საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-909-849-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ფ. ი-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ-ი“, შპს „მ-ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ი-ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, შპს „ტ-ისა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და შპს “მ-ის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, მოჩვენებითი და თანხმობის გარეშე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2591, 369-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სენაკის რაიონულ სასამართლოში მთავარი სხდომა გაიმართა 2016 წლის 5 დეკემბერს, რასაც აპელანტის წარმომადგენელი და გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი, ბ. ხ-ე ესწრებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2016 წლის 30 დეკემბერს, 12:00 საათისთვის. აღნიშნულის თაობაზე სასამართლო უწყება მოსარჩელისათვის გადასაცემად პირადად ჩაიბარა ბ. ხ-ემ, რაც გულისხმობს იმას, რომ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, კანონით დადგენილი წესით, ცნობილი იყო.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად მოსარჩელე სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2017 წლის 29 იანვრის ჩათვლით (გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღე). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტი ან მისი წარმომადგენელი ამ ვადაში სასამართლოში გამოცხადდენ. აპელანტის წარმომადგენელმა 2017 წლის 27 იანვარს, ფოსტის მეშვეობით, მიმართა რაიონულ სასამართლოს და გადაწყვეტილების ასლის, საკუთარ მისამართზე, გაგზავნა ითხოვა. გადაწყვეტილების ასლი ორჯერ გაეგზავნა ბ. ხ-ეს და 2017 წლის 21 თებერვალს ჩაბარდა.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი საბუთებით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი გასაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად გამოცხადდა სასამართლოში. სასამართლოს მსჯელობით, ეს არ მტკიცდებოდა არც მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენებითაც, რომელმაც მართალია, განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლოში ავტომობილით მიიყვანა, თუმცა, მოითხოვა თუ არა მან გადაწყვეტილების ასლი, მისთვის უცნობი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა 2017 წლის 13 თებერვლის (ორშაბათი) ჩათვლით (2017 წლის 29 იანვრიდან 14 დღის ვადაში). მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 2 მარტს წარადგინა.
9. ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსარჩელე მხარისათვის გადაცემის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არ მისცა მართებული სამართლებრივი შეფასება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი წარმომადგენელი 2017 წლის 20 იანვარს მძღოლმა მიიყვანა სენაკის რაიონულ სასამართლოში, რათა ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა, დასაბუთებული ტექსტი მოსამართლეს გამზადებული არ ჰქონდა და მოსამართლის თანაშემწის სიტყვიერი დაპირებით 2-3 დღეში მას ფოსტით გაუგზავნიდნენ ქუთაისში.
11. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით გამოცხადება. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2015-16 წლებში და 2017 წლის განვლილ პერიოდში არასდროს მიუღია მონაწილეობასენაკის რაიონულ სასამართლოში რაიმე საქმის განხილვაში, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ 2017 წლის 20 იანვარს ბ. ხ-ე მოსარჩელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გამოცხადდა სასამართლოში.
12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სენაკის რაიონულ სასამართლოში მისვლისას, ნაცვლად ზეპირი მოთხოვნისა, წერილობითი განცხადებით, რომ დაერეგისტრირებინა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნა და იგივე შინაარსის განცხადება ქუთაისიდან ფოსტით გაგზავნის ნაცვლად ასევე ხელზე, რომ ჩაებარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიაში, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა, იმის გამო, რომ ამ ვადაში თავად სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული ტექსტის მომზადება.
13. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 21 თებერვლიდან უნდა დაიწყოს, რადგან მას, კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლოს ბრალით არ ჩაბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
17.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-8 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, დაედასტურებინა, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადების ფაქტი, ხოლო სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით წარადგინა, რამაც სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, რისი შეცვლაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ შეუძლია. „დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი... დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება... შესაბამისად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი)“ -იხ. სუსგ №ას-1161-1106-2014, 30.12.2014 წ.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულება, მხარეს გაუგზავნოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ვრცელდება სამართალწარმოების მონაწილე არა ყველა სუბიექტზე, არამედ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი (იხ. სსსკ-ის 2591-ე მუხლი). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. „მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისგამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შ ემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ- 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება)“ -იხ.სუსგ # ას-429-401-2017, 05.05.2017წ; შდრ. ასევე სუსგ-ებს: # ას-288-272-2017, 31.03,2017წ; #ას- 835-801-2016, 30.11.2016წ; #ას-879-846-2016, 25.11, 2016წ..
20. საკასაციო სასამართლო, ზემოხსენებული მსჯელობის, მოხმობილი ნორმებისა და სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 30 იანვარს დაიწყო და 2017 წლის 13 თებერვალს (ორშაბათი) ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი ვადის დარღვევით, ამავე წლის 2 მარტს წარედგინა სასამართლოს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. ი-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე