოს ფოსტის“ პოლიეთილენის საფირმო პაკეტის გამოკვლევის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სადავო შესაგებელი სასამართლოში „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გააგზავნა. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ პოლიეთილენის პაკეტისა და ფოსტის გზავნილის შტრიხკოდი იდენტურია. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2015 წლის 10 აგვისტოს წერილის საფუძველზე კი სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. პ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მ. ს-ის სახელზე თელავის საფოსტო განყოფილებას გზავნილი ჩააბარა 2014 წლის 29 დეკემბერს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში იქნა მიტანილი ამავე წლის 31 დეკემბერს (ტ. 1, ს. ფ. 182). სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მისაღებში ლ. პ-ს შესაგებელი ფოსტის მეშვეობით შევიდა 2014 წლის 31 დეკემბერს (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის მთავარი კონსულტანტის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილი). აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დაცულ მასალას, რომლის მიხედვითაც, ლ. პ-ს შესაგებელი იქნა დასკანერებული, რომელსაც ერთვოდა საქართველოს ფოსტის კონვერტი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის მთავარი კონსულტანტის 2017 წლის 23 იანვარს მოწოდებული ინფორმაცია თანდართული მტკიცებულებებით).

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი ფოსტას საპროცესო ვადის დაცვით - ვადის უკანასკნელ დღეს - 2014 წლის 29 დეკემბერს ჩააბარა.

19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება.

21. კასატორების განმარტებით, მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. დოკუმენტაციაში, რომელსაც სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო, მითითებულია, რომ ლ. პ-ს მიერ სასამართლოში 2014 წლის 31 დეკემბერს გაგზავნილი კორესპონდენცია მოსამართლის სხდომის მდივანს ჩაბარდა 2015 წლის 5 იანვარს, სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია ლ. პ-ს სახელით გამოგზავნილი ამ პერიოდში არ ფიქსირდება.

22. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, თუ 2015 წლის 5 იანვარს სხდომის მდივანმა ჩაიბარა 54 ფურცლად შესაგებელი 4 ეგზემპლარად, მაშინ გაუგებარია რატომ არ იყო 2015 წლის 5 იანვრიდან ამავე წლის 14 იანვრამდე საქმეში ჩადებული აღნიშნული შესაგებლის საფოსტო წესით წარმოდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო კონვერტი, რომელიც უნდა ყოფილიყო 55-ე ფურცელი და თუ იყო წარმოდგენილი, რატომ გამოვიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსამართლე გარკვევით აღნიშნავს, რომ ლ. პ–მა შესაგებელი წარადგინა მისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2014 წლის 31 დეკემბერს და მას არ ერთვოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შესაგებელი ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე ჩაბარდა ფოსტას ან ტელეგრაფს, ე.ი. ფაქტია, საფოსტო კონვერტი ან არ გადაცემია 2015 წლის 5 იანვარს სხდომის მდივანს ან გადაეცა და 2014 წლის 14 იანვრამდე საფოსტო კონვერტი არ იქნა წარდგენილი მოსამართლესთან, რაც ნაკლებ სარწმუნოა, რადგან საფოსტო კონვერტი არ ჩანს საქმის შემდგომი განხილვის დროსაც.

23. ამდენად, სადავოა საკითხი იმის თაობაზე, თუ რატომ არ ფიქსირდება შესაგებლის ფურცლების რაოდენობაში საფოსტო კონვერტი.

24. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა მოპასუხის მიერ შესაგებლის 2014 წლის 29 დეკემბერს წარდგენის ფაქტი, იგი მაინც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ვადის დაცვით წარდგენილად, ვინაიდან შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა მხარეს ამოეწურა 28 დეკემბერს და მას ამ დღეს უნდა გაეგზავნა სასამართლოში გზავნილი ფოსტის მეშვეობით, თუნდაც ეს დღე უქმე დღეს დამთხვეოდა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ზ. კ-ის, ნ. ზ-ს, რ. ჯ–ის და მ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს განჩინებას შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ვადის დაცვით წარდგენილად.

30. კასატორების პრეტენზიის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

30.1. ა. ჯ–მა, ზ. კ-ემ და ნ. ზ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. პ-ს მიმართ და მოითხოვეს თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა;

30.2. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოიწურა ამავე წლის 28 დეკემბერს. ვინაიდან 28 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე, კვირა, მხარეს შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადა ამოეწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2014 წლის 29 დეკემბერს;

30.3. საქმეში არსებული საქართველოს ფოსტის რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ლ. პ-ს მიერ გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ს-ის სახელზე გაგზავნილია 2014 წლის 29 დეკემებრს 14:00 საათზე; გზავნილის ნომერი: ... (იხ. ტ. 2, ს.ფ. 57);

30.4. შესაგებელზე დართული „საქართველოს ფოსტის“ პოლიეთილენის პაკეტზე განთავსებული შტრიხკოდის ნომერი გზავნილის ნომრის იდენტურია (შტრიხკოდი: ...) (იხ. ტ. 2, ს.ფ. 55);

30.5. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2015 წლის 10 აგვისტოს წერილის შესაბამისად ირკვევა, რომ ლ. პ–მა გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მ. ს-ის სახელზე თელავის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2014 წლის 29 დეკემბერს და იგი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელს ჩაბარდა ამავე წლის 31 დეკემბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 182).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33.მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ გზავნილი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გააგზავნა 2014 წლის 29 დეკემბერს, შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის ბოლო დღეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მათი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან წარდგენილ შესაგებელს არ ერთვოდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე მისი ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო შესაგებლის ფურცლების რაოდენობაში არ ფიქსირდებოდა საფოსტო კონვერტი, არ არსებობდა გზავნილის სასამართლოში ვადის დაცვით წარდგენილად მიჩნევის საფუძველი, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც გააბათილებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ გარემოებებს და გამოიწვევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

34. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შესაგებლის წარდგენის ბოლო დღე იყო უქმე, კვირა დღე, მხარეს მაინც ევალებოდა ამ დღეს ფოსტის მეშვეობით გზავნილის სასამართლოსთვის გაგზავნა.

35. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია საპროცესო ვადის განსაზღვრისა და მისი გამოთვლის წესი. კერძოდ, სსსკ 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებეში, როდესაც მოპასუხისათვის შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადა ამოიწურა კვირას, 2014 წლის 28 დეკემბერს, მხარეს საპროცესო მოქმედების განხორციელების უფლება ჰქონდა მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს - 29 დეკემბერს, 24 საათამდე, რა ვადაშიც მან ჩააბარა კიდეც ფოსტას შესაგებელი.

36.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. კ-ის, ნ. ზ-ს, რ. და მ. ჯ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე