Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-821-769-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ა. უ-ე, ნ. ქ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ნ. ც-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. უ-ისა და ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ნ. ც-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი/მ ნ. ც-ს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და ა. უ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი ან პირველი კასატორი) შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: სესხის ხელშეკრულება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 16-20) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 17 000 აშშ დოლარი; სესხის დაბრუნების ვადა - 48 თვე, 2018 წლის 27 ნოემბერი; ყოველთვიური სარგებელი - ძირითადი თანხის 2.5 % ( წლიური 30 %); პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის - დარჩენილი თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დას. თ., მიკრორაიონი .., კორპუსი .., ბინა .., ს/კ 0-- (შემდეგში: უძრავი ქონება).

3. მოსარჩელესა და ნ. ქ-ეს (შემდეგში: უძრავი ქონების მესაკუთრე, მოვალის მეუღლე ან მეორე კასატორი) შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით, მოვალის მეუღლის სახელზე აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 25-26; სსკ-ის 477-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

4. მოვალეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 2015 წლის აპრილის შემდეგ არ შეუსრულებია.

5. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 6 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.

6. 2015 წლის 14 დეკემბერს, კრედიტორის მოთხოვნით, ნოტარიუსმა 2015 წლის 6 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი გააუქმა (ტ.1, ს/ფ 50).

7. მოვალის ძირითადი დავალიანება - 16 223.06 აშშ დოლარს, 9 თვის პროცენტი - 3 650 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 2 238.36 აშშ დოლარს შეადგენს.

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოვალემ 2015 წლის 3 დეკემბერს სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვა, სესხის ძირითადი თანხა 16 223.06 აშშ დოლარით განისაზღვროს, ხოლო პირგასამტეხლო - დავალიანების ძირითადი თანხის 0.01 %-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის აპრილიდან სააღსრულებლო ფურცლის წარდგენამდე.

8.2. მოსარჩელემ სადავო გახადა კრედიტორის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში და აღნიშნა, რომ ვინაიდან მას ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ერიცხება, სარგებელი აღარ უნდა დაეკისროს.

8.3. მოსარჩელის განმარტებით, მას შემცირებული პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს 2015 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ვალდებულება აღარ შეუსრულებია. ორივე თანხის ერთდროულად დარიცხვა მოსარჩელეს უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიაჩნია.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც ცვლილებების შეტანასაც ითხოვს მსესხებელი, გაუქმებულია. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის მსესხებლისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელის წარდგენას აპირებს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

10. შეგებებული სარჩელის საფუძვლები

10.1. კრედიტორმა 2015 წლის 28 დეკემბერს შეგებებული სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ მის სასარგებლოდ მსესხებელს დაჰკისრებოდა სესხის ძირითადი თანხა - 16 223.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 650.22 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 238.36 აშშ დოლარი, ასევე - 2015 წლის 29 დეკემბრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8.11 აშშ დოლარის და 2015 წლის 27 დეკემბრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე მიუღებელი შემოსავლის, ყოველთვიურად 405.58 აშშ დოლარის გადახდა; მანვე დავალიანების დაფარვის მიზნით მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

10.2. კრედიტორმა ამ განჩინების 1-5 ქვეპუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან მოვალე არ ასრულებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მას გამსესხებლის სასარგებლოდ ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს.

10.3. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, განმარტავს, რომ ყოველთვიური 405.58 აშშ დოლარი არის ის თანხა და ის შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდ, თუკი მსესხებელი დროულად დაუბრუნებდაა სესხის ძირითადი თანხა, რასაც თავიდან გააპროცენტებდა. კრედიტორი აღნიშნავს, რომ ის, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ამ საქმიანობით შემოსავალს იღებს და მას თანხის დაუბრუნებლობით ზიანი ადგება.

11. შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა შესაგებელი

11.1. სასამართლო სხდომაზე მოვალემ ცნო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ძირითადი თანხა სრულად, ხოლო პროცენტს არ დაეთანხმა. მსესხებლის განმარტებით, 0.05 %-იანი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის 0.01 %-ით უნდა განისაზღვროს;

11.2. მოვალემ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ძნელად წარმოსადგენია გამსესხებელს შესძლებოდა თანხის იმ პროცენტში გასესხება, რა პროცენტითაც განსახილველ შემთხვევაში მოვალემ ისესხა თანხა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კრედიტორის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

12.1.1. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 16 223.06 აშშ დოლარის, 9 თვის პროცენტის - 3 650.22 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს -1 622.30 აშშ დოლარის, სულ - 21 495.58 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოვალისათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

12.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე, 625-ე, 286-ე, 289-ე, 297-ე, 361-ე, მე-400, 301-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც არის მხარეთა შორის შეთანხმებული, მსესხებელს უნდა დაეკისროს სრულად. სასამართლომ განმარტა, რომ პროცენტი ეს არის სარგებელი, რომელიც გამსესხებელმა უნდა მიიღოს თანხის სესხით გაცემის სანაცვლოდ და არ იმსჯელა მის შემცირებაზე ან არდაკისრებაზე, როგორც მაგალითად აღნიშნულის უფლებამოსილება და კომპეტენცია გააჩნია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება გაიყიდა, მას, კანონით გათვალისწინებული წესით, გამსესხებლის სასარგებლოდ დადებული იპოთეკა გადაჰყვ;.

12.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება და არ უნდა სცდებოდეს გონივრულობის ფარგლებს. მოვალეს სასამართლოს მიერ ეკისრება პირგასამტეხლო სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე პერიოდში და მას შემდეგ, მხარისათვის მისი დაკისრება უსასრულოდ, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

12.4. სასამართლომ განმარტა, რომ გამსესხებლის მტკიცება, რომ ეს უკანასკნელი, სესხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, მოცემულ პროცენტში აუცილებლად ისევ გასცემდა თანხას, დაუსაბუთებული იყო. სასამართლოს შეფასებით, საქმეში სანიმუშოდ წარდგენილი სესხისა და იპოთეკის რამდენიმე ხელშეკრულება, ვერ ქმნიდა აღნიშნულის დასაბუთებულ ვარაუდს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მოვალისათვის მოსალოდნელი, სავარაუდოც უნდა ყოფილიყო კრედიტორისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი.

12.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 208.3-ე მუხლების თანახმად, მოვალემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, რაც ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად. სარგებელთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა ამ განჩინების 12.2 ქვეპუნქტში ასახული მოტივაციის იდენტურია.

12.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო. თუმცა, სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.01% - მდე შემცირების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა, სასამართლოს მიერ მისი განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი არსებობდა (სსკ-ის 417-418, 115-ე, 420-ე მუხლები). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს შემცირება 1 622.30 აშშ დოლარამდე, ანუ ძირითადი თანხის 10 %- მდე.

12.7. 2016 წლის 29 დეკემბრიდან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე ყოველდღიურად 8.11 აშშ დოლარის მოვალისათვის დაკისრება სასამართლმ არაგონივრულად მიიჩნია.

13. მოსარჩელისა და უძრავი ქონების მესაკუთრის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ (უძრავი ქონების მესაკუთრემ, იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) სააპელაციო წესით ნაწილობრივ, 9 თვის პროცენტის - 3 650.22 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის - 206.52 აშშ დოლარის ნაწილში, გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

13.2. აპელანტების მითითებით, საქმეში წარდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკითა და გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა, რომ სულ მოვალეს გადახდილი აქვს 2 448,4 აშშ დოლარი ანუ გრაფიკის მიხედვით, ოთხი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 612.1 აშშ დოლარი. აღნიშნული ადასტურებექ, რომ მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 2 აპრილს და გადაიხადა მარტის თვის ჩათვლით, შესაბამისად წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკი ადასტურებდა, რომ 2015 წლის აპრილის მდგომარეობით, ძირითადი თანხა - 16 016.54 აშშ დოლარს შეადგენს და არა 16 223.06 აშშ დოლარს, როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

14.1.1. აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული ,,საქმეში სანიმუშოდ წარმოდგენილი რამდენიმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების” გარდა, სარჩელზე თანდართული იყო გამსესხებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრში განხორციელებული ოპერაციების (იპოთეკის წარმოშობა, გაუქმება) დამადასტურებელი ამონაწერი, საიდანაც მტკიცდებოდა, რომ კრედიტორს არა მხოლოდ ზემოხსენებული რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, არამედ, თანხების გაპროცენტება მის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა.

14.1.2. აპელანტი ასევე არ იზიარებდა სასამართლოს მითითებას, რომ მოვალისათვის არ იყო მოსალოდნელი და სავარაუდო კრედიტორისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი; აპელანტის მითითებით, მისივე ახსნა-განმარტებით და სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებითაც მტკიცდებოდა, რომ მოვალე სპეციალურად იყო გაფრთხილებული ზიანის შესახებ და მისთვის სწორედაც რომ მოსალოდნელი და სავარაუდოც უნდა ყოფილიყო შესაბამისი ზიანის ფაქტი;

14.1.3. აპელანტის მტკიცებით, მასსა და მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე თვით რომ ყოფილიყო გაფორმებული, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სადავო ყოფილიყო ის საკითხი, თუ რამდენ პროცენტად შეძლებდა კრედიტორი თანხის გასესხებას სხვა კეთილსინდისიერ გადამხდელზე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულება ოთხი წლით იყო დადებული, აღნიშნული გარემოება არსებითად ცვლიდა საქმის ვითარებას, რადგან ასეთ მოცემულობაში, როდესაც მოვლენების განვითარების ლოგიკურ ბმაზეა საუბარი, ლოგიკური იყო, რომ ოთხი წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმებიდან მთელი 48 თვის განმავლობაში, კრედიტორს ჰქონდა დარჩენილი ძირითადი თანხიდან 2.5%-იანი შემოსავლის მიღების კანონიერი და ბუნებრივი მოლოდინი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალეს პირგასამტეხლო დაეკისრა ერთჯერადად გადასახდელი თანხის 10%-ის ოდენობით, ნაწილობრივ ზიანის ანაზღაურებას ემსახურება, თუმცა, არ ცვლის მას, კრედიტორმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამცირა მოთხოვნა და ყოველთვიური მიუღებელი შემოსავლის სახით ნაცვლად 2.5 % -ისა, 1.5 % მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელისა და უძრავი ქონების მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, შეიცვალა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ, 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 27 ნოემბრამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 243,35 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

15.2. სააპელაციო სასამართლომ, მოვალის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კრედიტორის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (გარდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნისა), გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15.3. განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ მოვალის მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ 2448.4 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, მათ შორის სადავო იყო გადახდილი თანხების მიზანი. საქმეში წარდგენილი #2660, #2850, #2848 და #4044 სალაროს შემოსავლის ორდერებით ირკვეოდა, რომ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების მიზნით გადახდილია 187.1 აშშ დოლარი, 196.57 აშშ დოლარი, 191.78 აშშ დოლარი და 201.49 აშშ დოლარი, სულ 776.94 აშშ დოლარი, ხოლო #2659, #2849, #2847 და #4043 სალაროს შემოსავლის ორდერებით ირკვეოდა, რომ პროცენტის სახით გადახდილია 425 აშშ დოლარი, 415.53 აშშ დოლარი, 420,32 აშშ დოლარი, 410,67 აშშ დოლარი, სულ 1671,52 აშშ დოლარი. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულების, თანდართული გრაფიკის და სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 27.11.2014 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით დავალიანება 16 223.06 აშშ დოლარს შეადგენდა.

15.4. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენდა. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. პირგასამტეხლო, თავისი არსით, ე.წ. „მინიმალური ზიანია“, რასაც მხარეები ურთიერთშეთანხმებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის აწესებენ. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების დარღვევის პრევენციასა და სავარაუდო მინიმალური ზიანის ანაზღაურებაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის პირობებში, „მინიმალური ზიანი“ მტკიცებას არ საჭიროებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი აღემატება პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილ ე.წ. „მინიმალურ ზიანს“, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. კრედიტორი ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, ვალდებულების დარღვევის შემდეგ არ გამორიცხავს მოვალისთვის კრედიტორის სასარგებლოდ ზიანის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობით თანხის გადახდის დაკისრებას.

15.5. სააპელაციო სასამართლომ 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

15.6. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებებზე უთითებდა, რომ ოთხი წლის ვადით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობით მოგების მიღებას შეძლებდა, ან აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებლისთვის გადაცემული თანხის მისთვის დაბრუნების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, იგი თანხის სესხად გაცემას სხვა მსესხებელზე მინიმუმ ყოველთვიურ 1,5 პროცენტად შეძლებდა, შესაბამისად, იგი მიიღებდა შემოსავალს სულ მცირე, წლიური 18 პროცენტის ოდენობით.

15.7. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითა - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

15.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორად სწორედ ინდ. მეწარმე გვევლინებოდა, რომლის საქმიანობის სფერო, სესხების გაცემა და მასზე გათვალისწინებული პროცენტის სახით გარკვეული მოგების მიღება იყო. საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებებით ირკვეოდა, რომ ინდ. მეწარმის მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირებზე სესხები გაცემულია არანაკლებ წლიურ 30 %-ად (თვეში 2,5 %). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმის მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება იმ მოლოდინით ხდებოდა, რომ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობით მოგებას მიიღებდა. უფრო მეტიც, მხედველობაში იყო მისაღები, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას.

15.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლენილი იყო მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნაზე, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, კერძოდ, 2018 წლის 27 ნოემბრამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 243,35 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის 1,5 %) დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და უძრავი ქონების მესაკუთრემ, მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და კრედიტორის სააპელაციო საჩივრის უარყოფა მოითხოვეს შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

16.1.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა კრედიტორის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მოვალეს იმაზე მეტი დააკისრა, ვიდრე ამას გამსესხებელი ითხოვდა;

16.1.2. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მიუღებელი შემოსავალი. მიუღებელ შემოსავალს პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ლოგიკური ბმა, რომელიც შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს არ ტოვებს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანი ობიექტური კრიტერიუმებით ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება არ მოჰყვეს;

16.1.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ სესხის ძირითადი თანხა 16 223.06 აშშ დოლარს შეადგენს. სესხის დაფარვის გრაფიკითა და გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოვალეს 2 448.4 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, შესაბამისად, მისი დავალიანება 14 551.6 აშშ დოლარს შეადგენს. ვინაიდან სესხი იყო სარგებლიანი და მოვალის მიერ გადახდილი თანხიდან მეტი წილი აკლდებოდა პროცენტს, ვიდრე ძირითად თანხას, მტკიცებულებითაც დადასტურებულია, რომ ბოლო გადახდა 2015 წლის 2 აპრილს განხორციელდა, ქვითრებში აღნიშნულია, რომ გადახდილია მარტის თვის პროცენტი და სესხის ძირითადი თანხის ნაწილი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ დავალიანების ძირითადი თანხა 16 016.54 აშშ დოლარს შეადგენს.

16.1.4. კასატორი აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 9 თვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მან ვალდებულება 2015 წლის აპრილიდან დაარღვია და გაუგებარია, რატომ დაეკისრა პროცენტიცა და პირგასამტეხლოც. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულება 2015 წლის აპრილიდან დაირღვა და აღნიშნული თარიღიდან აკისრებს მოვალეს პირგასამტეხლოს, გაურკვეველია პროცენტის დარიცხვას რატომ ანგარიშობს ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდისათვის.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

17.1. საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.

21. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ 1) კრედიტორმა ვერ დაასაბუთა მიუღებელი შემოსავლის არსებობა; 2) მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ძირითადი თანხა - 16 016.54 აშშ დოლარია; 3) 9 თვის პროცენტი და პირგასამტეხლო უსამართლოდ დაეკისრა მსესხებელს.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას.„სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

23. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით ყოველთვიური პროცენტის ოდენობა გაითვალისწინეს, რისი გადახდაც მსესხებელმა ივალდებულა, თუმცა, ეს უკანასკნელი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მისთვის პროცენტის დაკისრება არაგონივრულია, რადგან მას პირგასამტეხლოს გადახდაც დაეკისრა. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან ის თავად დათანხმდა ხელშეკრულების იმ პირობას, რომ მას ყოველთვიური სარგებელი უნდა გადაეხადა გამსესხებლისათვის (სსკ-ის 319.1 მუხლი). ხელშეკრულების დადების ინტერესი გამსესხებლისათვის სწორედ ეს იყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტის გადახდა პირგასამტეხლოს გადახდისაგან განსხვავებით არ არის მოვალის სადამსჯელო ღონისძიება, რადგან პროცენტის გადახდის ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების იდენტურია და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან კავშირი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრება, რაც მოვალე ვალდებულებას დაარღვევს, ხოლო პროცენტის - სარგებლის გადახდა უპირობოა. პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგან პროცენტზე შეთანხმება ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ხოლო პირგასამტეხლოზე შეთანხმება - სახელშეკრულებო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა.

24. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მსესხებელმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ივალდებულა. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც დასახელებული ნორმის საფუძველზე მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შეამცირა პირგასამტეხლო, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016 წ.).

25. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს მოვალის მიერ უკვე გადახდილი და გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 15.3 ქვეპუნქტი).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. უ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. უ-ესა (პ/ნ 0..) და ნ. ქ-ეს (პ/ნ 0-.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ქ-ის (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1022.7 ლარის (საგადახდო დავალება N12, გადახდის თარიღი 2017 წლის 17 ივლისი), 70% – 715.89 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე