Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2485-შ-67-2017 29 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ტ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ს (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილებით 2010 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ა. ქ-ის (შემდეგში: არასრულწლოვანი) ნამდვილ მამად ცნობილ იქნა ი. მ-ს, მამის სახელი: კ. (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან არასრულწლოვანის მამა), რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი.

2. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კ. მ-სმა (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვანის ბაბუა ან მეურვე) შეიტანა სარჩელი სამი მოპასუხის: 1) ს. ტ-ის ძე ქ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე), 2) ა. ა-ის ასული ტ-ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან არასრულწლოვანის დედა) და 3) მესამე მოპასუხის (იხ. პირველი პუნქტი) წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანის მამად დადგენის მოთხოვნით.

3. სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა პირველი მოპასუხე, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეები წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით.

4. უცხო ქვეყნის სასამართლომ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განარტებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის ბიოლოგიური მამა მესამე მოპასუხე იყო, ნაცვლად პირველი მოპასუხისა.

5. საკასაციო სასამართლოში არასრულწლოვანის დედის (მეორე მოპასუხის) წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 13 ივნისს აღძრული შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ დასაბუთებით, რომ ბავშვი საქართველოს მოქალაქეა და მის სააქტო ჩანაწერში, მამის გრაფაში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით, სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია საბერძნეთში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

8. 2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და საქმეზე დასართავად წარმოადგინა არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მამის გრაფის გასწვრივ მითითებულია მხოლოდ სახელი - ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მეორე მოპასუხის შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის დედის მოთხოვნა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

10. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა, რომლის საფუძველზეც არასრულწლოვანი ბავშვის, რომელიც პირადობის მოწმობა საქართველოშია აღებული (იხ. მე-7 პუნქტი), ბიოლოგიურ მამად ცნობილი იქნა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პირი.

11. დასახელებული კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

12. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი. მ-ს, მამის სახელი: კ., რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე