საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე # ას-966-901-2017 23 აგვისტო, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრისა და განცხადების ავტორები - ა. დ-ი, ქ. შ-ე, ლ. დ-ი, ჰ. დ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრისა და განცხადების ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება; მოპასუხეთა საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის შეჩერება მოპასუხეთა და მოსარჩელეს შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ,,თ- ის’’ სარჩელი ა. დ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ქ. შ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ლ. დ-ისა (შემდეგში: მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ჰ. დ-ის (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა 2017 წლის 15 ივნისს სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2591.1-ე, 369.1-ე, 372-ე, 373.1-ე, 374.2-ე, მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 190-192). აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ პირველი, მესამე და მეოთხე მოპასუხეები, მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, მოპასუხეები არ არიან სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი მოპასუხე, ასევე, წარმოადგენს მეორე მოპასუხეს და მინიჭებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (იხ. რწმუნებულება, ტ.1. ს.ფ. 182-184).
5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2591-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 26 აპრილი, ხოლო 30-ე დღე - 6 მაისი. ვინაიდან, გადაწყვეტილების ჩაბარების ბოლო დღე იყო ყოველკვირეული დასვენების დღე - შაბათი, მხარეს შეეძლო 26 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა მხარეებს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, პირველმა მოპასუხემ სასამართლოს მიმართა და 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2017 წლის 2 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 211). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 9 მაისს (30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა 2017 წლის 22 მაისს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2017 წლის 15 ივნისს. სააპელაციო საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და დათარიღებულია 2017 წლის 15 ივნისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი მოპასუხის 2017 წლის 23 ივნისის განცხადებაზე სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე გადაწყვეტილებით იქნა მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი მისი დაუშვებლობის მოტივით, ვერ იმსჯელა განცხადებაზე, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
7. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების მოთხოვნით.
8. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლოსადმი არაერთი სატელეფონო საუბრისა და მოთხოვნის მიუხედავად, მათ გადაწყვეტილება 2017 წლის 2 ივნისამდე არ ჩაჰბარდათ და სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს გასაჩივრების ვადის ათვლა. ასევე, სასამართლო მოპასუხეებს შეჰპირდა, რომ გადაწყვეტილებას ფოსტის საშუალებით გაუგზავნიდა, შესაბამისად, სწორედ აღნიშნულს ელოდებოდნენ აპელანტები, სასამართლოს კი მხარეებისათვის წერილობითი შეტყობინება არ გაუგზავნია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმეორედ უნდა მიემართათ სასამართლოსათვის წერილობითი ფორმით, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი აუცილებლად მიმართავდნენ სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს მიმართეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების მიზნით და სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, არაუგვიანეს მესამე დღისა გადაეცა მათთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება ან მის გადაცემაზე დასაბუთებული უარი ეთქვა. ასევე, მათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე მიმართეს წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით და სასამართლოს უნდა მიეთითებინა აღნიშნულზე. მხარისათვის გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო 2017 წლის 2 ივნისიდან - გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღიდან 30 დღის შემდგომ. სასამართლომ მხარეს არ მიაწოდა არც დასაბუთებული გადაწყვეტილება და არც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე ასლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არც შესაბამისი დრო განუსაზღვრავს. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეებს შეუზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც კანონის თანახმად - შეუზღუდავია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
10. კერძო საჩივრის ავტორებმა 2017 წლის 2 აგვისტოს განცხადებით მომართეს სასამართლოს და ითხოვეს, იძულების წესით, აუქციონზე ქონების რეალიზაციის შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოპასუხეების განმარტებით, შეიქმნა გადაუდებელი ღონისძიებების გატარების საჭიროება, რათა აუქციონზე არ გასხვისდეს მოპასუხეთა უძრავი ქონებები. კერძო აღმასრულებელი ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე გასატანად. თუკი აუქციონზე გაიყიდება აპელანტთა კუთვნილი უძრავი ქონებები და ახალი მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენის ადგილს დაიკავებს, მოპასუხეებს მიადგებათ გამოუსწორებელი მატერიალური ზიანი. განცხადებას თან ერთვის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და კერძო აღმასრულებლის მიმართვა პირველი მოპასუხისადმი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით აღნიშნულ ქონებებზე იძულებითი აუქციონი ჩანიშნული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და განცხადების პრეტენზიების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ამ განჩინების 4-6 ქვეპუნქტებშია მითითებული და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 9 მაისს დაიწყო და ამავე წლის 22 მაისს (ორშაბათი) ამოიწურა, რადგან მოპასუხეები ესწრებოდნენ 2017 წლის 6 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების წესი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ავალდებულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა (იხ. სუსგ №ას-1242-1165-2015, 12.02.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს (იხ. სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლები). საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს, კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას, რომ მოპასუხეებს არაერთი სატელეფონო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, არ ჩაჰბარდათ გადაწყვეტილების ასლი. მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი კერძო საჩივრის ავტორებს აწევთ, მათ კი, არ წარმოუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომჩივანთა მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართვის ფაქტს. მტკიცებულება, რომ მოპასუხეთაგან რომელიმემ (ან მხარის წარმომადგენელმა) 2017 წლის 2 ივნისამდე მიმართა სასამართლოს და ვერ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. პროცედურული წესი მოდავე მხარეთათვის თანაბარ ვალდებულებას ითვალისწინებს, სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება შეფასდეს ეროვნული სასამართლოს მიერ ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს თავისი საჩივრის განსახილველად სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ამ განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებულ განცხადებაში მითითებულ პრეტენზიას, რადგან სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს იძულებითი აუქციონის შეჩერების შესახებ განცხადებაზე, მაშინ როცა იძულებითი აუქციონი მიმდინარეობს, განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონი 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ჩანიშნული არ არის. იძულებითი აუქციონის შეჩერების საფუძველი არ არსებობს იქედან გამომდინარეც, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეების კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერ ძალაში შევიდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 264-ე, 267-ე მუხლები).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, ისევე, როგორც - მოპასუხეთა განცხადება, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 264-მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ის, ქ. შ-ის, ლ. დ-ის, ჰ. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. ა. დ-ის, ქ. შ-ის, ლ. დ-ის, ჰ. დ-ის განცხადება მოპასუხეთა საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე