Facebook Twitter

№ა-5016-გან-6-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ. და ე. შ-ეების კანონიერი წარმომადგენელი ნ. ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ე

განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება

დავის საგანი – სამკვიდროს გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ე. შ-ეების კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ–ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ. და ე. შ-ეების კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ბ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით მ. და ე. შ-ეების კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

7. 2017 წლის 1 დეკემბერს მ. და ე. შ-ეების კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ბ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინების (საქმე #ას-715-685-2016) განმარტება.

8. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვნები თავისი დარღვეული უფლებების შესახებ საჩივრებზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს, რატომ არ არის კანონის აღნიშნული დანაწესი ამ პირების მიმართ გამოყენებული და უნდა გაასწოროს ეს შეცდომა იმგვარად, რომ არასრულწლოვან მ. და ე. შ-ეების დედას, ნ. ბ–ს დაუბრუნდეს მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

9. განმცხადებლების მითითებით, უზენაესმა სასამართლომ ასევე უნდა განმარტოს, რის საფუძველზე მიიჩნია კანონიერად ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, როცა არასრულწლოვნებმა მემკვიდრეობა მიიღეს მამის ქონებაზე, მამას კი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სახელმწიფოდან აქვს მიღებული ქონება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. და ე. შ-ეების კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ–ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსი, მისი მიზანი და ის წინაპირობები, თუ რა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

12. შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება.

13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ასევე გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო მიზანი - ამ ინსტიტუტის დახმარებით აღმოიფხვრას სამართალწარმოებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზები, რაც გადაწყვეტილების ბუნდოვანებაში გამოიხატება.

14. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინების განმარტებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მაშინ, როცა სსსკ 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვნები გათავისუფლები არიან ბაჟის გადახდისაგან; ამასთან, განმცხადებელი მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ განმარტოს, რის საფუძველზე მიიჩნია კანონიერად ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

15. განმცხადებლის მითითებული პრეტენზიების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა სახეზე არ არის. მხარის პრეტენზია, რომ იგი არასწორად იხდიდა სახელმწიფო ბაჟს, ვერ მიიჩნევა გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად. განჩინებით, რომლის განმარტებასაც ითხოვს განმცხადებელი, დაუშვებლად იქნა ცნობილი მისი საკასაციო საჩივარი და კასატორს დაუბრუნდა მის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნათლად და არაორაზროვნადაა გადმოცემული საქმის შედეგი და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისას სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის დაბრუნების წესი. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა სხვადასხვა ინსტანციებში მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, მას შეეძლო განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულებისაგან გათავისუფლება, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პრეტენზიით სასამართლოსთვის მიმართვა სცდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის ფარგლებს.

16. უსაფუძვლოა ასევე განმცხადებლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს, რის საფუძველზე მიიჩნია კანონიერად ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

17. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების მიზანი აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, გადაწყვეტილება რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს უნდა იყოს აღსრულებადი - იგი უნდა განსაზღვრავდეს უფლების საკითხს. შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და არაორაზროვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით არ დაირღვეს მხარეთა უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტი ზოგადად არ ითვალისწინებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებას. აღნიშნული საკითხი დავის არსებით მხარეს მოიცავს, რაზეც 2017 წლის 13 მარტის განჩინებაში იმსჯელა კიდეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მის სამოტივაციო ნაწილში დეტალურად გასცა პასუხი კასატორის თითოეულ პრეტენზიას (რასაც განმარტების ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. და ე. შ. ბ-ეების კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ–ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. და ე. შ-ეების კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ–ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე