№ ას-573-532-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ბ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, კ-ის ქ. …, ბ. …, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. სარჩელის თანახმად, 2016 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელემ შეიძინა ბინა მდებარე, ქ. თბილისში, კ-ის ქ. …. ბ. ... ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრირების შემდეგ, აღმოაჩინა, რომ ბინაში ცხოვრობდა მოპასუხე, რომელმაც უარი განაცხადა ქონების გათავისუფლებაზე, რაც მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2004 წელს მის შვილს, ა. ხ–სა და ი. ხ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ი. ხ-ს სესხის სახით გადაეცა 2700 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვამდე გამსესხებელი იცხოვრებდა ბინაში. მსესხებელს დღემდე თანხა არ დაუბრუნებია. 2016 წლის აგვისტოში კი ი. ხ-ს დედამ გადაიფორმა ბინა საკუთრებაში და თვალთმაქცურად გაასხვისა მოსარჩელეზე ისე, რომ ახალ მესაკუთრეს ბინა არც უნახავს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ. თბილისში, კ-ის ქუჩაზე კორპ. #...ში, მე-3 სადარბაზოში, მე-7 სართულზე მდებარე #... ბინის (ს/კ: #...) გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ:
7.1. ქ. თბილისში, კ-ის ქუჩაზე კორპ. #...-ში, მე-3 სადარბაზოში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა #... (ს/კ: …) რეგისტრირებული იყო ლ. ხ-ს საკუთრებად. 2016 წლის 26 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა საკუთრებაში გადაეცა თ. ბ–ს და დღეის მდგომარეობით ირიცხება მის სახელზე.
7.2. სადავო ბინას მოპასუხე ფლობს 2004 წლის 24 თებერვლით დათარიღებული სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მას ი. ხ-მ დაუთმო 2016 წლის 11 მარტამდე აღებული სესხის სანაცვლოდ.
7.3. მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რის საპირისპიროდაც მოპასუხე მიუთითებს, რომ თავად წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. მისი განცხადებით, ლ. ხ-სა და გ. ხ–ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ ლ. ხ-ს თავი აერიდებინა მის წინაშე არსებული ვალდებულებისაგან (რომელიც მემკვიდრეობით ერგო ი. ხ-სგან) და აღნიშნულის თაობაზე ასევე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც მოჩვენებითი გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. შესაბამისად, მისი მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურება, რომ ლ. ხ-ს (გარიგების მონაწილე მხარე გამყიდველი) არ უნდოდა უძრავი ქონების გაყიდვა, ხოლო თ. ბ–ს (მყიდველი) - აღნიშნული ქონების ყიდვა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით და სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია გამოხატული ნების ნაკლი ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგთან მიმართებით, რის გამოც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მითითება ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობისა და შემძენის არაკეთილსინდისიერების თაობაზე.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. ხ-სა და ი. ხ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება და ამავე მხარეებს შორის საცხოვრებელი ბინის 2006 წლის 1 მარტამდე დათმობის ხელშეკრულება არ ადასტურებს მოპასუხე გ. ხ–ის მიერ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელობას ახალი მესაკუთრის არსებობის პირობებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებითაა დადგენილი მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა რომ, ვინაიდან ლ. ხ. წარმოადგენდა მხოლოდ ბინის ნაწილის (ორი ოთახის) მფლობელს, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც უნდა მომხდარიყო მხოლოდ ამ ორი ოთახის და არა მთელი ფართის. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ. ხ–ი არ წარმოადგენდა სადავო ბინის (ს/კ …) მართლზომიერ მფლობელს.
10. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი სადავო ბინის უკანონო მფლობელად მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
13. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ლ. ხ-მ უკანონოდ გადააფორმა ბინა მოსარჩელეზე, რომელიც არის არაკეთილსინდისიერი მესაკუთრე. შესაბამისად, მანამ, სანამ ხ-ს მემკვიდრეები არ დაფარავენ ვალს, დაუშვებელია მოპასუხის ბინიდან გამოსახლება.
14. ამასთან, კასატორის განცხადებით, მოსარჩელემ ლ. ხ-სთან სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ისე, რომ ბინა არც უნახავს, რადგან მის რეალურ ინტერესს არ წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების დადება. ამდენად, ცალსახაა, რომ ადგილი აქვს უკანონობას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
24. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სადავო ბინის ყოფილმა მესაკუთრემ თვალთმაქცურად გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რის გამოც მყიდველი (მოსარჩელე) არაკეთილსინდისიერი მესაკუთრეა, ვერ ჩაითვლება იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
27. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ გ. ხ–ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. კასატორ გ. ხ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მთლიანობაში „65“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 93-157);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე