Facebook Twitter

საქმე №ას-1463-1383-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც. კ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, ნ. მ-ის სარჩელის გამო, თ. მ-ისა და ც. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი თ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო ც. კ-ის მოთხოვნის ნაწილში ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

პალატა თვლის, რომ თ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში არ არსებობს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს კერძო საჩივრის შეტანის სუბიექტთა წრეს და განსაზღვრავს, რომ ამ საპროცესო მოქმედების განხორციელება შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. მ-ისა და ც. კ-ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნა ნ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება.

საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში (სსსკ-ის 369.1) თ. მ-ემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, გასაჩვრების 14-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თ.მ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ამდენად, იგი ვერც სააპელაციო განხილვის და მით უფრო ვერც კერძო საჩივრის წარდგენის სუბიექტად იქნება მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეეხება მხოლოდ ც. კ-ის უფლებებს და იგი რაიმე გავლენას თ.მ-ის უფლებებზე არ ახდენს. ამასთანავე უდავოა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თ.მ-ეს სათანადო წესით არ მოუთხოვია (სსსკ-ის 265-ე მუხლი).

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ.მ-ის პრეტენზიის ნაწილში კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.

რაც შეეხება კერძო საჩივარს ც. კ-ის მოთხოვნის ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ხარვეზიანია, ვინაიდან არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს 50 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე,414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე, თ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. ც. კ-ეს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში _ საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი _ „განაღდებულია);

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე