Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-350-328-2017 10 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ი"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სს „თ-ის“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, განმცხადებელი ან ბანკი) განცხადება სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. მ-ეს (შემდეგში: საჩივრის ავტორი ან საარბიტრაჟო მოპასუხე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: გ-ის რაიონის, ქ. გ-ში, „ნ-ა“, საკადასტრო კოდი: №5--, ფართი 3037კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ის არის მოვალე თ. ა-ას (შემდეგში: მოვალე) სოლიდარული თავდები. მისი განმარტებით განმცხადებელმა არც გადაამოწმა უშუალოდ მოვალის საკუთრებაში ირიცხებოდა თუ არა უძრავ-მოძრავი ქონებები, ასევე, არ გადაამოწმა დანარჩენი ორი სოლიდარული მოვალის ქონება, ისე მოითხოვა საჩივრის ავტორის ქონებაზე ყადაღის დადება, რომელიც საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ აპელაციის განჩინებით და რომლიდანაც არ ირკვევა, რომ მისი ქონების დაყადაღება უალტერნატივოა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, ბანკის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან იგი, როგორც სოლიდარული თავდები, მაქსიმალურად ცდილობდა მოვალის შეწუხებას, რათა ამ უკანასკნელს ვალი დაეფარა, ასევე, შეგნებულად არ ასხვისებდა კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, რადგან მიაჩნდა, რომ მოვალე აუცილებლად დაფარავდა დავალიანებას უახლოეს დროში.

3. საარბიტრაჟო მოპასუხის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბანკს არ მოუძიებია საჯარო რეესტრის დაცული არქივიდან ინფორმაცია მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ბანკს სურს მოვალეებს შორის კონფლიქტის გაღვივება და არა დავალიანების დაფარვა. ასევე, საარბიტრაჟო მოპასუხისათვის უცნობია, განჩინების გამოცემის შემდეგ, ძირითადი სარჩელით მიმართა თუ არა ბანკმა 10 დღის ვადაში შესაბამის საარბიტრაჟო სასამართლოს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საჩივრის ავტორს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ბაჟის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5-დღიანი ვადა განესაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35613-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს ამავე კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ს 35618-ე მუხლი ითვალისწინებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილ წესებს, ხოლო სსსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტაციით საქმეთა განხილვისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეს საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე დადგენილია, რომ განჩინების ასლი 2017 წლის 21 თებერვალს პირადად ჩაბარდა საჩივრის ავტორს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერითა და პირადი ნომრით. სსსკ-ს 70-ე და 74-ე მუხლების გათვალისწინებით დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა განჩინების ასლი და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

7. სსსკ-ის 63-ე და 1971-ე მუხლების გათვალისწინებით საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაუშვებელია სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ # ას-299-284-2016, 22.04.2016 წ.).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადა დაარღვია მხარემ, ხოლო აღნიშნული ვადის აღდგენა კანონით დაუშვებელია (სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 61-ე მუხლი).

11. საარბიტრაჟო მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა ამავე განჩინების ჩაბარებიდან - 2017 წლის 21 თებერვლის (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ს/ფ 68) მომდევნო დღიდან (სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი) დაეწყო და 27 თებერვალს (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლი) ამოეწურა. საარბიტრაჟო მოპასუხეს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

12. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, მოსარჩელემ თვითონვე გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი საჩივრის განხილვას. საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს საჩივარს, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზევე არ იქნა განხილული, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე