Facebook Twitter

საქმე #ას-1417-1337-2017 21 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. კ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. ჩ-ის სარჩელის გამო, ზ. კ-იას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ზ. კ-იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ მ. ხ-ეს (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.80) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 6 დეკემბერს (იხ.შეტყობინების აქტი). ამასთან განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სხელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება, კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2017 წლის 6 დეკემბერს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა 2017 წლის 11 დეკემბერს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. კ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე