საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-333-312-2017 30 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ზ. ხ-ის (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სასარჩელო მოთხოვნა ააიპ„ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ (შემდეგში - დამსაქმებელი, მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი)წინააღმდეგ, კერძოდ:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის №84 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და გაერთიანების N1 ფილიალში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 12 იანვრიდან იმავე წლის 1 სექტემბრამდე - თვეში 384 ლარის ოდენობით; აგრეთვე - გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 24 სამუშაო დღის ოდენობით (იხ.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2.ს.ფ. 68-99).
2. 2017 წლის 18 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით, გაცხადებით მიმართეს ამავე პუნქტში მოხსენიებულმა სუბიექტებმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის, შემდეგში სსსკ, 262.1. მუხლი).
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: „მოსარჩელე აღდგენილ იქნას ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების №1 ფილიალში დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე“;
2.1.1 სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და განმარტა: საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ ამგვარადვე განმარტავს ამ საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მაგ. 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე “ამატ.ჯი” და „მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უფლებას, რომელიც არარეალური იქნებოდა, ძალაში შესული გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად რომ დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. მსგავსი პოზიცია აქვს დაფიქსირებული ევროპულ სასამართლოს საქმეებზე: “ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ”; “დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ”; “ბურდოვი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”; “ანდროსოვი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” და ა.შ.
2.1.2. განმცხადებელთა და სააღსრულებო ბიუროს მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტლების აღსრულებას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, თუ მოპასუხე ბაგა-ბაღების გაერთიანების რომელ ფილიალში უნდა იქნეს აღდგენილი მოსარჩელე. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. გაერთიანებას არ მიუთითებია არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას გამორიცხავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დასაქმებული აღადგინა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - მოპასუხე ორგანიზაციის №1 ფილიალში დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2.ს.ფ.128-131).
3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელეს არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სამართალწარმოებისას, არ მოუთხოვია და არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ფილიალში ითხოვდა აღდგენას. ამგვარი კონკრეტიკა არ ყოფილა არც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. ასეთ ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნა სარეზოლუციო ნაწილის ამგვარად განმარტების შესახებ, სსსკ-ის 381-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევად უნდა შეფასდეს. აღნიშნული მუხლის თანახმად, „დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია“. სააპელაციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის განმარტებით დაარღვია როგორც მითითებული ნორმის, ასევე სსსკ-ის 83-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები („მხარეთა საპროცესო უფლებები„) და 248-ე მუხლის („სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“) დანაწესიც. შესაბამისად, მიღებული განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 5 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
6. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და განმარტავს, რომ ვინაიდან საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ფილიალთან მიმართებით უნდა აღდგეს მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლებები, ეს გარემოება კი ხელს უშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისას დაარღვია სსსკ-ის 83-ე, 248-ე, 262-ე და 381-ე მუხლების დანაწესი. სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს (უდავო ფაქტობრივ გარემოებებს) და გამოარკვია, რომ ბრძანებაში, რომლის ბათილობასაც მოსარჩელე ითხოვს, გარკვევითაა მითითებული, რომ მოსარჩელეს N1 ფილიალში შეუწყდა შრომითი უფლებამოსილება (იხ.ტ.1.ს.ფ.38-39), ასევე უდავოა ის გარემოება, რომ სასარჩელო საგანს სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს. მაშასადამე, სასარჩელო განცხადებაში ფილიალის დაკონკრეტების არარსებობის შემთხევაშიც კი, უდავოა, რომ დავის საგანი N1 ფილიალში აღდგენას უკავშირდება, რადგან, როგორც უკვე ითქვა, გასაჩივრებული ბრძანება სწორედ ამ ფილიალიდან უკანონოდ გათავისუფლებას შეეხება (იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ. 1-21).
8. საგულიხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც სასარჩელო განცხადებიდან და თავად კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, მოსარჩელე 2015 წლის 16 დეკემბრამდე ორ - N1 და N10 ფილიალებში ერთდროულად მუშაობდა, ხოლო 2015 წლის 16 დეკემბრიდან მუშაობა გააგრძელა მხოლოდ N1 ფილიალში, რადგან N10 ფილიალს დაუბრუნდა წარმომადგენელი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა (იხ. გაერთიანების ბრძანებები, ტ.2. ს.ფ. 144-148). უდავოა, რომ ხსენებულ ბრძანებას მოსარჩელეს სადავოდ არ ხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება მის შინაარს (N10 ფილიალიდან გათავისუფლებას), შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სასარჩელო განცხადებაში ფილიალის მიუთითებლობა ბუნდოვანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას - N1 ფილიალში აღდგენას ითხოვს იგი, თუ - N10-ში.
9. სსსკ-ის262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს“. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთის მიმართვის საფუძველზე განიხილავს გადაწყვეტილების განმარტების საკითხს და მას დადებითად გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ცხადად, იმგვარად, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდეს მხარისათვის მინიჭებული უფლების ფარგლები, შინაარსი, რეალიზაციის წესი და სხვა. კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობს მართლმსაჯულების აქტის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფარგლების სავალდებულო ძალიდან და ორიენტირებულია სასამართლო წესით რეალიზებული უფლების გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში აღსრულების ინტერესზე“ ( იხ. სუსგ # ას-1318-1244-2012).
10. სსსკ-ის 262-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოაგდენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა - მოპასუხემ მის აღსრულებაზე თავად თქვა უარი სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო და გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთდროულად მიმართა სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით (იხ. განცხადება, ტ.2.ს.ფ.102). იგივე შინაარსის განცხადებით სასამართლოსთვის მიმართული აქვს მოპასუხეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსაც (იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს), რამაც, ამ გარემოებისა და ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების განმარტება წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნტში ასახული შინაარსით განაპირობა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე