საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-733-686-2017 7 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ''ლ-ი'' (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ა, მ. გ-ე და ნ. ო-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟი დაბრუნება
დავის საგანი – იპოთეკის შეწყვეტის შესახებ წერილების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის უფლების აღდგენა, ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ლ-ის’’ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ. ბ-ას, მ. გ-ისა და ნ. ო-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
4. 2017 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
5. განმცხადებლის განმარტებით, ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების საკითხი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 187-ე, 229-ე, 275-ე მუხლებს და მიუთითა, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში კი, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მართალია, სსსკ-ი (სსსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) 275-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტის დაბრუნებას ითვალისწინებს, თუმცა, აღნიშნული დათქმა ვრცელდება არა ამ მუხლში მითითებულ ყველა საფუძველზე, არამედ აღნიშნულით წესრიგდება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რა დროსაც სასამართლოს წარმოებაშია საქმე, რომლის მიღების საფუძველიც არ არსებობდა და ამ მოტივით სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) რჩება განუხილველი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.
9. კერძო საჩივრის ავტორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მას სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაბრუნებოდა, მიუხედავად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლისა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი მაინც უნდა გამოეყენებინა და სსსკ-ის 187.2-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაებრუნებინა სახელწიფო ბაჟი აპელანტისათვის.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების მე-7 პუნქტში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას კანონის ან სამართლის ანალოგიის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან სსსკ-ი ზუსტად განსაზღვრას როდის უბრუნდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი და როდის რჩება ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში, რასაც ზემოთ მოხმობილი ნორმაც ადასტურებს.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა, ანუ სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო, მხარეები მოწვეულნი იყვნენ კანონით გათვალისწინებული წესით, თუმცა, აპელანტი არ გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება აპელანტის ქმედებამ (უმოქმედობამ) განაპირობა და არა იმ გარემოებამ, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ზოგადი საფუძველი არსებობდა. შესაბამისად, სსსკ-ის 187.2-ე მუხლის თანახმად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის აპელანტისათვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. „მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება“ (იხ. სუსგ # ას- 814-781-2016, 30.11.2016წ; #ას 517-494-2016, 22.06.2016წ.).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ლ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე