Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2308-ა-9-2016 10 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ლ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ვ-ა" (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი– დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ- ას’’ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: ლ. ა-ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი), ლ. ა–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე), ლ. ლ-იძესა (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და შ. ხ-ს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის - 29 096.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1104.01 ლარის ანაზღაურება კრედიტორის სასარგებლოდ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის გაჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა(იხ. ტ.2, ს.ფ.46-57).

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (იხ. ტ.2, ს.ფ.148-149).

6. 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება/შუამდგომლობით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დარჩა.

8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

10. 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და განმარტა, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინა.

12. 2016 წლის 12 აგვისტოს, პირველმა მოპასუხემ დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13. განცხადება მოტივირებულია იმით, რომ კერძო საჩივარი N17 პენიტენციური დაწესებულების აპარატს გადაეცა 2016 წლის 25 აპრილს, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პირველ მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია. განცხადებას თან ერთვის მიმართვის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა (კერძო საჩივრის ავტორმა) N17 პენიტენციური დაწესებულების ცენტრალურ აპარატს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი 2016 წლის 25 აპრილს გადასცა, მიმართვის წერილს აქვს შტრიხკოდი - 9 16 00340831.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 427-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

16. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. მოხმობილი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი საქმის განხილვისას სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინების ასლი იმავე წლის 14 აპრილს ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორს, რაც დასტურდება მის მიერ შედგენილი ხელწერილით (იხ. ტ. 4, ს/ფ 16-17), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 26 აპრილს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2016 წლის 28 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

18. კერძო საჩივრის ავტორმა 2016 წლის 22 ივნისს მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, რომლის მოტივები და მტკიცებულებები მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები (იხ. განჩინების მე-13 პუნქტი) დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებით, კერძოდ, მიმართვის წერილით, რომლის შესაბამისად, დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ N17 პენიტენციური დაწესებულების ცენტრალურ აპარატს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი 2016 წლის 25 აპრილს გადასცა, მიმართვის წერილს აქვს შტრიხკოდი - 9 16 00340831.

20. საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ პირველ მოპასუხეს არ დაურღვევია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადა, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია, გათვალისწინებული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

21. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ მოპასუხეს კერძო საჩივარზე არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სსსკ-ის 420-ე, 396.3-ე მუხლების მიხედვით მას კერძო საჩივარზე უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე, 408.3-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ა-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;

3. ლ. ა–ს კერძო საჩივარზე დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე