საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-633-591-2017 21 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ნ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ო. ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხეების ნ. კ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ. ბ-ის წინააღმდეგ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი), თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387.1-ე, 229.2-ე, 275-ე, 276-ე, 70-78-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული ობიექტური მიზეზით და დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული იყვნენ 2017 წლის 10 აპრილს, 13:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე. თუმცა, მათ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
6. ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
7. პირველი აპელანტის განმარტებით, მან სასამართლოს წარუდგინა განცხადება და ფორმა 100, რაც ადასტურებს მისი ქრონიკულად ავადმყოფობის ფაქტს. ამასთან, ის ფინანსური კრიზისის გამო ვერ ახერხებს ადვოკატის აყვანას. მეორე აპელანტის განმარტებით, მას 2017 წლის 21 თებერვალს მამა გარდაეცვალა, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს. მოპასუხეთა განმარტებით, მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით მეორე აპელანტის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით პირველი აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. იქედან გამომდინარე, რომ მეორე აპელანტის ნაწილში კერძო საჩივარი თავიდანვე განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო სასამართლო მხოლოდ პირველი აპელანტის ნაწილში შეამოწმებს კერძო საჩივრის იურიდიულ დასაბუთებულობას.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა ჩანიშნა 2017 წლის 9 თებერვალს, 16:00 საათზე (ტ. 2, ს/ფ 28-29), რის თაობაზეც ამავე წლის 4 თებერვალს ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს (პირველად გაგზავნისას ადრესატს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარდა, ტ. 2, ს/ფ 36 და 42). 2017 წლის 9 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის გადადება ითხოვა, განცხადებას თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ. 2, ს/ფ 46-47). სასამართლომ დააკმაყოფილა განცხადება და სხდომა გადაიდო 2017 წლის 23 თებერვლისათვის, 14:30 საათზე. 2017 წლის 20 თებერვალს პირველ მოპასუხეს უწყება პირადად ჩაბარდა (ტ. 2, ს/ფ 54). 2017 წლის 23 თებერვალს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მამის გარდაცვალების გამო სხდომის გადადება ითხოვა, ხოლო პირველმა მოპასუხემ იმავე დღესვე წარდგენილი განცხადებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვა სხდომის გადადება (ტ. 2, ს/ფ 55-57). მოპასუხეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა გადაიდო 2017 წლის 10 აპრილისათვის, 13:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე უწყებები აპელანტებს 2017 წლის 30 მარტს ჩაბარდათ (ტ. 2, ს/ფ 66-67).
14. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 10 აპრილს დანიშნულ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტების შუამდგომლობებზე არ უმსჯელია, რადგან როგორც ამ განჩინების მე-13 პუნქტშია აღწერილი სააპელაციო პალატამ ორჯერ გადადო საქმის განხილვა აპელანტების შუამდგომლობების საფუძველზე, ხოლო 2017 წლის 23 თებერვლის სხდომის შემდეგ აპელანტებს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე