Facebook Twitter

საქმე №ას-1298-1218-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ქ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, საქმეზე _ ე. ქ-ის სარჩელის გამო, ი.გ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე ი.გ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ე. ქ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ე. ქ-ის სარჩელის გამო, ი.გ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე ი.გ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ე. ქ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ე.ქ-ის საკასაციო საჩივარი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, ხოლო ამავე პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2017 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ქ-ემ და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის გამოხმობის ინსტიტუტს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, 2017 წლის 7 დეკემბერს სასამართლო მოხელესთან სატელეფონო საუბრისას კასატორის წარმომადგენელმა ჟ. ლ-ემ (იხ.რწმუნებულება ს.ფ.92) დააზუსტა, რომ წარმოდგენილი განცხადებით საკასაციო საჩივრის ავტორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (იხ.შეტყობინების აქტი).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ე. ქ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ე. ქ-ეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ე. ქ-ის საკასაციო საჩივარზე ი.გ-ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. კასატორ ე. ქ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.11.2017 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 788.70 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი