Facebook Twitter

№ ას-341-319-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ს-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის არაქონებრივი (მორალური) ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 15 მარტს მოპასუხე მივიდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, ჯერ მიაყენა სიტყვიერი, ხოლო შემდეგ სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოსარჩელე გახდა შეუძლოდ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწია დახმარება. საავადმყოფოდან იგი გაეწერა მეორე დღეს, 16 მარტს.

3. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ მოპასუხემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას სხვა პირების თანდასწრებით, შეილახა მისი პატივი და ღირსება, რის გამოც განიცადა ძლიერი მორალური ტრამვა, რაც მისი მხრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

4. მოპასუხეს სარჩელზე მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი არ წარუდგენია.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2016 წლის 8 ივნისს, თუმცა წერილობითი შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში არ წარუდგენია, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი ზეპირი განმარტებით მან სარჩელი არ ცნო.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელს არ წარადგენს დადგენილ ვადაში, მას შესაგებლის წარდგენის უფლება უქარწყლდება. ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან საპროცესო შედეგთან - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა და 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დადასტურებულად. ამასთან, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას, მაგრამ სხდომაზეც მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.

9. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებზე საქმეზე №ას-651-619-2013, 24 მარტი, 2014 წელი; საქმე №ას-307-292-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი და განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად ითვლება და მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხის სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-ის სარჩელი და თანდართული მასალები სასამართლომ გადაუგზავნა მოპასუხეს და შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. გზავნილი მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 8 ივნისს, თუმცა მას სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, თითქოს მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა იმის გამო, რომ მასში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

11. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია და ამ გარემოებათა შეცილების უფლება მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია. იგი უფლებამოსილია მხოლოდ სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ და დამტკიცებულად ცნობილ ფაქტებს, ანუ მისი თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება.

12. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, ამავე კოდექსის 409-ე, 413-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც, რომლის ანაზღაურება გონივრული და სამართლიანი შეფასებით უნდა მოხდეს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს დააკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

15. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 415-ე მუხლები, რადგან, თუნდაც გაეზიარებინა აპელანტის პოზიცია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უდავოდ მიჩნევის შესახებ, სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ შეიძლებოდა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ და ვერ ამართლებენ იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. ხსენებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ არც ფიზიკური და არც მორალური ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია, მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის ცემის ფაქტი, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელზე თანდართული ყველა მტკიცებულებით (მ. ს-ის დაკითხვის ოქმი, თ. ჩ–ის დაკითხვის ოქმი, გ. ს-ის დაკითხვის ოქმი, ე. ბ-ის დაკითხვის ოქმი) დასტურდება, რომ სწორედ მოსარჩელის პროვოცირებით მოხდა უსიამოვნება და ადგილი არ ჰქონია ცემის და მითუმეტეს მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელე თავად აღწერს თუ როგორ მივიდა, დასწვდა ხელში კასატორს და თან მოუწოდებდა ,,გათრეულიყო’’ მისი სახლიდან. სწორედ მოსარჩელის მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება გახდა მისი დაცემის მიზეზი. თ. ჩ–ს მუშტად შეკრული ხელი რომ დაერტყა მას სამედიცინო შემოწმებისას აუცილებლად ექნებოდა კვალი, რასაც ადასტურებს ასევე ექსპერტის დასკვნა, რის საფუძველზეც შეწყდა გამოძიება.

17. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელს ამ მიზეზზე არ უსაუბრია. მან პროცესზე განმარტა, რომ ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით თ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. განსახილველ დავაში საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით შესაგებლის წარუდგენლობის გამო ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

23. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შესაგებლის წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

25. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მ. ს-ის სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სარჩელზე უფლების გამომრიცხავი შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სარჩელს არ ცნობდა. ამრიგად, დადგენილია, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი არ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმით, არსებითად შეაფასა სარჩელის საფუძვლიანობა და მიღებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იგი.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სარჩელზე არ წარუდგენია მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, სასამართლო ვალდებული იყო უდავოდ დადგენილად მიეჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მას არ უნდა ემსჯელა მორალური ზიანის ანაზღაურების მოვალეობისა და დაზარალებულის მხრიდან ამ ზიანის წარმოშობის ხელშეწყობის მიმართებაზე. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის პირობებში მართებულად მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ მხარე აღნიშნულ პრეტენზიას ამყარებს საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე, რის გამოც მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს არა მტკიცებულებების შესწავლას, არამედ, მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 409-ე და 413-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

30. კერძოდ, სარჩელში მითითებულია, რომ 2014 წლის 15 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოპასუხემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს: ჯერ აგინა, სახეში ხელი დაარტყა, ცემა, რის გამოც გონება დაკარგა და აღმოჩნდა საავადმყოფოში, დაუზიანდა ჯანმრთელობა და ასევე, განიცადა მორალური ზიანი, ვინაიდან მოპასუხემ მას შეურაცხყოფა მიაყენა სხვა პირთა თანდასწრებით. ამდენად, ვინაიდან მითითებული გარემოებებით დასტურდება მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (სსკ 992-ე, 409, 413 მუხლები) იძლევა მიყენებული როგორც ფიზიკური ასევე მორალური ზიანისთვის მოპასუხისთვის ფულადი ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა ზემოაღნიშნული ნორმებით მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება.

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი; №ას-535-509-2013, 24 მარტი, 2014 წელი), ასევე ჯანმრთელობის დაზიანების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების სამოქალაქოსამართლებრივი საფუძვლების თაობაზე (იხ. სუსგ №ას-547-519-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-1323-1249-2012, 19 ნოემბერი, 2012 წელი) არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. ჩ–ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეს 2017 წლის 28 თებერვალს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე