საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1167-1122-2016 26 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ. ბ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ნ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ნ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან ბავშვის დედა) და ბ. ბ-ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვის მამა) 2007 წლის 15 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. ქორწინების მოწმობა, ტ. 1, ს/ფ 17).
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში, 2009 წლის 26 სექტემბერს, შეეძინათ შვილი - ბ. ბ-ი (შემდეგში: ბავშვი ან მცირეწლოვანი; დაბადების მოწმობა, ტ. 1, ს/ფ 18).
3. 2014 წლის ოქტომბრიდან ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მცირეწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს.
4. დედა-შვილს აქვთ ტიპიური ურთიერთობა. ბავშვი მის გვერდით ხშირად ჩუმადაა და პასუხობს დედის მიერ დასმულ კითხვებს ან იცინის. მცირეწლოვანი დედასთან ერთად იცინის ხშირად არაადექვატურად, შეუსაბამოა სიცილის მიზეზი, ხანგრძლივობა და ფორმა, რომელიც არ ჯდება მსგავსი ემოციის გამოხატვის ბუნებრივ ფორმებში. მცირეწლოვანი დედის მიმართ ავლენს მიჯაჭვულობას. მამა-შვილის ურთიერთობა ჰგავს დიალოგს, სადაც ერთობლივად მიდიან დასკვნებამდე და თანხმდებიან აქტივობებზე. მაგრამ ხშირად მამა-შვილის საუბარი მიდის კონფლიქტისკენ, რა დროსაც საუბრის თემა მამასთან წასვლაა ან მასთან ურთიერთობის სიმწირე; ბავშვი პროტესტის ნიშნად კითხულობს, თუ რატომ არ ნახულობდა მას მამა სხვადასხვა დღეებში. მამა-შვილს შორის არის მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობა. არასრულწლოვანი მიჯაჭვულია ორივე მშობელზე. მეტ მიჯაჭვულობას ავლენს მამის მიმართ. ბავშვს აღენიშნება მეხსიერების პრობლემა, რაც ამ ასაკში ხშირად დაკავშირებულია ტრავმატიზებასთან (იხ. ფსიქოლოგ გ. ჯ-ის 09.02.2015 წ. დასკვნა ტ.1, ს.ფ. 199-200).
5. მამა - შვილს შორის მკვეთრად არის გამოხატული მიჯაჭვულობა; ბავშვი მამის გვერდით დაცულად გრძნობს თავს; ბავშვი დედის მიმართ გამოხატავს შიშსა და მორჩილებას; ბავშვი არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ; ბავშვი ემორჩილება დედის ბრძანებას. მასზე ზეგავლენას ახდენს დედის მიერ ტელეფონის მეშვეობითაც განხორციელებული მითითება, რომ ბავშვი დედასთან უნდა დაბრუნდეს სახლში; ბავშვს ესაჭიროება კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება, რათა მან არ დაკარგოს ინდივიდუალურობა, გამოვიდეს სტრესიდან, დაიბრუნოს მისი ასაკის ბავშვისათვის დამახასიათებელი ჩვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფითი და გამოუსწორებელი შედეგი შესაძლოა მცირე დროში დადგეს; ბავშვი მიდრეკილია აგრესიული ქმედებისაკენ, ბავშვმა არ იცის თხოვნა, იგი მოითხოვს; ბავშვი ემოციურად ტრავმულია (იხ. ფსიქოლოგ ქ. ჯ-ის 2016 წლის 11 აპრილის დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 76-79).
6. დედა-შვილის ურთიერთობა ხასიათდება სიმშვიდით, გაწონასწორებულობითა და ნდობით. ლაქტაციის (ძუძუს წოვა) პერიოდი გრძელდება თითქმის ორ წლამდე, რაც თავისთავად დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხს, მისდამი და ზოგადადაც ნდობას ზრდის. ოჯახური კონფლიქტი კონტრასტულია ლაქტაციის პერიოდის ე.წ. სიამოვნებების გამოცდილებასთან. ამიტომაც, ბავშვი შინაგან კონფლიქტში, წინააღმდეგობაში იმყოფება და ცდილობს ისევ დედას „დაუბრუნდეს“, „უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად (იხ. ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრეინინგების ცენტრის 2016 წლის 21 აპრილის დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 91).
7. დედა ყურადღებიანია, გამოხატულ სითბოსა და ზრუნვას იჩენს ბავშვის მიმართ. დაკვირვებით მიღებული შთაბეჭდილებით იგი მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა. მან კარგად ითანამშრომლა ფსიქოლოგთან, მცირეწლოვანს აღენიშნება ფსიქოლოგიური ტრავმატიზების ნიშნები, რაც მის მშობლებს შორის არსებულ დაძაბულობას და დაპირისპირებას უკავშირდება; ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და ორივეს მიმართ ავლენს მიჯაჭვულობას. ამ ეტაპზე კი დედაზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული; მოცემულ ეტაპზე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ისევ და ისევ მშობლების დაპირისპირება და ამ დაპირისპირების მუდმივი შეხსენება (იხ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგ ლ. პ-ის 2016 წლის 30 ივნისის დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 128-130; იხ. 2016 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 16:05:02-16:17:17, ტ. 2, ს/ფ 160, დისკი).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. 2014 წლის 24 ოქტომბერს ბავშვის დედამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ბავშვის მამის წინააღმდეგ და მოითხოვა, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხისათვის მცირეწლოვანის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება.
8.2. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა უშუალო ზიანს აყენებს მცირეწლოვანის ფსიქიკას. ბავშვის დედამ, შვილის ინტერესების გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეწყვიტა ქორწინება და ბავშვთან ერთად საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.
8.3. მოსარჩელეს და მის მშობლებს აქვთ მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები, ამასთან, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მისი ნორმალური განვითარებისათვის დაუშვებელია დედისგან შორს ყოფნა და აუცილებელია უწყვეტი ურთიერთობა მზრუნველ დედასთან.
8.4. მოსარჩელეს მარტოოდენ მშობლების დახმარებით არ შეუძლია მცირეწლოვანი შვილის აღზრდისათვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება. ბავშვის ღირსეულად აღზრდისათვის აუცილებელია ორივე მშობლის მატერიალური დახმარება, ამიტომ, ბავშვის მამას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური ალიმენტის გადახდა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი მხოლოდ განქორწინების ნაწილში ცნო და განაცხადა, რომ ბავშვი არ უნდა დარჩეს მოსარჩელის მამიდის სახლში, სადაც დამთრგუნველი გარემოა. მოპასუხეს არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი და დედის დახმარებით ირჩენს თავს, რის გამოც ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებს.
10. ბავშვის მამის შეგებებული სარჩელის საფუძვლები
10.1. 2014 წლის 7 ნოემბერს ბავშვის მამამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მცირეწლოვანის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
10.2. მოპასუხის განმარტებით, დედა ბავშვს არ აძლევს უფლებას ურთიერთობა იქონიოს მამასთან, ბებიასთან (მამის დედასთან) და მამის ახლობლებთან. დედამ მოტყუებით წაიყვანა ბავშვი მამის სახლიდან და სახლში აღარ დაბრუნებულან. ბავშვს მამასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, ის კარგად ეწყობა მამას. მოსარჩელე ცდილობს, თბილი მამაშვილური ურთიერთობა გააცივოს და შვილს მამა „მტრად“ წარმოუჩინოს.
11. ბავშვის დედის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
11.1. ბავშვის დედამ მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ ცნო.
12. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
12.1. მოსარჩელე მამიდის ოჯახთან ერთად ცხოვრობს მცხეთის ქუჩაზე, კერძო სახლში, სადაც საკმაოდ კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბავშვისათვის გამოყოფილია ორი ოთახი - ერთი საძინებელი და ერთი სათამაშო. ბავშვს აქვს სათამაშოები, საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. მოპასუხე თამარაშვილის გამზირზე, კეთილმოწყობილ ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც ძალიან კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი და აღზრდა-განვითარებისათვის შესაფერისი გარემო. ორივე მშობელს აქვს შვილზე ზრუნვის და მისი საჭიროებების დაკმაყოფილების უნარი და შესაძლებლობა, გამოხატავენ სითბოს და სიყვარულს შვილის მიმართ, შეუძლიათ ბავშვის ცხოვრებისა და განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 143-145).
12.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, მცირეწლოვანის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც განაპირობებდა ამ ასაკის ბავშვის დედისგან განცალკევებით ცხოვრების აუცილებლობას (იხ. 2015 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი, ტ. 1, ს/ფ 237-254).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბავშვის დედის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მამის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა: მეუღლეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა 2014 წლის 24 ოქტომბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე.
13.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 1127-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1106-ე, 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 208-ე მუხლის მესამე ნაწილით. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების ნაწილში დააკმაყოფილა, რადგან ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.
13.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს შვილი, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი მოქმედებს, თუმცა, გადამწყვეტი თავად ბავშვის უპირატესი ინტერესებია. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიღრმსიულად შესწავლის მიზნით დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მცირეწლოვანს აღენიშნება ფსიქოლოგიური ტრავმატიზმის ნიშნები, გამოხატულია ემოციური გაორება მშობლების მიმართ. უკმაყოფილებისას ბავშვი ავლენს აგრესიას ორივე მშობლის მიმართ, დედის მიმართ მუქარაც გამოვლინდა, რაც უფროსების მხრიდან ბავშვზე არასასურველი ზემოქმედების შედეგია. მცირეწლოვანს ორივე მშობლის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს. ამასთან, მცირედი უპირატესობა შეიმჩნევა მამასთან მიმართებით, რაც მშობლებს შორის განვითარებული კონფლიქტის ფონზე მამასთან ურთიერთობის დეფიციტით აიხსნება. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ფსიქოლოგმა ვერც ერთ მშობელს ვერ მიანიჭა უპირატესობა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
13.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელესთან შვილის ცხოვრების ხელისშემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა და არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან არ გამოთქმულა. ამასთან, ბავშვის დედა ადასტურებს მამასთან ბავშვის ხშირი ურთიერთობის აუცილებლობას და მიზანშეწონილობას, რაც მნიშვნელოვანია მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების პირობებში ბავშვის ჯანსაღი და სრულყოფილი განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება მცირეწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
13.5. სსკ-ის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე სასარჩელო მოთხოვნაც დასაბუთებული იყო და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისაკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის გონებრივ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე - მის განათლებას და ა.შ. თუმცა, თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
14. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება, არასრულწოვანისათვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და დაკისრებული ალიმენტის გაუქმება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვა:
14.2. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოსარჩელეს მატყუარა ადამიანად ახასიათებდნენ, რადგან ამ უკანაკსნელმა ვერ უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ მიმართა დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გაცემის თხოვნით სასამართლოს, თუ მოპასუხე მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა, ასევე - სასამართლო პროცესზე აშკარა გახდა, რომ მოსარჩელემ მეუღლეს უღალატა.
14.3. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ არასწორად მიუთითა, რომ საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. ბავშვს აქვს მოთხოვნილება იცხოვროს მამასთან ერთად, სახლში სადაც დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სასამართლომ ეს გარემოებაც არ გაიზიარა და უპირატესობა მიანიჭა არა ბავშვის, არამედ - მოსარჩელის ინტერესებს.
14.4. აპელანტის აზრით, სასამართლო არ შეიძლება დაეყრდნოს სოციალური მუშაკის მოსაზრებას, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი ვერაფრით ასაბუთებს თავის სუბიექტურ მოსაზრებას, თუ ვისთან უნდა იცხოვროს არასრულწლოვანმა.
14.5. ფსიქოლოგის დასკვნა კი მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ ახდენს დადებით ზემოქმედებას ბავშვზე, რომელიც მამასთან ურთიერთობისას ადეკვატურია, არ არის აგრესიული და მას თბილი სიტყვებით მიმართავს.
14.6. სასამართლომ დაარღვია მშობლების თანასწორობის პრინციპი და ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება.
14.7. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მძიმე ხასიათზე, მიუღებელ ქცევებზე და სამეტყველო ლექსიკაზე, რაც ბავშვზე ცუდ გავლენას ახდენს.
14.8. ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, იქედან გამომდინარე, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს, ალიმენტის გადახდა მამას არ უნდა დაეკისროს.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15.2. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარდგენილი ფსიქოლოგების დასკვნები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, ასევე -სოციალური სააგენტოს წარმომადგენელთა პოზიციები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი ბავშვის საცხოვრებლად. სასამართლომ იმსჯელა მშობლებისადმი ბავშვის მიჯაჭვულობის ხარისხზე და განმარტა, რომ აღნიშნულის მეტ-ნაკლები დოზით გამოხატულება ერთი ან მეორე მშობლის მიმართ ვერ იქნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი საფუძველი ერთ-ერთი მშობლის სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და მას ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს თბილი და ჰარმონიული ურთიერთობა. შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის უპირატესი ინტერესები, სასამართლოს გადაწყვეტილება ნაკლებად მატრამვირებელი უნდა იყოს მცირეწლოვანისათვის.
15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ ფსიქოლოგის დასკვნაში დაფიქსირებული მოსაზრება იმ დასაბუთებით, რომ ფსიქოლოგს პირადად არ ჰქონია შეხვედრა დედასთან, არ დაკვირვებია, არ შეუსწავლია დედა-შვილის ურთიერთობა, ვიზიტებზე მხოლოდ მამა-შვილი იმყოფებოდნენ, ხოლო ზემოხსენებული დასკვნა დედასთან მიმართებით მხოლოდ სატელეფონო საუბრის შედეგად მომზადდა.
15.4. სასამართლომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე დაასკვნა, რომ მცირეწლოვანს ამ ეტაპზე, მისი ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო მეტად დედის სითბოსა და მზრუნველობის გარემოში ყოფნა ესაჭიროებოდა და ამ კავშირის გაწყვეტა უარყოფითად აისახებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
15.5. სააპელაციო სასამართლომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მუხლებზე, სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან და იმას, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი, ასევე რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული სხვა კრიტერიუმებთან ერთად შესაბამის კვლევას მოითხოვს.
15.6. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მოხმობილი დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა წარმოადგენდა ბავშვის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას, რადგან ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოკვეთილა.
15.7. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1198-ე მუხლებით, ასევე „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები, რომელიც უპირობო ხასიათს ატარებს და არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, არ შეიძლება იგი გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა ბავშვის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის გაუქმების თაობაზე.
16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, სააპელაციო საჩივრის იდენტურ გარემოებებზე მითითებით, მოითხოვა.
16.2. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ სახლი, რომელშიც ბავშვთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელე, ამ უკანასკნელის მამიდას ეკუთვნის და მისი წილი იპოთეკითაა დატვირთული. ეს გარემოება, კი მოსარჩელის უსაფრთხოდ და უზრუნველად ცხოვრების ფაქტს აქარწყლებს.
16.3. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ფსიქოლოგების 2015 წლის 9 თებერვლისა და 2016 წლის 11 აპრილის დასკვნები, რომლებითაც უპირატესობას ცალსახად მამას ენიჭება და დედის საქციელი უარყოფითად არის შეფასებული (იხ. ამ განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები).
16.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აუდიო-ვიდო მტკიცებულებების მიუღებლობასთან დაკავშირებით, რადგან ამ მტკიცებულებებით ნათლად დასტურდებოდა, თუ როგორ იქცევა დედა ბავშვის თანდასწრებით და როგორ რეაგირებს ბავშვი ამაზე.
16.5. ბავშვის მამა აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებით, რადგან ეს ბიოლოგიური პროცესია და არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან.
16.6. კასატორის განმარტებით, ბავშვის დედა არ ასრულებს სასამართლოს დროებით განკარგულებას და მამას შვილის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევს.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და მათი ერთობლივად შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ბავშვის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვის ფაქტი. ბავშვის მამას მიაჩნია, რომ აღნიშნული საზიანოა მცირეწლოვანის ინტერესებისათვის; ასევე, სადავოა, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების მართლზომიერება.
20. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის არსებითი განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს („ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნის, ფსიქოლოგების დასკვნებისა და განმარტებების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა, რომ მის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა და მამას შვილის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
21. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ # ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
22. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.
24. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს დავა იმის თაობაზე თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, ამისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმს (ტ. 2, ს/ფ 153-159, CD 160, 15:43:58-15:52:49), საიდანაც იკვეთება, რომ ფსიქოლოგთა დასკვნებით არაა შეფასებული, თუ კონკრეტულად ვისი ბრალია ბავშვის ტრავმატიზება და რომელ მშობელზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული ბავშვი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა დასკვნა და ყველაზე უფრო დასაბუთებულს უნდა დაეყრდნოს, მას მიაჩნია, რომ CD-ით ნათლად დასტურდება ბავშვის ტრავმატიზების ფაქტი. მოსარჩელის წარმომადგენელმა CD ჩანაწერები გააკრიტიკა და განმარტა, რომ ის ბავშვის ინტერესს ეწინააღმდეგება. ფსიქოლოგის მოსაზრებით, ასეთი ფორმით ჩანაწერების გაკეთება არამართებულია და შესაძლოა რეალობას არც ასახავდეს (იხ. დასახელებული სხდომის ოქმი 15:57:19). ამავე სხდომაზე ფსიქოლოგი ლ. პ-ი განმარტავს: „მამასთან შეხვედრა იყო არა 30 წუთი, არამედ საათზე მეტხანს, რაც საკმარისია მშობელი-შვილის ურთიერობაზე დასაკვირვებლად. დედის თანდასწრებით ვიმუშავეთ იმიტომ, რომ ბავშვს არ უნდოდა ფსიქოლოგთან მარტო დარჩენა. დედაზე 1 საათი დაკვირვება საკმარისია, ხოლო ბავშვთან მუშაობას დაეთმო დანარჩენი დრო. კონფლიქტი მშობლებს შორის, მიჯაჭვულობა მშობლებისადმი, სიყვარული, დაცულობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშობელთა შორის წინააღმდეგობა არის გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვისათვის. დედისადმი მორჩილების ფაქტორს ამჯერად ვერ შევაფასებ. ბავშვს ნორმალური დამოკიდებულება აქვს დედისადმი. მარტო რომ დარჩენილიყო ბავშვი ფსიქოლოგთან უკეთესი იქნებოდა, ასეთ ვითარებაში ინტერვიუს ვარჩიე ქცევაზე დაკვირვება, რომელიც უფრო ობიექტური და გავლენებისაგან თავისუფალია. ბავშვს აქვს უნდობლობა უცხო ადამიანებთან, სხვა ფსიქოლოგებმაც აღნიშნეს ეს. ყველა შეხვედრაზე ვცდილობდი ბავშვის ნდობის მოპოვებას, თუმცა, ეს გადამწყვეტი ფაქტორია, ქცევაზე დაკვირვება ამ დროს უპირატესია (იხ. დასახელებული სხდომის ოქმი 16:05:02).
25. „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ფსიქოლოგთა განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არც ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მცირეწლოვანის, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს, საცხოვრებლად უპრიანია, მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. საქმეში წარმოდგენილია ოთხი დასკვნა, აქედან ორი მათგანი შედარებით მცირე უპირატესობას, ბავშვის მიჯაჭვულობის თვალსაზრისით, მამას ანიჭებს (ამ განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები) და ორი დასკვნა - უპირატესობას დედას ანიჭებს (ამ განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტები). საქმეში, ასევე, წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მცირეწლოვანის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 9 თებერვლისა და 2016 წლის 11 აპრილის დასკვნები წარმოდგენილია მოპასუხის მიერ, ამასთან, 2016 წლის 11 აპრილის დასკვნა შედგენილია დედასთან სატელეფონო გასაუბრების შედეგად, ფსიქოლოგი დედა-შვილის ურთიერთობას უშუალოდ არ დაკვირვებია, ფსიქოლოგთან მხოლოდ მამა-შვილი იმყოფებოდნენ. 2016 წლის 21 აპრილის დასკვნა მოსარჩელემ წარმოადგინა, ხოლო იმავე წლის 30 ივნისის დასკვნა სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით დადგენილი დამატებითი კვლევის შედეგად მომზადდა. „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ფსიქოლოგთა მოსაზრებას, რომ ამ განჩინების 24-ე პუნქტში დასახელებული ჩანაწერები, რომლებითაც მოპასუხე ცდილობს სასამართლო წინაშე წარმოაჩინოს, თუ როგორ ცუდ გავლენას ახდენს დედა შვილზე, მცირეწლოვანის ზედმეტ ტრავმატიზებას იწვევს და მისი რაიმე ფაქტის დასამტკიცებლად გამოყენება მიზანშეუწონელია.
27. ალიმენტის დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 15.7 ქვეპუნქტშია ასახული.
28. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც ვერ დარწმუნდა მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობაში, რაც საკასაციო საჩივრის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
29. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს, სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წინაპირობა. შესაბამისად, კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე