საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-428-411-2016 15 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ვ- ა’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ- ას’’ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: ლ. ა-ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი), ლ. ა–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე), ლ. ლ-იძესა (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და შ. ხ--ს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის - 29 096.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1104.01 ლარის ანაზღაურება კრედიტორის სასარგებლოდ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბანკის სარჩელის უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, ს.ფ.46-57).
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (იხ. ტ.2, ს.ფ.148-149).
6. 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება/შუამდგომლობით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.
7. განმცხადებლის განმარტებით, პირველი მოპასუხის სისხლის სამართლის #010090181 საქმეში არსებული „როლექსის“ ფირმის ოქროს საათი, რომელიც ფიგურირებდა, ასევე, სალომბარდე #3379391999 ხელშეკრულებაში, მოსარჩელეს დაუბრუნდა, ხოლო ოქროს საათით „მიყენებული ზარალი“ საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მთლიანად დააკისრა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც არც სამართლიანობის და არც კანონიერების პრინციპებიდან არ გამომდინარეობს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით პირველ მოპასუხეს განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა განცხადება დაზუსტებული მოთხოვნით, იმავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართღლებრივი შედეგები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დარჩა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული გარემოებები და აღნიშნა, რომ განმცხადებელს განემარტა იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება კი კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. განმცხადებელს სწორედ ამ საკითხის დაზუსტება დაევალა, მას უნდა მოეთხოვა ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. წარდგენილი განცხადებით კი, პირველი მოპასუხე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვდა.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს არ დაუზუსტებია განცხადება იმგვარად, როგორც ეს ხარვეზის შესახებ განჩინებით მოეთხოვებოდა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 374-ე და 368.5-ე მუხლების საფუძველზე მისი განცხადება განუხილველად დარჩა.
13. ამ განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
14. კერძო საჩივრის საფუძველი ამ განჩინების მე-7 პუნქტში ასახული პრეტენზიის იდენტურია. 2017 წლის 13 მარტს პირველმა მოპასუხემ დააზუსტა კერძო საჩივარი და განმარტა, რომ მან სააპელაციო სასამართლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა, სადაც სსსკ-ით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მან არ იცოდა სსსკ-ის 424-ე მუხლის შესახებ, რომელიც ადგენს, რომ განცხადება იმავე სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვს მხარე. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
17.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
18.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 11-12 ქვეპუნქტებში და დამატებით აღნიშნავს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველ მოპასუხეს არ დაუზუსტებია, თუ რას მოითხოვდა იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობამ კი მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
19. „კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას“ (იხ. სუსგ-ები: # ას-582-553-2015, 15.07.2015 წ. და # ას-283-269-2016, 06.05.2016 წ.).
20. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, საქმე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან განცხადება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს დანაწესი განმცხადებელს ეხება და არა სასამართლოს. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის ეს პრეტენზიაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ ას-299-284-206, 22.04.2016წ).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე