საქმე #ას-1201-1121-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. და კ. ვ-ების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. და კ. ვ-ების სარჩელის გამო, შ. ხ-ის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ვ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისფულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. და კ. ვ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გ. და კ. ვ-ების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 425 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კი, კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა და დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 425 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
2017 წლის 14 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ვ-მა და იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არ გააჩნია შემოსავალი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად კი წარმოადგინა სოფ.ქუთლიარში (კურტლიარში) მცხოვრები ე. მ-ისა და ა. მ-ის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც დამოწმებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბ. გ-ის მიერ. წარმოდგენილი აქტის ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ გ. ვ-ი არის უმუშევარი და მის ოჯახს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა მხარემ ზემოხსენებული წესის შესაბამისად, ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. რაც შეეხება, განცხადებაზე დართულ აქტს, სასამართლო მას ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს რომ, გ. ვ-ის უმუშევრობისა და შემოსავალის არქონის ფაქტის დასადასტურებლად მეზობლების მიერ შედგენილი აქტი არ არის საკმარისი, ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში ადასტურებს ე.მ-ისა და ა.მ-ის ხელმოწერას და არა აქტში მითითებულ გარემობას (შინაარსს). ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარს კ. ვ-ის პრეტენზიის ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება მას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა მამას გ. ვ-ს, რომელიც ამავდროულად საკასაციო საჩივრის ავტორიცაა (იხ.შეტყობინების ბარათი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა 2017 წლის 15 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ 2017 წლის 21 ოქტომბრის (მიღების თარიღი 23.10.2017) #14 საგადახდო დავალებით გ. ვ-ის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ვ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გ. და კ. ვ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. კასატორებს: გ. ვ-ს (პ/#...) და კ. ვ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ვ-ის მიერ 2017 წლის 21 ოქტომბრის (მიღების თარიღი 23.10.2017) #14 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე