გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-48-კ.ს-03 21 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 24 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” გამგეობის თავმჯდომარემ ო. ჯ-ძემ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. თელავის რაიონის გამგეობისაგან მიყენებული მატერიალური ზიანის 510000 ლარის ანაზღაურება და უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება. მოსარჩელემ, ამავე განცხადებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, მოითხოვა, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე და საქმის არსებითად გადაწყვეტამდე თელავის კულტურისა და დასვენების პარკის “...ის” საზაფხულო კინოთეატრის მიწის ნაკვეთზე აკრძალულიყო საამშენებლო სამუშაოების დაწყება და მოსარჩელე, მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 იანვრის განჩინებით, სარჩელი ჩაითვალა ხარვეზიანად და სსკ-ს 38-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის ვალდებულება.
2003წ. 12 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა “ბ-ის” გამგეობის თავმჯდომარემ, რომელმაც სასამართლოში წარადგინა ს.ს “ს. ე. ბ-ის” მიერ გაცემული ცნობა, რომლის შესაბამისადაც, 2003წ. 11 თებერვლის მდგომარეობით მოსარჩელის ანგარიშზე რიცხული ნაშთი შეადგენს 20 ლარსა და 87 თეთრს და განმეორებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
2003წ. 17 თებერვლის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ამავე განჩინებით მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის წინასწარი გადახდა, ხოლო დარჩენილი 3000 ლარის – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მხარეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ახალი საპროცესო ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის მითითებულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სარჩელი დატოვებული იქნებოდა უმოძრაოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განჩინებით ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” სასარჩელო განცხადება, ხარვეზის შევსების მიზნით მიცემული ვადის უშედეგოდ გაშვების გამო, დატოვებული იქნა უმოძრაოდ.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” გამგეობის თავმჯდომარის ო. ჯ-ძის მიერ წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება. კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას ძირითადად აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და არ გაითვალისწინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა, რითიც მას მოესპო შესაძლებლობა სასამართლო წესით დაეცვა დარღვეული უფლებები.
კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით მიჩნეული იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები.
სსკ-ს 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.
საყურადღებოა, რომ მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ მხარის “ქონებრივი” მდგომარეობის გათვალისწინებით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ, კერძო საჩივრის საფუძველზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, შემოწმებული იქნა ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” ქონებრივი მდგომარეობა, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბუნების დაცვის კავშირი “ბ-ი” აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, რაც სასამართლოს აძლევს უფლებას, გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და მხარეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუდოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მარტოოდენ ანგარიშებზე თანხის უქონლობა, არ ქმნის სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულებას, ვინაიდან აღნიშნული, თავისთავად, არ ადასტურებს მხარის უქონლობის ფაქტს, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება მის სახელზე რიცხული ქონების ერთობლიობით. ხოლო რაც შეეხება ,,ბ-ის” ქონებრივ მდგომარეობას, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი ქონების დაბრუნების მოთხოვნით, ჩაბმულია არაერთ დავაში, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ,,ბ-ი” აკმაყოფილებს სსკ-ს 48-ე მუხლის მოთხოვნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” გამგეობის თავმჯდომარის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 მარტის განჩინება ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” სასარჩელო განცხადების უმოძრაოდ დატოვების თაობაზე;
3. დაკმაყოფილდეს ბუნების დაცვის კავშირის “ბ-ის” თავმჯდომარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადადების თაობაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.