Facebook Twitter

№ ას-473-441-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. მ–ი, ს. მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. ბ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ–ის, ს. მ–ისა (შემდგომში „მოპასუხეები’’, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) და ლ. ჯ–ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: გურჯაანის რაიონი სოფელი … (ს/კ …, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, ფართი: 280.80 კვ.მ, მიწის დაზუსტებული ფართობი 958.00 კვ.მ) მოპასუხეთა უკანონი მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. სარჩელის თანახმად, თ. ბ–ის საკუთრებაშია გურჯაანის რაიონის სოფელ … მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, რომელზეც მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

3. 2015 წლის ნოემბრის შემდეგ მოსარჩელემ მის ბინაში უკანონოდ მცხოვრებ ზ. მ–ს, ს. მ–სა და ლ. ჯ–ს არაერთხელ მიმართა თხოვნით, დაეცალათ მისი სახლი. მათ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიეცათ გონივრული ვადა (ორი თვე), თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ თავის კანონიერ მოთხოვნაზე უარი მიიღო, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

4. მოპასუხე ლ. ჯ–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ზ. მ–ის სიძეა, არ ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და მოცემულ დავაში არ არის სათანადო მოპასუხე. როგორც მისთვის ცნობილია, მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი შეძენილი აქვს აუქციონის წესით და მისი რეალიზაცია მოხდა სესხის უზრუნველსაყოფად.

5. მოპასუხეებს ზ. მ–სა და ს. მ–ს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოსარჩელის მხრიდან ლ. ჯ–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონი მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, გურჯაანის რაიონის სოფელ … მდებარე უძრავი ქონების (ს/კ …, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, ფართი: 280.80 კვ.მ., მიწის დაზუსტებული ფართობი 958.00 კვ.მ) გამოთხოვა და მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

9. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 2321-ე, 233-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. სასამართლოს მოსაზრებით, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ შეიძლება მიჩნეულიყო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ ისინი ვერ გაერკვნენ გზავნილის შინაარსში. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში, რასაც განსახილველ დავაში ადგილი არ ჰქონია.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო უდავოდ დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გურჯაანის რაიონის სოფელ …-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ …, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 958.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, შენობა-ნაგებობების ფართი: 280.80 კვ.მ.) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას; ქონების ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლის გარეშე ფლობეენ მოპასუხეები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასარჩელო მოთხოვნა პირდაპირ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებიდან, რის გამოც უსაფუძვლოა აპელანტების პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნისა და დადგენილი ფაქტების იურიდიულ არამართებულობასთან დაკავშირებით.

13. რაც შეეხება აპელანტების პრეტენზიას იმის თაობაზე რომ სასამართლომ არ მიიღო ზომები მხარეთა მორიგების განსახორციელებლად, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან, მართალია, სასამართლო ვალდებულია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა და ხელი შეუწყოს მხარეებს მორიგებაში (სსსკ-ის 218-ე მუხლი), მაგრამ აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი ნების არსებობისა და მათ შორის კონსესუსის მიღწევის პირობებში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. კასატორების განმარტებით, მათ თ. ბ–ის სარჩელი ჩაბარდათ 2016 წლის 4 ივლისს, თუმცა სასამართლოს შესაგებელი ვერ წარუდგინეს განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ გაერკვნენ გზავნილის შინაარსში და არა იმიტომ, რომ სადავო საკითხის მიმართ ინტერესი არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გზავნილის შინაარსი გაარკვიეს, 2016 წლის 26 ივლისს, სასამართლოს მიმართეს სხდომის დანიშვნის თაობაზე განცხადებით.

16. კასატორების განცხადებით, მათ სურვილი აქვთ სადავო საცხოვრებელი სახლი დაიბრუნონ კანონიერი გზით და ამ საკითხზე სარჩელის აღძვრამდეც მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკება, თუმცა სასამართლომ არ მიიღო საკმარისი ზომები, რათა შემდგარიყო მორიგება. მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და არც სხვა სახლის ყიდვის საშუალება აქვთ.

17. კასატორები სთავაზობენ მოწინააღმდეგე მხარეს მორიგებას, რათა გადახდილი თანხა დაუბრუნონ ისე, რომ მოსარჩელე არ დაზარალდეს. ვინაიდან როგორც მათთვის გახდა ცნობილი მოწინააღმდეგე მხარე აპირებს სადავო სახლის გაყიდვას.

18. კასატორების განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო იმის გამოც, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელემ შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეიძინა მათი ქონება აუქციონზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით ზ. მ–ისა და ს. მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ზ. და ს. მ–ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების კანონიერება. საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მათ მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - კერძოდ, ისინი ვერ გაერკვნენ გზავნილის შინაარსში, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.

24. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შესაგებლის წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

26. ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს საჩივარი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელო მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).

27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კასატორები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოპასუხეთა მიერ იმ გარემოების მითითება, რომ საპროცესო ვადის დარღვევა გამოიწვია გზავნილის შინაარსში გაურკვევლობამ. სასამართლო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილში, რომელიც ჩაბარდათ მოპასუხეებს, ნათლად და გარკვევით არის განმარტებული სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეთა (კასატორთა) ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ შეიძლება გახდეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

28. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ მხარე აღნიშნულ პრეტენზიას ამყარებს მოსარჩელის მიერ მისი ქონების აუქციონზე შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეძენაზე.

29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

32. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს და საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-341-319-2017 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი; №ას-535-509-2013, 24 მარტი, 2014 წელი).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. მ–ისა და ს. მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ზ. მ-სა (პ/ნ: …) და ს. მ–ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეთ ზ. მ–ის მიერ 2017 წლის 5 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე