საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-891-858-2016 4 აპრილი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ე-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „G-s“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,G-s”-ის (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, საწარმო ან აპელანტი) მფლობელობაში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ელექტრომომარაგებისათვის საჭირო იყო როგორც გარე ელექტრომომარაგების, ასევე, შიდა კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მაღალი ძაბვის ქვესადგურთან დამაკავშირებელი ელექტროქსელის მოწყობა.
2. სს „ე-ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე ან კასატორი), გოდერძის უღელტეხილზე მშენებარე სამთო-სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული საწარმოსაგან 2012 წლის 9 ივლისს მიიღო განაცხადი, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ, რომლითაც შესასრულებელი სამუშაოს საფასური (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) განისაზღვრა 416 000 (ოთხას თექვსმეტი ათასი) ლარით. აღნიშნული თანხის ნახევარი 208 000 (ორას რვა ათასი) ლარი, 2012წ. 26 ივლისის საგადახდო დავალების საფუძველზე გადაიხადა შემკვეთმა, რა დროიდანაც მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალა. მხარეთა შორის აღნიშნული სამართლურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N20 დადგენილება “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ (შემდეგში: N20 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ. 629-ე მუხლი; იხ. ტ.1, ს.ფ.15-21).
3. ხელშეკრულების მიხედვით, მიერთების უზრუნველყოფა გულისხმობდა გარე ელექტრომომარაგებისათვის ქვესადგურის, ასევე, შიდა კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მაღალი ძაბვის ქვესადგურთან დამაკავშირებელი ელექტროქსელის მოწყობას, რაც მენარდეს უნდა განეხორციელებინა 2012 წლის 26 ივლისიდან 90 დღეში, ანუ იმავე წლის 24 ოქტომბრამდე.
4. 2012 წლის 8 აგვისტოს შემკვეთსა და მენარდეს შორის დაიდო №290-4/12 ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის მიხედვით, მენარდემ იკისრა ვალდებულება, მოემზადებინა კურორტ გოდერძის შიდა ელექტრონული ქსელის პირველი ეტაპისა და 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საკაბელოთი შეცვლის პროექტი. ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, შემკვეთი მენარდეს უხდის სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით (სსკ-ის 629-ე მუხლი; იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.22-26).
5. მხარეთა შორის 2012 წლის 27 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ 2012 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული №290-4/12 ხელშეკრულების თანახმად, მენარდემ შეასრულა, ხოლო შემკვეთმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, კერძოდ, კურორტ გოდერძის შიდა ელექტრონული ქსელის პირველი ეტაპისა და 35 კვ. საჰაერო ეგხ-ის საკაბელოთი შეცვლის პროექტი (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ტ.1, ს.ფ.27).
6. 2012 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან ქვესადგურის მშენებლობა თვითონ მენარდემ შეასრულა, ხოლო იმავე წლის 8 აგვისტოს ხელშკრულებით განსაზღვრული შიდა კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მაღალი ძაბვის ქვესადგურთან დამაკავშირებელი ელექტროქსელის - 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საკაბელოთი შეცვლის, ასევე - კურორტ გოდერძის შიდა ელექტრონული ქსელის მოწყობის სამუშაოები, მენარდესთან 2012 წლის 8 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მის მიერვე მომზადებული პროექტის მიხედვით, საწარმომ (შემკვეთმა) განახორციელა მესამე პირის (შპს „ე-ის“) მეშვეობით.
7. 2012 წლის 8 აგვისტოს მენარდის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე, სამუშაოების უსაფრთხო წარმოების მიზნით, შემკვეთის (მოპასუხის) მოთხოვნით გამოირთო 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ბეშუმი“. აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 20 ნოემბერს.
8. შემკვეთის მიერ სამუშაოების 20 ნოემბრამდე წარმოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა სამუშაოების დასრულებისთანავე. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ (მენარდემ) მიიღო შეტყობინება შემკვეთისაგან სამუშაოების დასრულების შესახებ, იმავე დღეს აღნიშნული ინფორმაცია 2012 წლის 19 ნოემბერს წერილობით აცნობა და შეუთანხმა სს „ე-ას“, ამასთანავე, დაასრულა პროექტით გათვალისწინებული ენერგოუზრუნველყოფის სამუშაოები. საკურორტო კომპლექსის ელექტროგამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოსარჩელემ 2012 წლის 22 ნოემბერს განახორციელა (იხ. ტექნიკური შემოწმების აქტები; ტ.1, ს.ფ. 30-40).
9. სარჩელის საფუძვლები:
9.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 208 000 (ორას რვა ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა.
9.2. მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ენერგო-უზრუნველყოფის სამუშაოები დადგენილ ვადაში დაასრულა, ააშენა და შესაბამისად აღჭურვა ახალი ქვესადგური და დადგენილ ვადაში მოამზადა შიდა ელექტრონული ქსელისა და 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი. ამის შემდეგ მოპასუხემ დაიწყო მოსარჩელის მიერ მომზადებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება და სამუშაოთა უსაფრთხოების მიზნით, მოპასუხისავე მოთხოვნით, გამოირთო 35 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (შემდეგში: ეხგ) „ბეშუმი“. 2012 წლის 7 ოქტომბერს ქსელი მზად იყო გაშვებისთვის, თუმცა, მომხმარებლის მიერთება მხოლოდ 22 ნოემბერს გახდა შესაძლებელი, რადგან მოპასუხემ (შემკვეთმა) დაგვიანებით დაასრულა ზემოაღნიშნული სამუშაოები, რის გარეშეც ქსელში ჩართვა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხისათვის მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 208 000 ლარის დაკისრება, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, მაგრამ არ გადაუხდია (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-14.ტ.1.);
10. მოპასუხის შესაგებელი:
10.1. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ №20 დადგენილებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში ვერ უზრუნველყო საწარმოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 24 ოქტომბრამდე, ხოლო მოსარჩელემ მიერთება განახორციელა 22 ნოემბერს. ვადის დაუცველობის პირობებში, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, მოპასუხეს არ ევალებოდა ღირებულების დარჩენილი ნაწილის მოსარჩელისათვის გადახდა;
10.2. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა, რომ სწორედ ეგხ-ზე წარმოებული სამუშაოები წარმოადგენდა იმ შემაფერხებელ გარემოებას, რამაც ამ უკანასკნელის ვალდებულების ვადაში შესრულებას ხელი შეუშალა. ამის საპირისპიროდ, შემკვეთმა მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლის თანხამადაც, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ეგხ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მას უკვე დამთავრებული ჰქონდა, შესაბამისად, მოსარჩელეს ხელს არაფერი უშლიდა, რომ კურორტის ქსელში მიერთება 24 ოქტომბრამდე, ანუ განსაზღვრულ ვადაში განეხორციელებინა. გარდა ამისა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ როდის გამოირთო ეგხ „ბეშუმი“, ვისი მოთხოვნით, ან რა მიზნით (იხ.შესაგებელი: ს.ფ. 67-70);
11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები:
11.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 208 000 (ორას რვა ათასი) ლარის გადახდა;
11.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სხვა გარემოებებთან ერთად, დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე, 131-ე მუხლები და განმარტა:
11.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ახალი მომხმარებლის მიერთება ქსელზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქსელზე მიერთების სამუშაოების ვადამ მოპასუხის (შემკვეთის) თხოვნით გადაიწია, მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მიერთების სამუშაოების შეფერხება გამოიწვია მოპასუხის (შემკვეთის) მიერ შესასრულებელ სამუშაოთა გაჭიანურებამ. სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოპასუხის განმარტება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ თავად ვერ უზრუნველყო ვალდებულების მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში შესრულება და შეფერხების მიზეზი მოპასუხის ქმედება არ ყოფილა.
11.2.2. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვინაიდან თანხის დარჩენილი ნაწილი - 208 000 ლარი დღემდე არ იყო გადახდილი, მაშასადამე, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნული კი წარმოადგენდა ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდის დაკისრების საფუძველს.
12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:
12.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შემკვეთმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მენარდის სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
12.1.1. სასამართლოს კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შეასრულა თუ არა მოსარჩელემ ვალდებულება დათქმულ დროს; ბ) მოსარჩელის მიერ სამუშაოების განხორციელების ვადის დარღვევა იყო თუ არა გამოწვეული რაიმე ობიექტური გარემოებით.
12.1.2. №20 დადგენილების №4 დანართის მიხედვით, 2012 წლის 26 ივლისს, როცა მოპასუხემ მომსახურების საფასურის 50 % გადაიხადა, დაიწყო სამუშაოების განხორციელების ვადის ათვლა. სამუშაოების განხორციელებისათვის მოსარჩელეს ჰქონდა 90 დღე, ანუ 2012 წლის 24 ოქტომბრამდე. უტყუარადაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2012 წლის 22 ნოემბრისათვის. რითაც დაარღვია ხელშეკრულებითა და №20 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება შემკვეთს (მოპასუხეს) უფლებას აძლევდა, რომ ამავე დადგენილების 261 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მენარდის მიერ ვადის დარღვევის გამო, ამ უკანასკნელისათვის სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 50 % გადაეხადა.
12.1.3. №20 დადგენილების 261-ე მუხლის მე-71 პუნქტის მიხედვით, ”განაწილების ლიცენზიანტი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიანტს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში“. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო, ასევე არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება, თუ როდის დაასრულა მოსარჩელემ (მენარდემ) სამუშაოები - მაღალი ძაბვის ახალი ქვესადგურის აშენება და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვა. მენარდე უთითებდა, რომ 2012 წლის 7 ოქტომბერს მზად იყო ქსელი, მაგრამ სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია;
12.1.4. საქმეზე აგრეთვე არ იყო წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მაღალი ძაბვის ეგხ ”ბეშუმის” გამორთვა დანამდვილებით მოითხოვა მოპასუხემ, არც ის გარემოება იყო დადგენილი, თუ როდის გამოირთო აღნიშნული ხაზი. რაიონული სასამართლო ამ გარემოების დადგენისას მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერ განმარტებას დაეყრდნო.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები:
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, შემკვეთის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
13.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც, მენარდეს უნდა განეხორციელებია შემკვეთის (მოპასუხის), როგორც ახალი მომხმარებლის, 3000-5000კვ. სიმძლავრის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ვალდებულების ვადაში შესრულება და შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურება. ამდენად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა სსკ-ის 629.1-ე და 361.2-ე მუხლებიდან, ასევე №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებიდან”.
13.2.2. სსკ-ის 629.1-ე მუხლის თანახმად, „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“; ამავე კოდექსის 630-ე მუხლის საფუძველზე, „ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება“. იმისათვის, რომ გარკვეულიყო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, უნდა დადგენილიყო, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებდა მოსარჩელე თავის მოთხოვნას, ანუ რითი ადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 90 - დღიან ვადაში სამუშაოს დასრულებას. ნარდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სწორედ შემსრულებელი (მენარდე) არის ვალდებული დაადასტუროს სამუშაოს ჯეროვანი (მათ შორის - ვადაში) შესრულების ფაქტი. მოსარჩელეს, ამ ფაქტის დასადასტურებლად, გარდა საკუთარი სიტყვიერი განმარტებისა, რაიმე სხვა სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. თავის მხრივ, მოპასუხემ (შემკვეთმა) იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ ვალდებულება ვადაში არ შეასრულა და ნაცვლად 2012 წლის 24 ოქტომბრისა, სამუშაოები იმავე წლის 20 ნოემბერს დაასრულა, მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე: მოსარჩელისა და სს ”სის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარისადმი 2012 წლის 18 და 19 ნოემბერს გაგზავნილ წერილებზე, 2012 წლის 22 ნოემბრის აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტებზე და ელექტროქსელში მისაერთებელი ობიექტების ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური შემოწმების აქტებზე (იხ. ტ.1, ს.ფ.28-40).
13.3. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ მიიჩნევა, აღნიშნული დაშვება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ვინაიდან, მოსარჩელემ მხოლოდ განმარტება წარადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 90 - დღიან ვადაში სამუშოს დასრულების თაობაზე და მას არ დაეთანხმა მოპასუხე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო სსკ-ის 401-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა [„ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“]. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, მოსარჩელემ 25 დღის დაგვიანებით დაასრულა.
13.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა №20 დადგენილების მე-4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტზეც, რომლის თანახმად, „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით)“. წინამდებარე განჩინების 13.2-13.3 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი აქტიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2.ს.ფ. 97-117).
14. მენარდის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი:
14.1. მენარდემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.122-134 ).
14.2. კასატორი შემდეგ ძირითად პრეტენზიებზე უთითებს:
14.2.1. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 401-ე მუხლის შესაბამისად, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სწორედ მოპასუხის ქმედებით: 35 კვტ-იანი ეხგ, რომლის გადატანასა და საკაბელოთი შეცვლასაც ახორციელებდა მოპასუხე, წარმოადგენდა ერთადერთ წყაროს, რომლის საშუალებითაც უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის მიწოდება. მოპასუხეს ამ ვალდებულებას მთავრობის N 363 დადგენილება („ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვისა წესისა და მათი დაცვის ზონების შესახებ“) აკისრებდა. დასახელებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტქის თანახმად, „ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად“. საქმეში არსებული წერილები ადასტურებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ (შემკვეთმა) დაასრულა 2012 წლის 20 ნოემბერს, რის შემდეგაც მოპასუხის მოთხოვნის მიღებიდან მაქსიმალურად მოკლე დროში - 22 ნოემბერს შესაძლებელი გახდა მომხმარებლის ქსელში მიერთება, რაც განახორციელა კიდეც მენარდემ (მოსარჩელემ). აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა, რომ კასატორმა N20 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულება. სწორედ ამას ითვალისწინებს სსკ-ის 401-ე მუხლიც: „ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“. მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოები დაკავშირებული იყო უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობასთან, რამაც განაპირობა ეხგ-ის „ბეშუმის“ გამორთვა და შეუძლებელი იყო კურორტის ქსელში მიერთება. ამ გარემოებათა მიუხედავად, სასამართლომ მტკიცების ტვირთის განმსაზღვრელი ზოგადი პოსტულატი მხოლოდ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენა და არავითარი ვალდებულება არ დაააკისრა მოპასუხეს.
14.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 629-ე და 630-ე მუხლების გამოეყენების მართებულობასაც, ვინაიდან მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო არაა არც სამუშაოს შესრულება და არც შეთანხმებული ვადა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ 361.2-ე მუხლის გამოყენებას, აღნიშნული მუხლი, კასატორის მოსაზრებით, მის სასარგებლოდ უნდა განმარტოს სასამართლომ.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საფუძვლებზე, რომლებითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა; სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულ საქმეზე დარღვეული იყო როგორც სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, ასევე სსკ-ის 401-ე და 361.2-ე მუხლებიც (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი).
19. კასატორის შედავება უფუძნება სააპელაციო სასამართლოს მიერ როგორც მატერიალური (სსკ-ის 401-ე მუხლი), ასევე საპროცესო ნორმების (სსსკ-ის 102-ე მუხლი) არამართებულ გამოყენებასა და განმარტებას.
20. წინამდებარე განჩინების 14.2.1. ქვეპუნქტში ასახულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკაშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: უსაფუძვლოა კასატორის შედავება მის მიერ მითითებული სსკ-ის 401-ე მუხლის გამოყენების მართებულობასთან დაკაშირებით, რადგან დასახელებული ნორმა, თავისი შინაარსით, მოვალის სასარგებლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების უფლებას წარმოშობს, თუმცა, ამ უფლების წარმოშობისთვის დადგენილი უნდა იყოს შემდეგი გარემოება: „ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“. მოვალის პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებათა დადასტურება და კვლევა, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოვალის მტკიცების საგანში შედის: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“. მაშასადამე, მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ ვალდებულების ვადაში შესრულებას წინ არაფერი აღუდგებოდა, რომ არა კრედიტორის მხრიდან არსებული ხელისშემშლელი გარემოებანი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესრულებაზე ვალდებულმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ შესრულება დათქმულ ვადაში განხორციელებადი (შესაძლებელი) იყო, მაგრამ კრედიტორის ქმედებამ შესრულების დაყოვნება გამოიწვია. აღნიშნულის მტკიცება, ობიექტურად, სწორედ მოვალისთვისაა შესაძლებელი, რადგან ქმედება მას უნდა განეხორციელებინა და არა კრედიტორისათვის, რომელიც, თავის მხრივ, შესრულების მიმღებ პირს წარმოადგენდა.
21. განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ კასატორის (მენარდის) მიერ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა 2012 წლის 24 ოქტომბერი იყო. N20 დადგენილების თანახმად, კასატორის მიერ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 90 - დღიანი პერიოდით და ამ ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მოპასუხემ (შემკვეთმა) მომსახურების ღირებულების ნახევარი გადაიხადა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი). ამდენად, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 24 ოქტომბერი. კასატორი მარტოოდენ სიტყვიერად განმარტავს, რომ მას შეეძლო, 7 სექტემბერსაც (დადგენილ ვადაში) უზრუნველეყო მომხმარებლის (შემკვეთის) ქსელში მიერთება, მაგრამ შესრულება გადაიდო იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა 20 ნოემბრამდე ვერ დაასრულა ის სამუშაოები, რომელიც მენარდის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე შემკვეთს თვითონ უნდა განეხორციელებინა და ამის გარეშე ქსელში მიერთება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს ორ გარემოებაზე: 1. 35 კვტ-იანი ეგხ „ბეშუმი“ მენარდემ გამორთო შემკვეთის (მოპასუხის) მოთხოვნით, ამავე ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოთა უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ ობიექტზე სამუშაოები დროულად არ დასრულდა, რამაც გამოიწვია ის, რომ მომხმარებლის ქსელში მიერთება 22 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა; 2. წერილები, სადაც მოპასუხე მას და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტორსისტემას“ ქსელში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს, კასატორის მოსაზრებით, ადასტურებენ, რომ ვადის გადაცილებაში სწორედ მოპასუხეს მიუძღვის ბრალი. ამასთან, კასატორის მტკიცებით, იმხანად მოქმედი კანონმდებლობა სამუშაოების დასრულების თაობაზე რაიმე წერილობითი დოკუმენტის შექმნას კასატორს არ ავალდებულებდა და ამდენად, მას არ უზრუნია ასეთი აქტის შექმნაზე.
22. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ორივე მტკიცებულების სამართლებრივი ღირებულებისა და მათი სარწმუნოობის შეფასების შედეგად, განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში (35 კვტ-იან ეხგ „ბეშუმზე“ სამუშაოების წარმოება) კასატორის არგუმენტაცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას ეფუძნება და საქმეში არაა წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ობიექტის გამორთვის გარეშე მოპასუხის (შემკვეთის) ქსელში მიერთება შეუძლებელი იყო. მოპასუხე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა, კასატორის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან აღნიშნული სამუშაოების ტექნიკურ კავშირს უარყოფს და შესაგებელში უთითებს, რომ კურორტის ელექტროენერგიის ქსელში ექსპლუატაციაში მიღებას კავშირი არ აქვს 35 კვტ-იანი ეხგ-ს საკაბელოთი შეცვლის სამუშაოებთან (სსსკ-ის 201-ე მუხლი; იხ. მოპასუხის შესაგებელი - ტ.,1, ს.ფ. 62). საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კასატორი არ უთითებს, თუ როდის მიიღო მან მოთხოვნა მოპასუხისგან (შემკვეთისაგან) ეგხ „ბეშუმის“ გამორთვაზე, რა ფორმით მოხდა ეს - ზეპირად თუ წერილობით, როდის დაკმაყოფილდა მოთხოვნა, და ა.შ. ამდენად მხარის მარტოოდენ ზეპირი განმარტება, კონკრეტული გარემოებების აღწერის გარეშე, ამ გარემოებას დამაჯერებლად და სარწმუნოდ ვერ წარმოაჩენს.
23. წერილობით მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც კასატორი აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებიც ვერ უზუნველყოფენ მოთხოვნის მართებულობას და იურიდიულ დასაბუთებლობას, რადგან დასახელებული წერილებით მოპასუხე (შემკვეთი) ითხოვს, რომ მენარდემ 20 და 22 ნოემბერს ქსელის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მოავლინოს წარმომადგენლები, რადგან ამის შემდეგ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც ამ პროცედურებს გაართულებს. აღნიშნულ წერილებში საუბარია არა მოპასუხის (შემკვეთის) მიერ შესრულებულ სამუშაოთა დასრულების თარიღის შესახებ, არამედ, როგორც უკვე ითქვა, მითითებულია ზოგადი ინფორმაცია, რომ სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით შემკვეთი ითხოვს, რომ მიმწოდებელმა (კასატორმა) ქსელში მიერთება 20-22 ნოემბერს უზრუნველყოს (იხ. ტ.1, ს.ფ.28-29).
24. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ არსებობდა შესრულების ვადის დარღვევის წინაპირობები და იბიექტური საშიშროება, კასატორს, შესრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით შეეძლო მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის: №20 დადგენილების 261-ე მუხლის მე-71 პუნქტის მიხედვით, ”განაწილების ლიცენზიანტი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის-ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიანტს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში“. საქმეში არც აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტია წარმოდგენილი, რაც, მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ იმ პრეზუმფციის არსებობაზე უთითებს, რომ ლიცენზიანტს (ამ შემთხვევაში მენარდეს) დამატებითი დროის მოთხოვნის საჭიროება არ გააჩნდა, ხოლო აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
25. ამავე კონტექსტში დაუსაბუთებელია კასატორის განმარტება, რომ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულების შესახებ რაიმე დოკუმენტის შექმნას კანონმდებლობა სადავო პერიოდისთვის არ ითვალისწინებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისდამიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტების შედგენა იყო თუ არა საკანონმდებლო გზით მოწესრიგებული, ეს ვერ გახდება მხარის საპროცესო ვალდებულებისაგან - კუთვნილი მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი; დაუშვებელია, რომ მარტოოდენ მხარის განმარტება იქნეს მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად, ამასთან, ისეთი სპეციფიკური ტექნოლოგიური პროცესების დასადასტურებლად, როგორიც მოცემული დავის საგანში შემავალი გარემოებაა -ელექტროგადამცემი ხაზების ქსელში მიერთებისთვის მზადყოფნა.
26. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ მტკიცებულებებზეც, რომლებიც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა, კერძოდ: ამ მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2012 წლის 20 და 28 სექტემბრისთვის 35 კვტ-იანი ეგხ-ის მოწყობის სამუშაოები მოპასუხეს დამთავრებული ჰქონდა (იხ. ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ტ.1. ს.ფ. 20-27). საგულისხმოა, რომ ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგო შედავება მოსარჩელეს არ წარუდგენია, მათ შორის, არც სიტყვიერი უარყოფის (მსჯელობის) თვალსაზრისით. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უბრუნდება და მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების გაქარწყლება მოსარჩელეს ეკისრება, რაც ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო.
27. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის მიმართ ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობა თავისი ბუნებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ხელშეკრულების საგნისა და მხარეთა ურთიერთვალდებულებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას: კერძოდ, სახეზეა მომსახურების გაწევა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, შეთანხმებულია ხელშეკრულების არსებითი პირობები, განსაზღვრულია შესრულების ვადა, გადახდის ფორმა და ა.შ. კასატორი ნარდობის ხელშეკრულების მისადაგებას ამ სამართლურთიერთობისადმი გამორიცხავს იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის სადავო არაა არც სამუშაოს შესრულება და არც შეთანხმებული ვადა (იხ. ამ განჩინების 14.3. ქვეპუნქტი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის არსის დადგენა და მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება სასამართლოს პრეროგატივაა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს შესრულების ვადა და შესრულების საგანი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი არც ყოფილა ამ გარემოებათა გამოკვლევა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კვლევისა და შეფასების საგანია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შემკვეთის ვალდებულება, მენარდისათვის გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დარჩენილი (სარჩელით სადავოდ გამხდარი) ნაწილი (იხ. სუსგ-ები: #ას-32-31-2010, 12.04.2010წ; # ას-746-714-2016, 08.05.2017წ;). თუმცა, ამ მოთხოვნის დასაბუთებულობის შესამოწმებლად, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (სსკ-ის 361.2-ე და 401-ე მუხლები), რაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო, მათ შორის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებებიც.
29. გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მენარდის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების დამადასტურებელ გარემოებათა დადასტურება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ „მტკიცების ტვირთის განაწილებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სწორედ შემსრულებელი (მენარდე) არის ვალდებული დაადასტუროს, როგორც სამუშაოს შესრულების, ისე მისი ჯეროვანი (მათ შორის ვადაში) განხორციელების ფაქტი“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ.99-117.ტ.2).
30. ანალოგიური შინაარსის ერთ-ერთ დავაზე, რომელშიც მტკიცების ტვირთის განაწილების წესზეც არის მსჯელობა, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიის მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები შესრულდა 31.12.2012წ.-მდე, რის გამოც არ არსებობდა საფასურის 50%-მდე შემცირების საფუძველი, ეკისრებოდა სს „ე-ას“, რომელმაც სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ მართლზომიერად დადგა არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი“ (იხ.საქმე №ას-605-573-2015; 22.07.2015წ.).
31. მენარდის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორმა სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები და ვერც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების თვალსაზრისით დაამტკიცა, რომ სახეზე იყო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მენარდის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ობიექტური წინაპირობები. კასატორმა, სსკ-ის 361.2-ე მუხლის იმპერატიული შინაარსის საწინააღმდეგოდ, სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ უზრუნველჰყო სსკ-ის 401-ე მუხლის დისპოზიციით დადგენილი გარემოების დამტკიცება, რომელიც ფარდობითია და მოვალის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ობიექტურ პირობას უკავშირებს („ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“).
32. ზემოხსენებული მსჯლობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ე-ას" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე