№ ას-1113-1033-2017 17 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ვ. ი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისისა და 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2011 წლის 29 ნოემბერს ვ. გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სავარაუდო მოპასუხის ვ. ი-ის ქონებასა და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ვ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო მოპასუხე ვ. ი-ის (პ/ნ: …) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, დ-ის ქუჩა #... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: …) და უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი პირველი, კორპ. …, ბინა #... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: …); ასევე ყადაღა დაედო მოპასუხე ვ. ი-ის (პ/ნ: …) საკუთრებაში არსებულ სს „საქართველოს ბანკში“ შემდეგ საბანკო ანგარიშს - ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: …
3. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ი-მა წარადგინა საჩივარი, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება.
4. 2011 წლის 12 დეკემბერს ვ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. გ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-სა და ვ. ი-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
5. მოპასუხეებმა ვ. ი-მა, ი. გ-ემ და ლ. გ-ემ სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე რ. გ-ემ სარჩელი ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოიშალა ვ. გ-სა და ვ. ი-ს შორის 2008 წლის 1 ივნისის ზეპირი ფორმით დადებული იჯარის ხელშეკრულება; მოპასუხე ვ. ი-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 151 026.90 ლარი; მოპასუხე ვ. ი-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 6 041.07 ლარი და სასამართლოსგარეშე ხარჯი - 5 549.91 ლარი.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
8. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტ ვ. ი-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ნაწილობრივ შეცვლა, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე #... ყადაღის მოხსნა და სანაცვლოდ ყადაღის გამოყენება იმავე ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე 120 000 ლარის ფარგლებში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით და აღნიშნა, იმისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახით მეორის შეცვლა სწორი და მართლზომიერი იყოს, სარჩელის უზრუნველყოფის ახალი სახე სრულად უნდა უზრუნველყოფდეს სასარჩელო მოთხოვნებს და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შემთხვევაში იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.
11. სასამართლომ ყურადღება მიაქცია დავის საგნის ფასს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხის მიერ არ მოხდება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება, იძულებით აუციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების რეალიზაცია შესაძლოა არ მოხდეს იმ ფასად, რაც საკმარისი იქნება სარჩელის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოცემულ საქმეზე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე შეექმნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის სხვა ქონებით ჩანაცვლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ერთი სახის მეორით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ვ. ი-მა.
14. საჩივრის ავტორის განცხადებით სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იქნებოდა დაცული სამართლებრივი ბალანსი მოსარჩელის და მოპასუხის ინტერესებს შორის იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის საგანი - ყადაღა ფულად სახსრებზე - შეიცვლებოდა, რატომ არ უზრუნველყოფდა სულ მცირე 904 903.39 ლარის ღირებულების ქონება 351 592 ლარის მოთხოვნის უფლებას. ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოპასუხეს დაეკისრა დაახლოებით 151 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, აშკარაა, რომ განცხადების განხილვისას დაკისრებული თანხის ოდენობას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია. საჩივრის ავტორის განცხადებით, საბანკო ანგარიშზე არსებული განუსაზღვრელი რაოდენობის ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით არა მხოლოდ ფინანსურად ირღვევა ბალანსი მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის დაყადაღებულ ქონებას შორის, არამედ აღნიშნული შეზღუდვა არსებითად ახდენს გავლენას მოპასუხის უფლებებზეც, რადგან ფულადი სახსრების შეზღუდვა უქმნის დაბრკოლებებს ჯეროვნად გასაჩივრების უფლებას.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ვ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
18. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფისა და, მათ შორის, მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოპასუხე ვ. ი-ის ქონებასა და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოითხოვა, რაც საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სრულად. კერძოდ, ყადაღა დაედო მოპასუხე ვ. ი-ის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას ასევე, სს „საქართველოს ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშს.
21. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოპასუხე ვ. ი-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე და მოითხოვა საბანკო ანგარიშზე ყადაღის მოხსნა, სანაცვლოდ ამავე ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე 120 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვება. განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ვ. ი-ის მიმართ განსაზღვრა 388 360.9 ლარით, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში მან შეამცირა მოთხოვნა 36 768.9 ლარით, რის შემდეგაც სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა განისაზღვრა 351 592 ლარით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია ორი ძვირად ღირებული უძრავი ნივთი, რომელთა საბაზრო ღირებულება სულ მცირე შეადგენს 904 903,39 ლარს, რაც 553 311.39 ლარით აღემატება სასარჩელო მოთხოვნას, არსებობს ყველა წინაპირობა, რათა შეიცვალოს უზღუნველყოფის საგანი და ყადაღა მოეხსნას მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშს იმგვარად, რომ სანაცვლოდ ყადაღა დაედოს ამავე ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ შეექმნება საფრთხე მოცემულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას მითითებული ცვლილებით.
23. სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
24. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.
25. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს.
26. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი მოპასუხე ვ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ვ. ი-ს ვ. გ-ის მიმართ დაეკისრა 151 026.90 ლარის, საადვოკატო მომსახურების - 6 041.07 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 5 549.91 ლარის, ჯამში - 162 617.9 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დატოვებულია განუხილველად ვადის დარღვევით წარდგენის გამო, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. ამრიგად, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო ამოწმებს რამდენად საფუძვლიანია მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ან მისი განუხორციელებლობით მიადგება თუ არა ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს.
28. აღნიშნული საფუძვლების კვლევის მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შპს „…“ მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს გაცემულ შეფასების ანგარიშსა (ტ. 3, ს.ფ.337-361) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 აპრილის #... დასკვნას (ტ. 1, ს.ფ. 114-123), რომლითაც შეფასებულია ვ. ი-ს სახელზე რიცხული ორი უძრავი ქონება - ქ. თბილისში, დიღმის მასივში, პირველ კვარტალში, კორპ. …-ში მდებარე ბინა #... (ს/კ: …) და ქ. თბილისში, დ-ის ქ. #...-ში მდებარე ორსართულიანი შენობა. სწორედ აღნიშნული ქონება დააყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშთან ერთად. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, დიღმის მასივში, პირველ კვარტალში, კორპ. …-ში მდებარე ბინა #... (ს/კ: …) შეფასდა 122 000 ლარად, ხოლო თბილისში, დ-ის ქ. #...-ში მდებარე ორსართულიანი შენობა - 232 447,90 ლარად. ანუ საერთო ჯამში აღნიშნული ორი უძრავი ნივთის საშუალო საბაზრო ღირებულებაა 354 347,9 ლარი.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სადავო გარემოებათა მტკიცების გარკვეულ სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
30. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებული ღონისძიება - ქონებასა და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება - აყენებდა მას ზიანს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ აღნიშნული საპროცესო მოვალეობა შეასრულა. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს ჯამში - 162 617.9 ლარი, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხის მოპასუხის საუარესოდ შებრუნება დაუშვებელია, ამასთან, სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული ორი უძრავი ქონების საშუალო საბაზრო ღირებულებაა 354 347.9 ლარი, რაც სავსებით საკმარისია დაკმაყოფილებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებასა და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების) იმგვარად ცვლილების თაობაზე, რომ ყადაღა მოეხსნას მოპასუხის საბანკო ანგარიშს და სანაცვლოდ დაყადაღდეს იმავე ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახრსები 120 000 ლარის ფარგლებში, სავსებით საფუძვლიანია და მისი განხორციელებით ოპტიმალურად და ადეკვატურად იქნება დაცული ორივე მხარის ინტერესი. შესაბამისად, დაცული იქნება სასარჩელო მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ აღუსრულებლობისაგან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისისა და 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ. ი-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისისა და 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებები;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „საქართველოს ბანკში“ ვ. ი-ის (პ/ნ: …) საბანკო ანგარიშზე - ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: … - დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალოს იმგვარად, რომ ყადაღა დაედოს აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გამოყენების ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე