საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-4138-შ-109-2017 5 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ. ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება N314605/10
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის N314605/10 გადაწყვეტილებით შეწყდა ბ. ფ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ა. ა-ეს (ქორწინებამდელი) ა. ფ-ეს (შემდეგში: მოპასუხე) შორის ქორწინება და მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა გააგრძელოს თავისი პირველი გვარის - ა-ე გამოყენება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 11 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის N314605/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 9 მარტიდან და საქმე არქივში 2011 წლის 16 მარტს გადაიგზავნა.
4. აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წყვილის ერთობლივი თანხმობით.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის N314605/10 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ, მოპასუხე გამოცხადდა სხდომაზე და უარი თქვა ჩვენების წერილობითი ფორმით ახსნა-განმარტების მიცემაზე.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება N314605/10, რომლის საფუძველზე შეწყდა ბ. ფ-ესა და ა. ფ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება და ა. ფ-ეს მიეცა შესაძლებლობა გააგრძელოს თავისი პირველი გვარის - ა-ე გამოყენება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე