Facebook Twitter

საქმე №ას-1133-1089-2016 13 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ლ. კ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ა-ი (მოსარჩელე), ა. ა-ი (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ა-მა სარჩელი აღძრა ა. ა-ისა და ლ. კ-ას მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ა-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ.- ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

7. 2017 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. კ-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ლ. კ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით გ. ა-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ქ. თბილისში, -- ქ. #--ში მდებარე ლ. კ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან 155,9 კვ.მ ფართს (ს.კ. ---), სხვენიდან 10,6 კვ.მ ფართს და საერთო სარგებლობაში არსებულ 28 კვ.მ ფართიდან ლ. კ-ას წილის ნახევარს.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

12. ამდენად, წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.

13. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

14. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისში, -- ქ. #--ში მდებარე ლ. კ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან 155,9 კვ.მ ფართს (ს.კ.---), სხვენიდან 10,6 კვ.მ ფართს და საერთო სარგებლობაში არსებულ 28 კვ.მ ფართიდან ლ. კ-ას წილის ნახევარს ყადაღა უნდა მოეხსნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. კ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ქ. თბილისში,–-- ქ. #--ში მდებარე ლ. კ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან 155,9 კვ.მ ფართს (ს.კ. ---), სხვენიდან 10,6 კვ.მ ფართს და საერთო სარგებლობაში არსებულ 28 კვ.მ ფართიდან ლ. კ-ას წილის ნახევარს მოეხსნას ყადაღა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე