Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-758-709-2017 21 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ლ-ი, ა. ჰ. კ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება (ძირითადი სარჩელი), ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებული სარჩელი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისში, ი. ჭ-ის გამზ. N..-ში, ბინაზე #10ა (ს/კ: 0… შემდეგში: ნასყიდობის საგანი ან სადავო ბინა) დ. კ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი), გ. ლ-სა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი მყიდველი) და ა. ჰ. კ-ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე მყიდველი) შორის 2018 წლის 8 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 15-19; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ, 477-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

2. ნასყიდობის ფასი 100 000 (ასი ათასი) ლარით განისაზღვრა, მხარეთა შეთანხმებით გამყიდველი სადავო ბინაში, სარგებლობის უფლებით, უნდა დარჩენილიყო სიცოცხლის ბოლომდე, ნასყიდობის საგანი საკუთრებაში მყიდველებს გადაეცათ და ისინი საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრეებად აღირიცხნენ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 20-21).

3. გამყიდველი სადავო ბინაში ცხოვრობს.

4. პირველმა მოპასუხემ 2008 წლის 18 ივნისს მოსარჩელეს გადასცა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2008 წლის 2 ივლისს - 22 000 (ოცდაორი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2008 წლის 8 ივლისს - 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარი, რასაც, მოსარჩელის ბინაში, მოწმე მ. ბ-ე ესწრებოდა (მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, საბანკო ამონაწერები).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. გამყიდველმა 2014 წლის 30 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეთა მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2008 წლის 8 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა (ხელშეკრულებიდან გასვლა) და სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნება მოითხოვა.

5.2.მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეებმა ისე გადაიფორმეს სადავო ბინა, რომ ნასყიდობის საფასური გამყიდველისათვის არ გადაუხდიათ.

5.3. თანხის გადაცემის დადასტურება უნდა მომხდარიყო წერილობითი ფორმით, რაც არც ხელშეკრულების შინაარსით და არც სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასტურდება.

6. მოპასუხეთა შესაგებელი

6.1. მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლით მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს და შემდეგ არგუმენტებზე მიუთითეს:

6.2. მათ შესრულებული აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სრულად აქვთ გადახდილი მოსარჩელისათვის ნასყიდობის საფასური 65 000 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც 100 000 (ასი ათასი) ლარს შეადგენს. აღნიშნულის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების თანახმად, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მყიდველთა სახელზე აღირიცხა;

6.3. მოსარჩელეს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია მყიდველთა მიმართ თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდში;

6.4. პირველი მოპასუხე თავად გაჰყვა მოსარჩელეს 2008 წლის ივლისში თანხის ნაწილის, დაახლოებით 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ს-ის ანგარიშზე შესატანად;

6.5. მეორე მოპასუხის მიერ 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი გამოიგზავნა მ. ბ-ის სახელზე და აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მისსავე საცხოვრებელ ბინაში გადაეცა;

6.6. მოსარჩელეს საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეთა მიერ ვალდებულების (თანხის გადახდის) შეუსრულებლობას.

7. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის საფუძვლები

7.1. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოსარჩელის მიერ ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა (გამოსახლება) მოითხოვეს იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა, რომლისთვისაც მან 100 000 (ასი ათასი) ლარი მიიღო, წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რის გამოც მას სადავო ბინაში ცხოვრების უფლება აღარ ჰქონდა.

8. გამყიდველის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

8.1. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავო ბინაში ცხოვრების უფლება სიცოცხლის ბოლომდე აქვს მოპოვებული (იხ. ამ განჩინების 2-3 პუნქტები).

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, სსკ-ის 115-ე, 316-ე, 361-ე, 352-ე, მე-400, 405-ე, 477-ე, 170-ე, 172-ე, 162-ე, 183-ე და 311-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება შეასრულეს.

9.3. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა, რომ მყიდველებმა გამყიდველს ნასყიდობის საფასური არ გადაუხადეს, სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არც ხელშეკრულებიდან გასვლისა და არც გარიგების გაბათილების შესაძლებლობას, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა.

9.4. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ქონების ნატურით დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შეგებებული სარჩელიც მოსარჩელის მიერ ნივთის მფლობელობის შეწყვეტისა და საცხოვრებელი ბინიდან მისი გამოსახლების შესახებ.

9.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო ბინას კანონიერად ფლობდა, მართლზომიერი მფლობელი იყო და ხელშეკრულების მიხედვით, სადავო უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლება სიცოცხლის ბოლომდე აქვს მოპოვებული. აღნიშნული, თავის მხრივ, ზღუდავდა მოპასუხეებს სრულყოფილად განეხორციელებინათ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების ნაწილობრივ, /ძირითადი სარჩელის უარყოფის ნაწილში/ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. აპელანტმა სსკ-ის 68-ე, 323-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე, 68-ე, 429-ე, 477-ე მუხლებსა და სარჩელში დასახელებულის იდენტურ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მისი მძიმე ცხოვრების გამო, მიუხედავად არაერთი ზეპირსიტყვიერი თხოვნისა, მოპასუხეებმა გამოიყენეს გამყიდველის მდგომარეობა და ვალდებულება არ შეასრულეს.

10.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ არ არსებობს კანონის იმპერატიული დანაწესი, თანხის გადაცემის შესახებ, წერილობითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულების თაობაზე. სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოწმე ბ-ის ჩვენებას, რომ თითქოს პირველი მოპასუხე გაჰყვა მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილის, დაახლოებით 20 000 აშშ დოლარის, სს „ს-ში“ შესატანად. გამყიდველის მიერ ანაბარზე თანხების განთავსება განხორციელდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე და ეს სწორედ მოსარჩელის ძვირფასი ნივთების გაყიდვიდან დაგროვილი თანხები იყო.

11. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების ნაწილობრივ /შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში/ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

11.2. აპელანტებმა სსკ-ის 162-ე, 168-ე, 172-ე მუხლების დანაწესსა და შეგებებულ სარჩელში გამოთქმულ პრეტენზიებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ მათი შეგებებული სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებული შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში, რომელიც ახალ უფლებას წარმოშობს, არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა თუ ტრანსფორმაცია (ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკრულებაზე თუ ხელშეკრულების მოშლა იგივე - ხელშეკრულების შეწყვეტა) უპირობოდ ვერ რეალიზდება. მართალია, მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან შეწყვიტოს ის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით.

12.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა იგივე, უარი ხელშეკრულებაზე გამართლებულია მხოლოდ იმ პირობებით, თუ სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების ერთი მხარის სარგებლის მოლოდინი გაუმართლებელი აღმოჩნდება. ამიტომ ხელშეკრულებიდან გასვლის გზით უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.

12.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა წარდგენილი საბანკო ამონაწერები ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის მოსარჩელის ანგარიშების შევსების შესახებ და განმარტა, რომ სყიდვის ფასის გადაუხდელობა დასტურდებოდა მყიდველის მიერ იმ დოკუმენტის არქონით, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა მოეთხოვა გამყიდველისაგან სყიდვის ფასის გადახდის ასაღიარებლად. მართალია, ასეთი დოკუმენტის ქონის პასუხისმგებლობა მყიდველის ტვირთია, ამავე დროს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით მისი დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ გამყიდველს მტკიცების ტვირთის რეალიზება არ ეზღუდება სხვა ისეთი დოკუმენტური მტკიცებულებებით, რომელიც გამყიდველის აღიარებისა და დადასტურების საბუთის არქონას პრიორიტეტს უკარგავს.

12.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა -განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხებს და საზღვარგარეთ მყოფი ნათესავების მიერ გადმორიცხულ თანხებს და რომ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, ხელშეკრულების დადების პერიოდისათვის, გამყიდველის მიერ საბანკო ანგარიშების შევსება სწორედ გაყიდული მოძრავი ნივთების საფუძველზე მოხდა. ამასთან, აღნიშნულ გარემოებებს ამყარებდა მოწმეთა განმარტებებიც, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ ნივთები შეიძინეს, თუმცა, თანხა გამყიდველს პირადად გადაეცა, ამასთან, ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაასახელა, თუ რა პერიოდში შეიძინეს გამყიდველისაგან მოძრავი ნივთები. საგულისხმო იყო ისიც, რომ მოწმე მ. ა-ის განმარტებით, მოსარჩელის მიერ გაყიდული ნივთების ღირებულების ერთობლიობას ბევრად აღემატებოდა მოსარჩელის სახელზე საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხები.

12.7. განსახილველ შემთხვევაში, თუნდაც დადასტურებულიყო სყიდვის ფასის გამყიდველისათვის გადაუხდელობის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ვერ წარმოიშობოდა ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნების გამო, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს ერთმანეთისგან პირვანდელი მდგომარეობის სახით და მოცულობით, მოცემულ შემთხვევაში ორმხივი რესტიტუცია ვერ შედგებოდა და მოსარჩელის მიერ მტკიცების მიხედვით ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის დადასტურების შემთხვევაშიც, გამყიდველს წარმოეშობოდა უფლება, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულების ანულირება.

12.8. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 615-ე, 621-ე, 399-ე, 622-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა/გამნათხოვრებელმა უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს ხელშეკრულების შეწყვეტის პატივსადები საფუძველი - გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ნივთის საჭიროების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორის ხელშეკრულების მოშლის მოტივი არის მონათხოვრესთან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი უთანხმოება, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმატიულ მოტივს, საწინააღმდეგო განმარტება დაარღვევს ,,ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების “ (სსკ-ის 398-ე მუხლი) იმპერატიულ პირობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის მართლზომიერი საფუძველი და შეგებებული სარჩელის ინტერესი გაუმართლებელი იყო.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (გამყიდველმა), რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით (იხ. ამ განჩინების 10.2-10.3 ქვეპუნქტები):

13.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ზოგიერთ მტკიცებულებაზე არ იმსჯელა;

13.3. სასამართლომ არ იმსჯელა მოწმე მ. კ-ის (მოსარჩელის მეზობელი) განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის შემდეგაც მოპასუხეებს ნასყიდობის საფასური დაფარული არ ჰქონდათ. სასამართლომ არ იმსჯელა მოწმე ნ. ლ-ას ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელისაგან 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარად შეიძინა ოქროს გულსაბნევი;

13.4. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოწმის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იყო იმ ოდენობის, რა ოდენობის თანხაც მას ანგარიშზე ჰქონდა, თუმცა, აღნიშნული მოწმე მოსარჩელეს მხოლოდ ნივთების ნაწილის გაყიდვაში დაეხმარა და ვერ ექნებოდა სრული ინფორმაცია გამყიდველის ფინანსური სახსრების შესახებ;

13.5. სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ თუ პირველმა მოპასუხემ მეორეს გამოუგზავნა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი, მეორე მოპასუხეს შეეძლო აღნიშნული თანხა არა ნაწილ-ნაწილ, არამედ სრულად გადაეხადა გამყიდველისათვის;

13.6. სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ რატომ არ იყო მითითებული ხელშეკრულებაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ნასყიდობის თანხის რა ნაწილი იყო გადახდილი მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების შედგენის მომენტში და ხელშეკრულების დადებამდე;

13.7. ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირველი მოპასუხე მოსარჩელეს საბანკო დაწესებულებაში გაჰყვა ანგარიშზე თანხის 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის შესატანად, რომელიც მას სწორედ აღნიშნულმა მოპასუხემ მისცა, რაც ბადებს კითხვას, თუ რატომ არ შეიტანა აღნიშნული თანხა საბანკო ანგარიშზე თავად მოპასუხემ და რატომ წაიყვანა გამყიდველი, რომელიც შშმპ-ია, ბანკში ამ მოქმედების განსახორციელებლად;

13.8. მოპასუხეები არასწორად უთითებდნენ ნასყიდობის საფასურს, რომელიც 2008 წლის 8 ივლისის გაცვლითი კურსის მიხედვით (1 აშშ დოლარი = 1,41 ლარი) წარმოადგენდა 70 922 (სამოცდაათი ათას ცხრაას ოცდაორი) აშშ დოლარს და არა 60 000 (სამოცი ათასი) ან 65 000 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარს, როგორც ამას მოპასუხეები აცხადებდნენ.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

17. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

18. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მყიდველებს გამყიდველისათვის სადავო ბინის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდიათ, სადავო ბინა მათ საკუთრებაში გადავიდა და საჯარო რეესტრში მათ სახელზე აღირიცხა, რის გამოც გამყიდველი ხელშეკრულების მოშლას (ხელშეკრულებიდან გასვლას) და სადავო ბინის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო ორ საკითხს - 1) შეუძლია თუ არა ხელშეკრულების მხარეს მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მაშინ, როცა მყიდველმა ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა; 2) მოცემულ დავაში დასტურდება თუ არა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ მოპასუხეებს ფულადი ვალდებულება რომც არ შეესრულებინათ, გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი მაინც არ ექნებოდა (სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები). სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, გამყიდველს შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნასყიდობის საფასურის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ მან ფულადი ვალდებულება არ შეასრულა. განსახილველ შემთხვევაში კი არათუ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი, არამედ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტიც არ დადასტურებულა. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებით მოსარჩელის სახელზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი დასტურდება, კასატორმა კი ვერ დაადასტურა, რომ ეს თანხა სადავო ბინის ნასყიდობის საფასური კი არა, მოძრავი ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა იყო.

21. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „mocemul SemTxvevaSi myidvelis mier gamyidvelisaTvis SeTanxmebuli fasis gadaxda udavoa, gamyidvelma ki miiRo nayidi qoneba, fasis nasyidobis garigebamde garkveuli droiT adre gadaxda ar aris samoqalaqo kodeqsis 477-e muxlis II nawiliT dadgenili danawesis darRveva da ar metyvelebs mxareTa mier baTili garigebis gaformebis ganzraxvaze. palata yuradRebas amaxvilebs im garemoebaze, rom nasyidobis garigebis dadebisas nasyidobis fasis gadauxdeloba, myidvelis mier valdebulebis Sesrulebis moTxovnis safuZvelia da ara garigebis baTilobisa“(იხ. სუსგ ას-881-1504-03, 23.03.2004 წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

24. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე