Facebook Twitter

№ ას-615-574-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), მართლზომიერ მფლობელად ცნობა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ს-მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. სარჩელის თანახმად, 2012 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ მ. ჭ-ისგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თბილისი, ვარკეთილის დასახლება, მესამე მასივი, ზემო პლატო, კორპ. …, ბ. …. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების მიხედვით, მ. ჭ-ე და მისი ოჯახის წევრები იცხოვრებდნენ აღნიშნულ ბინაში და მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოსარჩელეს გადაუხდიდნენ ყოველთვიურ ქირას 300 ლარის ოდენობით. 6 თვის შემდეგ მოსარჩელემ შეიტყო, რომ მ. ჭ-ე, საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან და აღნიშნულ ბინაში იმყოფება მოპასუხე, მ. ჭ-ე, რომელიც მიუხედავად მოსარჩელის მრავალგზის მოთხოვნისა, რამდენიმე წელია არ ტოვებს ბინას. იგი აცხადებს, რომ არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და არ იცის როდის შეძლებს ბინის დატოვებას.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ შეთანხმების მიხედვით მის ძმას, მ. ჭ-ეს ოჯახთან ერთად მოსარჩელის ბინაში უნდა ეცხოვრა 5 წელი - 3 წელი გადაიხდიდა ქირას, ხოლო დარჩენილი ორი წელი უნდა ეცხოვრა „ქირის“ გარეშე. მოსარჩელემ დაარღვია აღნიშნული შეთანხმების პირობა და მას შემდეგ, რაც ჭ-ეები აღარ უხდიდნენ ქირას, მოითხოვა სასამართლო წესით მათი ბინიდან გამოსახლება, რაც მოპასუხის აზრით, დაუშვებელია.

4. მოპასუხემ ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და გარიგების საფუძველზე მოსარჩელისთვის ვალდებულების შესრულების დაკისრება.

5. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელე არის არასათანადო მოსარჩელე და მას არ აქვს არანაირი უფლება მოთხოვნა წაუყენოს მ. ს-ს. მათ შორის არასდროს დადებულა შეთანხმება, თუნდაც ზეპირი სახით, ბინით უფასოდ სარგებლობაზე და არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებს. ბინის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში მ. ჭ-ე საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში, ხოლო ბინაში საცხოვრებლად დარჩა მისი და, რომელსაც ელოდა მოსარჩელე, როდის დატოვებდა საცხოვრებელს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, მესამე მასივი, ზემო პლატო, კორპ. …, ბ. … (ს/კ: …) გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის - მ. ს-ისთვის გადაცემა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. 2012 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ მ. ჭ-ისგან შეიძინა საცხოვრებლი სახლი მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, III მასივი, ზემო პლატო, კორპუსი …, ბინა N…;

9.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, III მასივი, ზემო პლატო, კორპუსი …, ბინა N… (ს/კ …) მესაკუთრეს წარმოადგენს მ. ს-ი. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2012 წლის 24 სექტემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

9.3. სადავო ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე;

9.4. 2015 წლის 16 ივლისს მოპასუხისთვის გაგზავნილი წერილით, ამავე რიცხვით დათარიღებული ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთვის გაგზავნილი წერილით მესაკუთრე მ. ს-ი ითხოვს მ. ჭ-ისგან უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

10. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-312-ე მუხლებით და უდავოდ დადგენილად მიიჩნია უძრავი ქონების მოსარჩელისთვის კუთვნილების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მოპასუხე შეეწინაღმდეგოს მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ნივთს ასეთი უფლების შეზღუდვის მიზნით, მას უნდა გააჩნდეს ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ბინაში ცხოვრებას ამართლებს იმ გარემოებით, რომ იგი მოსარჩელესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების მხარეა და შესაბამისად, მართლზომიერად ფლობს ქონებას.

12. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, მხარეთა მოსაზრებები და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება, შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა ქონების მართლზომიერ მფლობელად, ხოლო მესაკუთრეს გააჩნია უფლებამოსილება, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, იდავოს საკუთრების უფლების რეალიზაციისათვის და არ დაუშვას მისი უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

14. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მ. ჭ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინა გაიყიდა არარეალურ, მცირე ფასად, 28 500 აშშ დოლარად და სამაგიეროდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ. ჭ-ე 5 წლის განმავლობაში იცხოვრებდა აღნიშნულ ბინაში, 3 წლის განმავლობაში მოსარჩელეს გადაუხდიდა ყოველთვიურად ქირას, 300 ლარს, ხოლო დარჩენილ ორ წელს იცხოვრებდა „ქირის“ გარეშე. სწორედ ამიტომ მ. ჭ-ემ განაგრძო ბინაში ცხოვრება დასთან, მ. ჭ-ესთან ერთად. ისინი ყოველთვიურად იხდიდნენ შეთანხმებულ თანხას, მაგრამ როდესაც შეთანხმების მიხედვით დადგა დრო, როდესაც მათ აღარ უნდა გადაეხადათ ქირა, მოსარჩელემ არ შეასრულა დათქმული პირობა და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

26. კასატორის პრეტენზია, რომ მის მიერ სადავო ქონების მართლზომიერად ფლობა დასტურდება მოსარჩელესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო პრეტენზია არ წარმოადგენს ვინდიკაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე