საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-912-852-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ. მ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში-მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში- მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.ქუთაისში, ი-ას ქ. №37-39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (შემდეგში: უძრავი ქონება) 3/5 ნაწილი ე. ნ-ეს (შემდეგში: მამკვიდრებელი, მოპასუხის ბებია) ეკუთვნოდა.
2. 1955 წლიდან ამ სახლში ც. ჯ-ი (შემდეგში: მოსარჩელის ბებია) ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად.
3. მოსარჩელის ბებია მამკვიდრებლის მეუღლის ძმისშვილია.
4. 2004 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 132).
5. მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს მისმა შვილიშვილებმა: მ. ჯ-მა (შემდეგში: მოპასუხე ან მამკვიდრებლის შვილიშვილი) და ნ. ჯ-მა (შემდეგში: მოპასუხის და; იხ. სამკვიდრო მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 16-20).
6. 2015 წლის 6 აგვისტოს მოპასუხის დამ მოპასუხეს თავისი წილი აჩუქა და უძრავი ქონების 3/5 წილი მოპასუხის სახელზე აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 22-23).
7. მოსარჩელის ბებიის მეუღლე არის ჯ. ს-ა (შემდეგში: მოსარჩელის პაპა ან მოთხოვნის დამთმობი), ხოლო გ. მ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან მოთხოვნის მიმღები) მოთხოვნის დამთმობის შვილიშვილია.
8. 2013 წლის 17 ივნისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას და მოითხოვა სადავო ქონებიდან მოსარჩელის ოჯახის წევრების გამოსახლება, თუმცა 2013 წლის 12 ივლისს, მისივე მოთხოვნით, გამოსახლება შეჩერდა. 2013 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელის ოჯახის გამოსახლება კვლავ მოითხოვა, მაგრამ 2013 წლის 15 ნოემბერს გამოსახლების პროცედურა ისევ შეაჩერა. იგივე განმეორდა 2014 წლის 11 თებერვალს და 2015 წლის 15 მაისს.
9. მოსარჩელის ოჯახის წევრები, პოლიციის მეშვეობით, გამოსახლდნენ 2015 წლის 27 აგვისტოს, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, სახლში მათი კუთვნილი ნივთების ნაწილი დარჩა.
10. სახლში ცხოვრების პერიოდში მოსარჩელის ოჯახის წევრებმა სახლი გაარემონტეს - დააგეს პარკეტი, სახურავი გადახურეს შიფერით, ზოგიერთი ოთახის ჭერი მოაწყვეს თაბაშირ-მუყაოთი, ჩასვეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები; სახლს მიაშენეს დამატებითი ფართი და ეზოში ააგეს ავტოფარეხი და სველი წერტილი.
11. ამ სამუშაოთა ძირითადი ნაწილი განხორციელდა 1982 წელს და, ამჟამად, იმდროინდელი განფასების კრებულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 24 815,07 ლარს.
12. 2015 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელის პაპამ მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს დაუთმო.
13. სარჩელის საფუძვლები
13.1. მოსარჩელემ 2015 წლის 13 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და გაწეული ხარჯის - 24 815,07 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
13.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-12 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ მისმა პაპამ და ბებიამ მამკვიდრებელს 3 000 მანეთი გადაუხადეს და ზეპირად შეუთანხმდნენ, რომ უძრავი ქონება მათ გადაეცემოდათ. შესაბამისად, ისინი უძრავ ქონებას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევდნენ და სწორედ ამიტომ გაარემონტეს სახლი.
13.3. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელსა და მოპასუხეს პრეტენზია არასდროს გამოუთქვამთ აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ და აღნიშნული უძრავი ქონებით არასდროს უსარგებლიათ.
14. მოპასუხის შესაგებელი
14.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მამკვიდრებელს სახლი არ გაუყიდია.
14.2. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის პაპას და ბებიას უსაფუძვლოდ ეგონათ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება მათ დარჩებოდათ, რადგან მამკვიდრებელს სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები ჰყავდა და მათ ეს იცოდნენ.
14.3. მოპასუხის მითითებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მამკვიდრებელი 2004 წელს გარდაიცვალა და მისი გარდაცვალებიდან სარჩელის აღძვრამდე 10 წელზე მეტი დროა გასული.
15. მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძვლები
15.1. 2016 წლის 7 ივნისს მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის 9 750 ლარის დაკისრება.
15.2. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნილი თანხა ის მიუღებელი შემოსავალია, რომელსაც ის მიიღებდა უძრავი ქონების სარგებლობიდან (2013 წლის 18 მარტიდან - სამკვიდროს მიღების დღე), უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული სარგებლის სახით, სულ მცირე თვეში 250 ლარი.
16. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
16.1. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებულები არიან სადავო უძრავი ქონებიდან. მოთხოვნის მიმღების განმარტებით, მამკვიდრებლის შვილიშვილმა არათუ დაკარგა რაიმე სახის შემოსავალი, არამედ უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ გაწეული ხარჯით.
17. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
17.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 411-ე, 412-ე, 615-ე, 619-ე, 621-ე, 973-ე მუხლებით, ამ განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელს, მოსარჩელის პაპასა და ბებიას შორის უძრავი ქონების თხოვების ხელშეკრულება არსებობდა, რაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა.
17.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის პაპამ უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რამაც 24 815,07 ლარი შეადგინა, თუმცა, მითითებული სამუშაოები მათი ხასიათისა და დანიშნულებიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად იყო საჭირო. გამნათხოვრებლის მოვალეობა გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უნდა განისაზღვროს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით.
17.4. იმისათვის, რომ დადებითად გადაწყდეს აუცილებელი ხარჯების დაკისრების საკითხი, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: გამოკვეთილი უნდა იყოს ხარჯების გაწევის აუცილებლობა ან დამქირავებლის მიერ არაუფლებამოსილი შესრულების ფარგლებში განხორციელებული აუცილებელი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს დაინტერესებული პირის (მეპატრონის) ინტერესსა და ნებას, რაც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, ასევე ვერ დაასაბუთა მისი შესაბამისობა მეპატრონის ინტერესთან და ნებასთან. თანაც სადავო უძრავი ქონების ეზოში აშენებული შენობის გამო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოთხოვნის დამთმობის მიმართ, „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ პუნქტით, რომელიც სამართალდამრღვევის დაჯარიმებას - 3000 ლარით, ან უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს.
17.5. სსკ-ის 1328-ე და 1488-ე მუხლების მიხედვით, მოსარჩელის პაპას და ბებიას არ წაუყენებიათ მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოპასუხის მშობლებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გასწიეს მამკვიდრებლის სიცოცხლეში და არც სამკვიდროს გახსნიდან და არც მემკვიდრეობის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, შესაბამისად დასტურდებოდა, რომ მათ დაკარგეს ხსენებული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
17.6. სასამართლომ მოპასუხის მიმართ გამოიყენა სსკ-ს 411-ე და 412-ე მუხლები და მიუთითა ამ განჩინების 8-9 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ 2013 წლის მარტში მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება მხოლოდ 2015 წლის 27 აგვისტოს იქნა გათავისუფლებული, თუმცა ზიანი, რაც გამოიხატება მიუღებელ შემოსავალში, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სავარაუდო მოწინააღმდეგე მხარისათვის, რადგან გამოსახლების შეჩერება თავად მოპასუხემ მოითხოვა, თანაც - არაერთხელ. მან არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, გამოეთავისუფლებინა და გაექირავებინა კუთვნილი ფართი, მანვე მისცა უფლება მოწინააღმდეგე მხარეს, გამოსახლების შემდეგაც დაეტოვებინათ გარკვეული მოძრავი ნივთები, ასეთ ვითარებაში კი მიყენებული ზიანის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
18. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
18.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
18.2. სასამართლომ საქმეში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. მოსარჩელის განმარტებით ჩატარებული სამუშაოები აუცილებლობით და გარდაუვალობით იყო გამოწვეული, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებდა.
18.3. სარჩელი არ იყო ხანდაზმული, რადგან მოსარჩელეს უფლება სახლიდან გამოსახლების შემდეგ დაერღვა, საქმეში წარდგენილი პოლიციის მასალებით დასტურდებოდა, რომ გამოსახლებამდე მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებული იყვნენ მოსარჩელის სახლში ცხოვრებაზე. ამ უკანასკნელს მხოლოდ გამოსახლების შემდეგ წარმოეშვა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი (სსკ-ის 130-ე მუხლი).
19. მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
19.1. მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2. მოპასუხის განმარტებით, ზიანი, რაც მიუღებელ შემოსავალში გამოიხატა, სავარაუდო იყო მოსარჩელისათვის, მამკვიდრებლის შვილიშვილი თავისი ნებით ითხოვდა გამოსახლების შეჩერებას და ვადას აძლევდა მოსარჩელის ოჯახის წევრებს პოლიციის გარეშე, ნებით დაეტოვებინათ ქონება. ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს ატყუებდნენ და თხოვდნენ მათთვის გარკვეული პერიოდი მიეცა, რომ ნებაყოფლობით დაეცალათ უძრავი ქონება, რისი დასტურიცაა მოპასუხის ყოველი მორიგი განცხადება, რომ მათ ისევ დააღვიეს შეთანხმება.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
20.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
20.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ მხარეთა მოთხოვნები უსაფუძვლო იყო.
20.3. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის ოჯახის წევრები 60 წლის განმავლობაში სადავო ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობდნენ და მრავალი წელი თავად სარგებლობდნენ იმ სიკეთით, რომელიც ქონების რემონტმა და გაუმჯობესებამ გამოიწვია, შესაბამისად ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯი ამავე ნივთით უსასყიდლოდ სარგებლობით სრულად კომპენსირებული იყო და, სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
20.4. სსკ-ის 987-ე მუხლისა და 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დამთმობს მოთხოვნა წარმოეშვა მამკვიდრებლის მიმართ, რომლის გარდაცვალების შესახებ მხარისთვის უთუოდ ცნობილი იყო, შესაბამისად, მოსარჩელეს მესაკუთრისათვის პრეტენზია უნდა წარედგინა 2004 წლის 1 იანვრიდან ექვსი თვის ვადაში. თუმცა, იმ საკითხის კვლევას, თუ როდიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება, ანუ როდიდან უნდა გამოთვლილიყო მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ უკვე არსებობდა და, თანახმად სსკ-ის 1328-ე მუხლისა, წარმოადგენდა სამკვიდრო პასივს და კრედიტორს თავისი უფლების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში უნდა დაეყენებინა.
20.5. სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში და აღნიშნა, რომ მესაკუთრის განმარტებით, მისთვის მიყენებული ვნება გამოიხატა არა ფაქტობრივ ზარალში, არამედ - მიუღებელ შემოსავალში და სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, სავარაუდო შემოსავლის მიღების მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ან უკვე დადებული ჰქონდა, ან აპირებდა გარიგების დადებას სადავო ქონების ქირავნობის თაობაზე, ან ქონება თავისი ფუნქციური დანიშნულებით, გათვალისწინებული იყო შემოსავლის მისაღებად, ან მხარეს იგი სწორედ ამ მიზნისათვის ესაჭიროებოდა. საქმის მასალებით ასევე არ მტკიცდებოდა, რომ მოპასუხის საქმიანობის საგანი ბინების გაქირავება და ამ გზით შემოსავლის მიღება ოდესმე მაინც იყო. მან უძრავი ქონება არც დაბრუნების შემდეგ არ გააქირავა.
21. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების საფუძვლები
21.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21.2. კასატორის საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იდენტურია (იხ. ამ განჩინების 18.2-18.3 პუნქტები);
21.3. მოპასუხემაც საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრასააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
22.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, წარმოებაშია მიღებულია სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
22.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
25. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
26. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სახლის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მისი უვარგისობისა და ნაკლიანობის გამო და მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გამოსახლების შემდეგ წარმოიშვა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულება სახლის ნასყიდობის შესახებ.
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხებს.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ სსკ-ის 619.2-ე და 973-ე მუხლების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოთხოვნის დამთმობმა გასწია სხვა ხარჯი, რომლის მოთხოვნის უფლება მაშინ აქვს შემსრულებელს, როცა დაადასტურებს, რომ ხარჯის გაწევა აუცილებელი იყო. სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო ამ ფაქტის მტკიცება. „ამდენად, იმისათვის, რათა დადებითად გადაწყდეს აუცილებელი ხარჯების დაკისრების საკითხი, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: დაფიქსირდეს ნივთობრივი ნაკლი და გამქირავებელმა გადააცილოს ნაკლის გამოსწორების ვადა, ან დამქირავებლის მიერ არაუფლებამოსილი შესრულების ფარგლებში განხორციელებული აუცილებელი შესრულება უნდა შეებამებოდეს დაინტერესებული პირის (მეპატრონის) ინტერესსა და ნებას“ (იხ. სუსგ ას-797-764-2016, 03.10.16 წ.).
29. კასატორი განმარტავს, რომ მხარეთა შორის ზეპირი გარიგება გაფორმდა, რის გამოც ისინი ვარაუდობდნენ, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათი გახდებოდა. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განმარტებას ვერ გაიზიარებს, რადგან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება კანონით გათვალისწინებული დოკუმენტით დასტურდება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო სახლი მოთხოვნის დამთმობს ეკუთვნოდა. მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ ისინი თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ სახლს და მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით უნდა გადაწყდეს.
30. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც ქვემდგომი სასამართლო არ ეთანხმება მოთხოვნის მიმღების მტკიცებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.; საქმე №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.; საქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსხილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ. მ-ს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ს-ას (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N12, გადახდის თარიღი 2017 წლის 7 აგვისტო), 70% – 350 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე