№ ას-1243-1163-2017 6 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – კ. დ-ე, რ. დ-ე, ზ. ჩ-ი, გ. ფ-ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ო“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ნ. დ-ე, რ. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „მ-მ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ-ის, ნ. დ-ის, რ. ფ-ას, გ. ფ-ას, კ. დ-ისა და რ. დ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4 935.00 აშშ დოლარის გადახდა.
3. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ჩ-მა, კ. დ-ემ, ნ. დ-ემ, რ. დ-ემ, რ. ფ-ამ და გ. ფ-ამ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინების ასლი ნ. დ-ეს და გ. ფ-ას ჩაბარდათ 2017 წლის 17 მაისს, რ. და კ. დ-ეების წარმომადგენელს - 2017 წლის 19 მაისს, რ. ფ-ას - 2017 წლის 24 მაისს, ზ. ჩ-ს - 2017 წლის 30 მაისს. შესაბამისად, ნ. დ-ეს და გ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა ამოეწურათ 2017 წლის 31 მაისს, რ. და კ. დ-ეებს - 2017 წლის 2 მაისს, რ. ფ-ას - 2017 წლის 8 მაისს და ზ. ჩ-ს - 13 ივნისს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში აპელანტებმა წარადგინეს 2017 წლის 16 ივნისს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
8. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს კ. დ-ემ, რ. დ-ემ, გ. ფ-ამ და ზ. ჩ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორების განცხადებით, ნ. დ. ე, გ. ფ-ა, რ. და კ. დ-ეები და რ. ფ-ა არ აპირებდნენ სააპელაციო საჩივრის წარდგენას, მაგრამ ზ. ჩ-მა, რომელიც აღნიშნულ საქმეში სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება ჩაბარდა ამავე წლის 3 ივნისს და გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ ერთ-ერთ აპელანტს, ზ. ჩ-ს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამრიგად, საჩივრით სადავო არ არის დანარჩენი აპელანტების (კ. დ-ის, რ. დ-ისა და გ. ფ-ას) მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინების გასაჩივრების ვადის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო წარდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს აპელანტ ზ. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
14. როგორც კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ზ. ჩ-ს ჩაბარდა 2017 წლის 3 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, 2017 წლის 16 ივნისს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა აპელირებას ზ. ჩ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესახებ და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მთითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ ზ. ჩ-ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ჩაბარდა პირადად 2017 წლის 30 მაისს (იხ. ს.ფ. 166), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 16 ივნისს, განჩინების ჩაბარებიდან მე-17 დღეს. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია ზ. ჩ-ისათვის გადაწყვეტილების 2017 წლის 3 ივნისს ჩაბარებისა და მისი 14 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენის შესახებ დაუსაბუთებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა ზ. ჩ-ის მიერ სადავო განჩინების 2017 წლის 3 ივნისს ჩაბარების ფაქტი, მის მიერ 2017 წლის 16 ივნისს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი მაინც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ვადის დაცვით წარდგენილად.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
18. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
19. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
21. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ზ. ჩ-ისთვის ცნობილი იყო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 1 მაისს დანიშნული სასამართლოს სხდომის თაობაზე (იხ. ს.ფ. 140-141), თუმცა მას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2017 წლის 22 მაისიდან 1 ივნისამდე) სასამართლოსთვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, აპელანტებისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2017 წლის 1 ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 14 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 16 ივნისს, ორი დღის დაგვიანებით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებობდა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ. დ-ის, რ. დ-ის, ზ. ჩ-ისა და გ. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე