გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-49-კს-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 4 თებერვალს სს “ს.ს.ბ-მა” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ძირითადი თანხის – 390897 ლარის და 91319 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 130000 აშშ დოლარის, ოვერდრაფტით სარგებლობისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 6138,58 აშშ დოლარის, თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 475679,8 ლარის, სულ 866.576,8 ლარისა და 227.457,58 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. 2003წ. 28 თებერვალს სს “ს.ს.ბ-მა” განცხადება შეიტანა იმავე სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, კერძოდ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ¹3კ/1028.02 საქმეზე 2003წ. 28 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “... ცენტრის” მოთხოვნა და სს “ს.ს.ბ-ს” დააკისრა 543.312 ლარის დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სს “ს.ს.ბ-ის” სასარჩელო განცხადებას დააკმაყოფილებს, მისი აღსრულება გაძნელდება, რადგან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი სახსრები არ მოიცავს ასეთი დავალიანების ასანაზღურებელ თანხებს, მოპასუხეს კი სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 მარტის განჩინებით სს “ს.ს.ბ-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სს “ს.ს.ბ-მა” განმეორებით რამდენიმეჯერ მიმართა სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფისათვის ყადაღა დასდებოდა სს “ს.ს.ბ-ში” არსებულ შპს “... ცენტრის” საბანკო ანგარიშებს, მაგრამ სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 და 24 მარტის განჩინებებით შუამდგომლობები უარყოფილ იქნა.
2003წ. 26 მარტს სს “ს.ს.ბ-მა” განცხადებით ისევ მოითხოვა შპს “... ცენტრის” საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, იმ მოტივით, რომ იგი მართალია სხვა პირთან იმყოფება, მაგრამ ეკუთვნის მოპასუხეს _ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინებით სს “ს.ს.ბ-ის” განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “... ცენტრის” ანგარიშს სს “ს.ს.ბ-ში” ყადაღა დაედო 549.312 ლარის ფარგლებში.
2003წ. 8 აპრილს შპს “... ცენტრმა” კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სააღსრულებლო ფურცლის გაუქმება, რომლითაც შპს “... ცენტრის” ფულად სახსრებს ყადაღა დაედო “ს.ს.ბ-ში” 549.312 ლარის ფარგლებში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააღსრულებო ფურცლის თანახმად კრედიტორი არის სს “ს.ს.ბ-ი”, ხოლო მოვალე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, ხოლო რა კავშირშია “ცენტრის” ანგარიშის დაყადაღება ამ ორ იურიდიულ პირს შორის სასამართლოს დავასთან მისთვის გაუგებარია, რადგან აღნიშნული თანხა ეკუთვნის შპს “... ცენტრს”, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია ძალაში და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 28 იანვარს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალეს (სს “ს.ს.ბ-ს”) დაევალა 549.312 ლარის დაბრუნება ცენტრისათვის. მაგრამ, ვინაიდან ბანკის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალება, ამონაწერი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებოდა სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილის მოთხოვნებს, ამიტომ შესაბამისი წერილი გაეგზავნა სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციას და ამჟამად მიმდინარეობს ფაქტზე მოკვლევა, ხოლო 549.312 ლარსა და აგრეთვე 10000 ლარზე იძულებითი აღსრულება შეჩერდა თანხის დაყადაღების გამო. საჩივრის ავტორის განმარტებით, “ცენტრს” არა აქვს არცერთი მხარის დავალიანება, პირიქით მისი აზრით სს “ს.ს.ბ-ი” დღემდე ითვლება ცენტრის მოვალედ 559000 ლარით, მათ შორის არის ხსენებული 549312 ლარი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის დაყადაღებით საფრთხე ექმნება ტელევიზიის პირველი არხის ფუნქციონირების ტექნიკურ უზრვნველყოფას. ვინაიდან თანხა 549312 ლარი გამიზნულია შპს “ს. ტ-სათვის” სსიპ “საქტელერადიოკორპორაციის” მხრიდან საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად, რომელიც ცენტრმა უნდა გადაურიცხოს “ტ-ს” თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით შპს “... ცენტრის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის განმარტებით შპს “... ცენტრის” საჩივარი თავისი შინაარსით სსკ-ს მიხედვით წარმოადგენს კერძო საჩივარს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხება განცხადება. დაცულია ასევე კერძო საჩივრის შეტანის ვადაც.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ დაყადაღებული თანხა წარმოადგენს მის საკუთრებას და ის განკუთვნილია “ს.ტ-ის” დავალიანების დასაფარავად, რაც დასტურდება განცხადებაზე თანდართული განჩინებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია, რამდენადაც არ არის გადახდილი კერძო საჩივრისათვის სსკ-ს 39-ე მუხლით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 5000 ლარს. სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “... ცენტრის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 38-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში კერძო საჩივრის განხილვისათვის განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულობა და იგი შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ს. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის ანალოგიით, კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარს თავდაპირველად იხილავს გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო, შესაბამისად ამ უკანასკნელის მიერვე უნდა მოხდეს ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის დადგენა და ამ ხარვეზის შესავსებად ვადის განსაზღვრაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ კერძო საჩივარი 2003წ. 16 აპრილის განჩინებით ისე იქნა მიჩნეული დაუშვებელად ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, რომ მხარეს, კონკრეტულ შემთხვევაში შპს “... ცენტრს” არ დაენიშნა ხარვეზის გამოსწორების ვადა და არ მიეცა შესაძლებლობა ხარვეზის შევსებისა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ დარღვეული იქნა ზემო აღნიშნული პროცესუალური ნორმები, რითაც მხარეს შეუზღუდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
საკასაციო სასამართლო თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს “... ცენტრი” საჩივრით, რომელიც კოლეგიამ კერძო საჩივრად მიიჩნია, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების საფუძვლზე გამოწერილ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “... ცენტრის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და კერძო საჩივარი საქმესთნ ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს იმ მითითებებით, რომ სასამართლო კოლეგიამ დააზუსტოს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა (საჩივარში შპს “... ცენტრი” ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას), განიხილოს საქმეში წარმოდგენილი შპს “... ცენტრის” შუამდგომლობები სსკ-ს 47-48-ე მუხლების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან შემცირების თაობაზე და ამის შემდგომ იმსჯელოს კერძო საჩივრის დასაშვებობა-დასაბუთებულობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “... ცენტრის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.