საქმე №ა-3186-შ-81-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ც. ც-ი
დაინტერესებული პირი – ა. პ-
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საფრანგეთის ქ.მარსელის მაღალი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა მოსამართლის 2016 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება
დავის საგანი – მშობლის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საფრანგეთის ქ.მარსელის მაღალი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა მოსამართლის 2016 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით (გადაწყვეტილებით) მშობლის ექსკლუზიური უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის _ ლ. პ-ის მიმართ მიენიჭა ც. ც-ს, ლ. პ-ის საცხოვრებელ ადგილად შენარჩუნებულ იქნა დედის ბინა, ა. პ-ს შეუნარჩუნდა უფლება, მოინახულოს და თავისთან დროებით დაიტოვოს ბავშვი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი საცხოვრებელი ადგილის ან ბავშვის ადგილსამყოფელის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია, ამ ქმედებიდან ერთი თვის ვადაში ეცნობოს მეორე მხარეს. ამავე გადაწყვეტილებით ც. ც-ს უარი ეთქვა ა. პ-ისათვის ბავშვის მოვლისა და აღზრდის ხარჯების დაკისრებაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ც. ც-მა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით, იმ დასაბუთებით, რომ ესაჭიროება ბავშვის ქვეყნიდან გაყვანისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების მიზნით, მისი საქართველოს საელჩოში წარდგენა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისივე აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, ასევე, ც. ც-ის პასპორტის ასლისა და ლ. პ-ის დაბადების მოწმობის შესწავლით დასტურდება, რომ:
მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა, ა. პ-ი სასამართლოში არ გამოცხადებულა;
გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას;
შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა;
ლ. პ-ი ც. ცხოვრებაშვიოლისა და ა. პ-ის შვილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ც. ც-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული ფრანგულენოვანი თარგმანითა და ც. ც-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა ა. პ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე - საფრანგეთი, ქ.ტალენსი, ბ-ის ქუჩა #20, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი სხვა მისამართზეა გადასული და არასწორი მისამართია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ც. ც-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ც. ც-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ა. პ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული ფრანგულენოვანი თარგმანითა და ც. ც-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - საფრანგეთი, ქ.ტალენსი, ბ-ის ქუჩა #20, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი სხვა მისამართზეა გადასული და არასწორი მისამართია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ც. ც-ის შუამდგომლობა საფრანგეთის ქ.მარსელის მაღალი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა მოსამართლის 2016 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ც-ის შუამდგომლობა საფრანგეთის ქ.მარსელის მაღალი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა მოსამართლის 2016 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი