Facebook Twitter

№ ას-1113-1033-2017 28 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ვ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ი–ი (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები - რ.გ–ძე, ლ.გ–ძე, ი.გ–ძე

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2011 წლის 29 ნოემბერს ვ.გ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სავარაუდო მოპასუხის ვ.ი–ის უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ვ.გ–ის განცხადება დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო მოპასუხე ვ.ი–ის (პ/ნ: .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ......, მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ..... და უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ......., ბინა N57, ფართი: 69.80 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N.....; ასევე ყადაღა დაედო მოპასუხე ვ.ი–ის (პ/ნ: ......) საკუთრებაში არსებულ სს „ს.ბ–ში“ შემდეგ საბანკო ანგარიშს - ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900.

3. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე ვ.ი–მა წარადგინა საჩივარი, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

4. 2011 წლის 12 დეკემბერს ვ.გ–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს რ.გ–ძის, ი.გ–ძის, ლ.გ–ძისა და ვ.ი–ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

5. მოპასუხეებმა ვ.ი–მა, ი.გ–ძემ და ლ.გ–ძემ სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე რ.გ–ძემ სარჩელი ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოიშალა ვ.გ–სა და ვ.ი–ს შორის 2008 წლის 1 ივნისის ზეპირი ფორმით დადებული იჯარის ხელშეკრულება; მოპასუხე ვ.ი–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 151 026.90 ლარი; მოპასუხე ვ.ი–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით - 3 000 ლარი, საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 6 041.07 ლარი და სასამართლოსგარეშე ხარჯი - 5 549.91 ლარი.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

8. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტ ვ.ი–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ნაწილობრივ შეცვლა, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე #GE09BG0000000893575900 ყადაღის მოხსნა და სანაცვლოდ ყადაღის გამოყენება იმავე ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე 120 000 ლარის ფარგლებში.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ერთი სახის მეორით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ვ.ი–მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეცა განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ.ი–მა, ი.გ–ძემ და ვ.გ–მა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

14. ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.ი–ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისისა და 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ: .....მ) საბანკო ანგარიშზე - ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900 - დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ ყადაღა დაედო აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გამოყენების ნაწილში დარჩა უცვლელი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ.ი–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

17. ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.ი–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.გ–ის სარჩელი ვ.გ–სა და ვ.ი–ს შორის 2008 წლის 1 ივნისს ზეპირი სახით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი; ვ.გ–ის სარჩელი ვ.ი–ისათვის უძრავი ქონების სარემონტო-სარეკონსტრუქციო ხარჯის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ვ.ი–ს ვ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 114 258 ლარის გადახდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

18. 2020 წლის 24 სექტემბერს ვ.გ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ დავა მხარეებს შორის დასრულებულია, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, დაწყებულია აღსრულება და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოითხოვს მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დავა მხარეებს შორის დასრულებულია, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, დაწყებულია აღსრულება და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება.

21. განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.ი–ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისისა და 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ: ........) საბანკო ანგარიშზე - ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900 - დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ ყადაღა დაედოს აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გამოყენების ნაწილში დარჩა უცვლელი.

22. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

23. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

24. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

25. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

26. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ დავა დასრულებულია და აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მოცემულ ეტაპზე მიღწეულია და მოპასუხის საბანკო ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.გ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.ი–ისათვის დაწესებული შეზღუდვა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ: ......) საბანკო ანგარიშზე - ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900 - დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ ყადაღა დაედო აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე