№ ას-1010-930-2017 22 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ე. და ვ. ბ–ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ–ი, ნ. მ–ი (მოსარჩელე ა. მ–ის უფლებამონაცვლეები) (კანონიერი წარმომადგენელი - ნ. ქ-ა)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა. მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. და ვ. ბ–ების მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებისა და უფლების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ვ. ბ–ებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ვ. ბ–ებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით ე. და ვ. ბ–ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით ე. და ვ. ბ–ების სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა წარმოება მოწინააღმდეგე მხარის ა. მ–ის გარდაცვალების გამო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის ა. მ–ის გარდაცვალების გამო მის უფლაბამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ. და ნ. მ–ები.
8. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას გარდაიცვალა ა. მ–ი, რის გამოც შეჩერებული იყო საქმის წარმოება. ა. მ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლეების, ნ. და ნ. მ–ების წარმომადგენლმა ნ. ქ-ამ სასამართლოს მიმართა წერილობითი შუამდგომლობით, რომელსაც დაურთო 2017 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ ნ. და ნ. მ–ებმა, როგორც ა. მ–ების მემკვიდრეებმა მიიღეს მემკვიდრეობა. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა უფლებამონაცვლეობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. და ვ. ბ–ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი. სასამართლოს უნდა გაერკვია, ავტომობილის გარდა რა სხვა უძრავი ქონება ერიცხებოდა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე, სად ცხოვრობდა და რამდენ უძრავ ქონებას ფლობდა იგი, ხომ არ იყო დაქორწინებული ვ. ბ–ზე. ამასთან, სასამართლომ შუამდგომლობის ავტორის, ნ. ქ-ას სასამართლო პროცესზე დასწრების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება უფლებამონაცვლედ მისი შვილების ცნობის შესახებ და ე. ბ–ს არ მისცა საშუალება გამოეთქვა აღნიშნულზე თავისი აზრი.
11. კერძო საჩივრის ავტორები არსებითად მსჯელობენ დავის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არასაცხოვრებელი ფართიდან წილის ნახევრის მიკუთვნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. და ვ. ბ–ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, ა. მ–ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნ. და ნ. მ–ების ცნობის საფუძველი.
15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით ე. და ვ. ბ–ების სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეჩერდა საქმის წარმოება ა. მ–ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 413-418).
16. 2017 წლის 19 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ქ-ამ, რომელმაც განცხადებას დაურთო სამკვიდრო მოწმობა და ა. მ–ის უფლებამონაცვლეებად მისი შვილების, ნ. და ნ. მ–ების ცნობა მოითხოვა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 428-431).
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას ა. მ-ის უფლებამონაცვლეებად საქმეში ნ. და ნ. მ–ების ცნობის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
18. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მოპასუხის უფლებამონაცვლის ცნებას. კერძოდ, მოპასუხის უფლებამონაცვლეა პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე.
19. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი იქნა გარდაცვლილი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, ა. მ–ის მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებობდა მათი (ნ. და ნ. მ–ების) უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის საპროცესი-სამართლებრივი საფუძველი.
20. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უფლებამონაცვლის დადგენამდე უნდა გამოერკვია ავტომობილის გარდა რა სხვა უძრავი ქონება ერიცხებოდა მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე, სად ცხოვრობდა და რამდენ უძრავ ქონებას ფლობდა იგი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის წესსა და საფუძვლებს ითვალისწინებს საქმეში უფლებამონაცვლედ იმ პირის ჩაბმას, რომელმაც მიიღო გარდაცვლილის სამკვიდრო ქონება და სასამართლო არ არის უფლებამოსილი უფლებამონაცვლის დადგენისას გამოარკვიოს რა სახის და რაოდენობის ქონება დარჩა მამკვიდრებელს. უფლებამონაცვლეობის არსი სწორედ ისაა, რომ თავდაპირველი მესაკუთრის შეცვლის პირობებში, ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მატარებელი სუბიექტი უფლებამონაცვლე ხდება.
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას არასაცხოვრებელი ფართიდან წილის ნახევრის მოსარჩელისთვის მიკუთვნების უსაფუძვლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული საკითხი დავის არსებითად განხილვის ეტაპზე უნდა გადაწყდეს, განსახილველ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მასზე.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. და ვ. ბ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე