№ას-1052-972-2017 21 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ი, მ. ჯ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ქ. თბილისში, ს-ის შესახვევ N...-ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე), მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე; პირველი და მეორე მოსარჩელე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები ან თანამესაკუთრეები) და ზ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ჯ-ების საკუთრებად ირიცხებოდა.
2. 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გამიჯვნის ხელშეკრულების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება ან გამიჯვნის ხელშეკრულება) საფუძველზე, უძრავ ქონებაზე გაუქმდა საზიარო უფლება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიმიჯნა შემდეგი პროპორციით: 457 კვ.მ საკუთრების უფლებით გამოეყო მოპასუხეს, ხოლო 333 კვ.მ ფართი - მოსარჩელეებსა და მოპასუხეს თანაბარწილად (იხ. გამიჯვნის ხელშეკრულება, ს.ფ. 18-21).
3. მხარეებმა მათ მიერ შედგენილი და ხელმოწერილი გამიჯვნის ხელშეკრულება თავად წარადგინეს დასარეგისტრირებლად. პირველი მოსარჩელე მითითებული გარიგების დადებაში მონაწილეობდა მეორე მოსარჩელისთვის გადაცემული ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებით, რომელშიც გამიჯვნის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მკაფიოდ იქნა მითითებული.
4. 2015 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ. მათ მოითხოვეს უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მოსარჩელეების განმარტებით, უძრავი ქონება მხარეების საკუთრებაში ირიცხებოდა, 2011 წლის 1 ივლისს კი, გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის გაუქმდა საზიარო უფლება, რომლის თანახმად, მხარეების თანასაკუთრებად აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი - 333 კვ.მ ფართი, ხოლო მოპასუხის საკუთრებად უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი - 457 კვ.მ ფართი დარეგისტრირდა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გამიჯვნის ასეთი განაწილება არის კანონსაწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, რომ საზიარო უფლება, შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ მთლიან საზიარო ნივთზე ყველა მესაკუთრეს შორის და არა მხოლოდ მის ნაწილზე. მოსარჩელეების მტკიცებით, გამიჯვნის ხელშეკრულებაში არ ყოფილა გათვალისწინებული მოსარჩელეთა რეალური ნება და ასეთმა გაყოფამ ზიანი მიაყენა მათ, ხოლო გამიჯვნის შედეგად მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. მისი განმარტებით, გამიჯვნის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა გამოწვეული იყო უძრავი ნივთის ფაქტობრივი და თვისებრივი მდგომარეობით, კერძოდ - მოსარჩელეებმა და მოპასუხემ კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის შედეგად შეიძინეს საკუთრების უფლება უძრავი ქონების 333 კვ.მ. ფართზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე, ხოლო 457 კვ.მ. ფართი მოპასუხეს ანდერძისმიერი მემკვიდრეობით ერგო. მოპასუხის მტკიცებით, სადავო გარიგება კანონიერად გაფორმდა, მასში მონაწილეობა მიიღო თითოეულმა მხარემ, პირადად თუ მინდობილი პირის მეშვეობით, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 50-ე, 52-ე, 54-ე, და 81-ე მუხლები.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს გამიჯვნასთან მიმართებით რეალური ნება არ გამოუვლენიათ. ამ მხრივ პალატამ უგულებელყო ის ფაქტი, რომ აპელანტების ნება არ ყოფილა მოპასუხე 333 კვ.მ ფართის თანამესაკუთრეც ყოფილიყო;
7.2. მათი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ნამდვილი იყო თუ არა მოსარჩელეთა ნება 333 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გავრცელებულიყო მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, მაშინ, როდესაც ის არ ფლობდა არც შენობას და არც მიწის ნაკვეთს;
7.3. აპელანტების განმარტებით, ნების გამოვლენის ნამდვილობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება ნების გამოვლენის ნაკლი, ვინაიდან, სადავო ხელშეკრულებას ერთვის მოპასუხის დაკვეთით შესრულებული გამიჯვნის ნახაზი, სადაც გამიჯნულ ფართებზე დატანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრეთა სახელები, გვარები და ხელმოწერები, რითაც მოსარჩელეებისთვის ნათელი გახდებოდა მოპასუხის განზრახვა და ისინი სადავო გამიჯვნის ხელშეკრულებას არ დასთანხმდებოდნენ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ არ არსებობდა უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება ნამდვილი იყო;
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეებმა მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო გარიგების დადების მიზნით მოსარჩელეთა მოტყუებას და რომ ეს გარიგება მოტყუების შედეგად დაიდო, მოსარჩელეთა მხარეზე იყო, რომლებმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლეს მათი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება;
8.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, გარდა მოსარჩელეთა განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვებოდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეებისათვის არასწორი, ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა;
8.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, ყურადსაღები იყო, რომ მხარეებმა მათ მიერ შედგენილი და ხელმოწერილი გამიჯვნის ხელშეკრულება, სადაც გარკვევით იყო მითითებული, რომ 333 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, თავად წარადგინეს საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ პირველი მოსარჩელე ხსენებული გარიგების დადებაში მონაწილეობდა მეორე მოსარჩელისთვის გადაცემული ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებით, სადაც გამიჯვნის უფლებამოსილების მინიჭების შესახებაც ნათლად და მკაფიოდ იყო აღნიშნული.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით (იხ. პ. 8).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორების ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება მოტყუების საფუძველზე დაიდო, რის გამოც, იგი ბათილად უნდა ცნობილიყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უსაფუძვლობას, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა) გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობა განაპირობებს, სახელდობრ:
13.1. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (შდრ. სუსგები: №ას-182-171-2014, 16.06.2014 ; №ას-1117-1051-2015, 20.01.2016).
13.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობისთვის საკმარისია მოტყუების ობიექტური ფაქტის არსებობა, რაც გამოიხატება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებაში. სამართლებრივად მნიშვნელობის მქონეა იმ სახის გასაკიცხი მოქმედებაც, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა, როცა აშკარაა, რომ ამგვარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელეთა განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეებისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია.
13.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეებმა მათ მიერ შედგენილი და ხელმოწერილი გამიჯვნის ხელშეკრულება, სადაც გარკვევით იყო მითითებული, რომ 333 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, თავად წარადგინეს საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ, რადგანაც, განსახილველ შემთხვევაში, სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად იქნა წარდგენილი და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: №ას-182-171-2014,16.06.2014; №ას-1117-1051-2015, 20.01.2016; №ას-726-694-2016, 25.11.2016).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ჯ-ს (პ/ნ ...) და მ. ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ თ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #0, გადახდის თარიღი 21.09.2017 წ. სს ,თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი