Facebook Twitter

№ ას-1005-966-2016 23 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ი-ი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ი-მა’’ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 4 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 3 010 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 1 672 აშშ დოლარის, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 2 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის, სესხით სარგებლობის პირველი თვისათვის სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 3.5%-ის, მეორე თვისათვის - სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 4.5%-ის, მესამე და მომდევნო თვეებისათვის კი სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 5.5%-ის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ X5 3.0 (ს/ნ …).

3. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაიხადა სესხზე დარიცხული სარგებელი 02.07.2014 წელს - 140 აშშ დოლარი; 02.08.2014 წელს - 180 აშშ დოლარი; 02.09.2014 წელს - 220 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლისთვის სესხი 2014 წლის 2 სექტემბერს დაებრუნებინა, თუმცა მან აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდა სარგებლის დარიცხვა, რაც მსესხებელმა დაადასტურა მის მიერ 02.10.2014 წელს სარგებლის - 220 აშშ დოლარის გადახდით. 2014 წლის 2 ნოემბერს მსესხებელმა მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა სარგებელი - 70 აშშ დოლარი და მას შემდეგი თვეებისთვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი აღარ გადაუხდია, აგრეთვე არ დაუბრუნებია სესხი, მიუხედავად მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილისა.

4. მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხისაგან მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვალდებულება არ შეასრულა. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, 2014 წლის 27 ნოემბერს შსს ,,მომსახურების სააგენტოს’’ მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა №…, რის საფუძველზეც მან მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა გირავნობით დატვირთული ავტომობილის ამოღება და მოგირავნისთვის გადაცემა. მოსარჩელის განცხადებით, მან გადაიხადა გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 200 ლარი, თუმცა აღმასრულებლმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ავტომობილის მოძიება, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ დაეთანხმა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა №… სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 4000 აშშ დოლარის, სარგებლის - 3 010 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 167,2 აშშ დოლარის, გირავნობის მოწმობისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარისა და სააღსრულებო მომსახურების საფასურის - 200 ლარის გადახდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2016 წლის 28 სექტემბერს 10:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

10. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 230-ე, 233-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. ამასთან, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა - აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა, ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 2 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,25%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა1 672 აშშ დოლარს.

12. ამასთან, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოთ აღნიშნული, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

13. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით და განმარტა, რომ მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ დაკისრებული ძირითადი დავალიანების (4 000 აშშ დოლარი), სარგებელის (3 010 აშშ დოლარი) და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 1 672 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, მართებულად მოხდა მისი გონივრულ ოდენობამდე - 167,2 აშშ დოლარამდე - შემცირება.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმება და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

16. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და მოსარჩელის მიერ ისედაც მნიშვნელოვნად შემცირებული პირგასამტეხლო 10-ჯერ შეამცირა ისე, რომ არ დაუსაბუთებია რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის არათანაზომიერად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე, რომ არ დაუსაბუთებია მისი შემცირების მართებულობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

23. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

24. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

25. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ი-ს“ (ს/კ: …) დაუბრუნდეს ი. გ–ის (პ/ნ: …) მიერ 2016 წლის 28 ოქტომბერს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე